ოპოზიცია სტრასბურგისთვის ერთიანდება - რა შეუთვალა მარგველაშვილმა პატარა პარტიებს

12:48 03-12-2018
212

ქეთი ხატიაშვილი

დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შექმნის იმის ილუზიას, რომ გაერთიანება შეუძლია, შეეცდება, დაამტკიცოს, რომ, თუ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ვერ თანხმდება, სამაგიეროდ სტრასბურგის „ასაღებად“ სრული შემადგენლობით მობილიზებულია. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია (რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიის გარდა) დღეს ხელს მოაწერს სარჩელს, რომლითაც ისინი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების გაბათილებას მოითხოვენ. და თუმცა, ხელმოწერისა და ერთიანობის დაფიქსირების დრო და თარიღი უკვე ჩანიშნულია, წინა დღესაც კი გაგვიჭირდა, ზუსტად გაგვეგო, მაინც რაზე უნდა იდავოს ოპოზიციამ – გაყალბება უნდა გააპროტესტოს თუ სერიოზული ხარვეზების არსებობა? აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ერთი ტერმინიც მიუღებელია და მეორეც. ზუსტად არც ის იცოდნენ, განცხადებას ეწერებოდა ხელი თუ მხოლოდ სარჩელს (არ გამიკვირდება, ზოგიერთებისთვის ეს ერთი და იგივე რომ იყოს, შესაძლოა, ამიტომაც დაიბნენ).  

როგორც საბოლოოდ კახა კუკავამ განგვიმარტა:

„ხელი მოეწერება სარჩელს. სარჩელი იურიდიული ფორმისა და შინაარსისაა, შესაბამისად, იქ სიტყვა გაყალბება არ ეწერება, ჩვენ სტრასბურგისგან ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზების დაფიქსირებას ვითხოვთ“. 

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არც გაყალბებას ადასტურებენ და არც რაიმე სერიოზულ ხარვეზებს, რომელიც შედეგზე გავლენას მოახდენდა, სტრასბურგისკენ მაინც ყველა დაირაზმა – მათ შორის, ისინიც ვინც ადგილობრივ არჩევნებში ბარიერი გადალახეს და დღეს საკრებულოებში აგრძელებენ მუშაობას. 

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ოპოზიცია ილუზიონისტის პროფესიით უფროა დაკავებული, ვიდრე პოლიტიკის კეთებით. ნუ დავინახავთ ორიოდე ჯერ კიდევ სერიოზული პარტიის გვერდით ერთ ათეულ პატარა უსიცოცხლო პარტიას და მერე? რა შთაბეჭდილება უნდა დაგვრჩეს? სიამაყით უნდა ავივსოთ? რა მოლოდინები აქვს თავად ოპოზიციას?

 პატარა პარტიების ინტერესი გასაგებია – კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან მედიასაშუალებებით და ვინმეს, საკუთარი ოჯახის წევრებს მაინც კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ, რომ ხმები მათი პოლიტიკური გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. 

პრორუსული ორიენტაციის პარტიად ცნობილი ბურჯანაძე კიდევ ერთხელ შეეცდება, საკუთარი თავი პროდასავლურ ორბიტაზე დააფიქსიროს და თქვას, რომ წარსულში მისი გამინუსებაც და ხმებიც პუტინთან მისი ფარული, საეჭვო თუ მოღალატეობრივი კავშირების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იყო, რომელსაც ნაციონალები მის წინააღმდეგ დაუნდობელი ფორმებით აწარმოებდნენ.

რაც შეეხება ნაციონალებს, ეს მათთვის იქნება სასოწარკვეთილი მცდელობა, დაანახონ ამომრჩევლებს, რომ ხმები მათი დასუსტების შესახებ მხოლოდ სიცრუე და ფარსია და რომ სინამდვილეში ისინი ისევ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში დგანან, გავლენებიც აქვთ და ძალაც. 

„ევროპულ საქართველოს“ შესაძლოა, ერთადერთი ინტერესი ჰქონდეს, ამ კავშირში დაფიქსირებით მას სურს, იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ხმები მისი ხელისუფლებასთან გარიგებისა თუ მოსყიდვის შესახებ დიდი პოლიტიკური აფიორაა და რომ მასაც შეუძლია იდგეს ოპოზიციის გვერდით, იმიტომ რომ ამჯერად მხოლოდ იქ არის მისი ადგილი.    

