მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

ცენტრი „ემპათია“ ფატუ ბენსუდას ოფიციალურად მიმართავს და რუსეთ- საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოებას ითხოვს

19:43 03-09-2018
18

ააიპ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას ოფიციალურად მიმართავს და რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოებას ითხოვს, კერძოდ, 2008 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების თაობაზე, რაც ეხება საოკუპაციო ზოლის გარშემო მდებარე სოფლებიდან ადამიანთა გატაცებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, ადამიანთა მკვლელობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრ „ემპათიადან“ აცნობეს. 

ამავდროულად ცენტრი „ემპათია“ ყურადღებას ამახვილებს, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალდა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა კოდორის რეგიონის მოსახლეობაც, ასევე, ადგილი ჰქონდა ომის დროს სამხედრო დანაშაულებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონფლიქტის მიმდებარე ზონის გარეთაც. 

აღნიშნულ მიმართვაში, ცენტრი „ემპათია“, ასევე, განიხილავს როგორც მტკიცებულებას, შემდეგ შემთხვევებს ცენტრ „ემპათია“ -ს პრაქტიკიდან: 
„არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მოკვლის ფაქტი, არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრთა მიმართ ამ დრომდე გრძელდება, ვინაიდან ოჯახს არ ეძლევა საშუალება იგლოვოს მიცვალებული საკუთარი რელიგიური თუ კულტურული ტრადიციების შესაბამისად, ხოლო ექსპერტიზის მოტივით ცხედრის არ გადმოცემა, არ ჯდება არანაირი საჭიროების ჩარჩოში“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 

ამავდროულად, ცენტრი ამახვილებს ყურადღებას, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის გადაადგილების უკანონო შეზღუდვის ფაქტზე. 
აღნიშნულ მიმართვაში, ასევე, განხილულია სხვა შემთხვევებიც, კერძოდ, ნიკა საღინაშვილის საოკუპაციო ზოლიდან უგზო - უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევა, ამირან გუგუტიშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის, გამოსყიდვისა და წამების ფაქტები და სხვა შემთხვევები. 

ცენტრი „ემპათია“, აღნიშნული განცხადებით, ასევე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკურ მხარეს, ოკუპაციის შესახებ ინიცირებულ რეზოლუციის ტექსტში, აისახოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისთვის რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების თაობაზე, რაც გულისხმობს, როგორც გეოგრაფიული ჩარჩოს, ასევე დროის ჩარჩოს გაფართოებას.