ერთი სიტყვით, ყველას სურს, ამ ხელმოწერის უკან ვიღაცის მიერ მათ წინააღმდეგ აგორებული უსიამოვნო ხმები გადაფაროს. ილუზიის მთავარი „ტრიუკი“ მაყურებლის მოტყუებაა, ყურადღების ისეთ დეტალზე გადატანაა, რომელიც სულაც არ არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში კი ეს იმ დოკუმენტზე ხელმოწერაა, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნება. ხელმოწერამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა, მთავარს არავინ გვეტყვის:

ყველას ესმის, რომ სტრასბურგში ადგილობრივი არჩევნების გაბათილების ან მისი ყალბად გამოცხადების შანსი არ არსებობს. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველას აწყობს, დააფიქსიროს: ჩვენ კი ვიგებდით არჩევნებს, მაგრამ ხელისუფლებამ გაგვიყალბა და იმდენად დარწმუნებულნი ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლოშიც კი შეგვაქვს სარჩელიო. არჩევნები ზოგის გაგებით ტოტალურად გააყალბეს, ზოგის გაგებით კი მხოლოდ ხარვეზები დაუშვეს, რომელმაც შედეგზეც იმოქმედა. ყველას ესმის, რომ სტრასბურგმა შესაძლოა, სარჩელი განხილვაში მიიღოს თუმცა, პროცესი ოპოზიციის გამარჯვებით არ დასრულდება. მაგრამ ეს შეიძლება ცნობილი გახდეს წლების შემდეგ. შალვა ნათელაშვილის სარჩელი, მაგალითად, 4 წელი იდო სტრასბურგში. 1999 წლის სარჩელზე პასუხი შალიკოს უკვე ახალ საარჩევნო მარათონზე წამოეწია. 

მაგრამ ოპოზიციის ინტერესი ამ შემთხვევაში ილუზიის შექმნაა, რეალობა მათ ნაკლებად აინტერესებთ. 

მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ რომ ეს ნომერი ბევრჯერ ვნახეთ და უკვე მოგვბეზრდა? 

თანაც, გაერთიანება უკვე ელექტორატის კი არა, თავად ოპოზიციის პრობლემა ხდება – პარტიების გარდა, არჩევნებში შეიძლება მონაწილეობა „სხვამაც“ მიიღოს.  

ეს „სხვა“ კი თავის და თავისებურ ილუზორულ ნომრებს გვთავაზობს. გიორგი მარგველაშვილი ლიდერთა საბჭოს უთვლის, არ ვაპირებ პრეზიდენტობისთვის ბრძოლასო, თუმცა, თავის გარემოცვასთან ასეთივე დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში არ არის. ქართული პოლიტიკის ანბანი, როგორც ჩანს, მან კარგად აითვისა და იცის, რომ ქართულ პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამორიცხო. 

   გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ერთნაირად ელოდებიან როგორც პატარა, ისე ძირითადი მოთამაშეები. ალეკო ელისაშვილის შემდეგ გასაგები გახდა, რომ პარტიებისადმი ელექტორატის დამოკიდებულება უფრო ნეგატიურია, ვიდრე დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატებისადმი. ამიტომაც მარგველაშვილი მათი პირდაპირი კონკურენტია. სწორედ პრეზიდენტმა შეიძლება დაიკავოს მათი სივრცე და ახალ პოლიტიკურ პროცესს ბიძგი მისცეს.   

გია ხუხაშვილი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს მთავრობას და მმართველ პოლიტიკურ ძალას, ბიძინა ივანიშვილს კი აქებს, მარგველაშვილს სხვადასხვა ვითარებაში მრავალგზის გაჭრილი კარტებით თამაშს არ ურჩევს:

„ოპოზიცია შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. ერთი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევები, რომელთან თანამშრომლობაც პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება მისი წარსულიდან გამომდინარე. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ორი ნაწილი ერთმანეთთანაც დაპირისპირებულია. ოპოზიციის მეორე ნაწილი არის ე.წ. ნეიტრალიტეტის მომხრე, ანუ დასავლური ვექტორის მიმართ სკეპტიკურად მაყურებელი ნაწილი და მათთან თანამშრომლობა პრეზიდენტის მხრიდან გაუგებარი იქნება და აქაც პერსპექტივას ვერ ვხედავ. მესამე ნაწილი ოპოზიციის არის ნულოვანი პარტიები, რომლებიც, რაც არ უნდა შეკრიბო და დააჯგუფო, ნული 100-ზე რომ გაამრავლო, მაინც ნულია. მე არ ვიცი, პრეზიდენტი ვისთან თანამშრომლობით ფიქრობს შედეგის მიღებას. ეს გაუგებარია, რადგან ოპოზიცია ან დისკრედიტებულია, ან არასწორი ორიენტირების მქონე, ან წარსული დანაშაულით დატვირთული, ან მუდმივად წაგებით აღბეჭდილი. მე არ მესმის პრეზიდენტის ეს ინიციატივა რა პოლიტიკური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. პოლიტიკურ შედეგს ამ რიტორიკის უკან ვერ ვხედავ, რადგან ვერ ვხედავ იმ სეგმენტს, რომელმაც შესაძლოა, პრეზიდენტს რაიმე პლუსი მოუტანოს, ან პირიქით, პრეზიდენტმა შესძინოს რაიმე“.

ასე რომ, ქართულ პოლიტიკაში თავისებური ექსტრემი გრძელდება. დიდი არჩევნები ახლოვდება და ჯერ არავინ არაფერი იცის. ყველა მაინც მოლოდინისა და პოზიციების მოსინჯვის ეტაპზეა.