ოპოზიცია ბოიკოტისთვის ემზადება, მარგველაშვილი - მეორე ტურისთვის

11:58 03-05-2018
46

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთ დროს თანამედროვე პოლიტიკასა და პოლიტიკაში თანამედროვე სტილს ქმნიდა. ახლა პარტია ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებშიც კი ვერ ახერხებს კანდიდატურის დაყენებას. პარტიისთვის, რომელმაც ოპოზიციაში გადანაცვლების რისკებს სათანადოდ უპასუხა, მოგვიანებით სააკაშვილი გახდა გადაულახავი გამოწვევა.

ახლა, ეს ერთ დროს თანამედროვე და დასავლური ღირებულებების მქონე პარტია, რეაქციული და აგრესიული გახდა. ვინ იფიქრებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე მხარს ბოიკოტს დაუჭერდა ან ქუჩის აქციების მომხრე იქნებოდა. და აქ საქმე ის კი არ არის, რომ ან ერთი ან მეორე პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად არ აღიქმება. მთელი ფოკუსი ის გახლავთ, რომ ამ აგრესიის უკან ნაციონალები საკუთარი სისუსტისა და ხშირად უსუსურობის დამალვას ცდილობენ.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში არჩევნები 28 აპრილს დაინიშნა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი კანდიდატი არ ჰყავს. საკუთარი სისუსტის დამალვას ის ოპოზიციის გაერთიანებით შეეცადა რომელიმე ერთი კანდიდატის ქოლგის ქვეშ. საკუთარ სისუსტეს ე.წ. პროდასავლური ძალების გაერთიანების აუცილებლობით ფარავდნენ, – ერთიანი ბრძოლის ფრონტი უნდა გავხსნათო. კულისებში ეძებდნენ ფიგურას, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნებოდა როგორც მათთვის, ისე ლიდერთა საბჭოსთვის. როგორც ჩანს, ისე გაუჭირდათ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შალვა ნათელაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად დასხდნენ – არადა ადრე მათ რუსეთის აგენტებად და ლამის პუტინის მონებად ასაღებდნენ. მაგრამ შეთანხმება არ ან ვერ შედგა, ახლა მოუწევთ, საკუთარი უსუსურობა შენიღბონ. ნიღაბი უკვე ნაპოვნია – კულისებში ბოიკოტის თემა განიხილება.  

    დავიწყოთ ერთიანი კანდიდატით. „პრაიმტაიმთან“ საუბარში გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ მისი კანდიდატურა შეთანხმებული არ ყოფილა: „მე არავისთან მივსულვარ ჩემი კანდიდატურის მხარდასაჭერად, უბრალოდ, ითქვა, რამდენად შეიძლებოდა, რომ მე წამომეყენებინა ჩემი კანდიდატურა. ჩემი პოზიცია ასეთი იყო: ან ყველა ვთანხმდებით ერთ კანდიდატზე, თუ არადა, ქაოსურად არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს“.

როგორც ამბობენ, ეშმაკები დეტალებშია, თუმცა, ამ ეშმაკების დევნა სრულიად უსარგებლო საქმეა – რამდენ პარტიასაც არ უნდა ესაუბრო, ერთი მთლიანი სურათის დანახვა ჭირს. რთულია, გაარკვიო, ვინ ვის ლობირებდა ან ბლოკავდა. 

თითქოს ჯერ კიდევ გუშინ კულისებში ვაშაძის ერთიან კანდიდატურაზე საუბრობდნენ, დღეს უკვე ბოიკოტის თემა დადგა დღის წესრიგში. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება არც ბოიკოტზე არსებობს, თუმცა, მის სასარგებლოდ „ოპოზიციამ“ უფრო მეტი არგუმენტი იპოვა, ვიდრე ვაშაძის სასარგებლოდ.

ითქვა, თითქოს ვაშაძის წინააღმდეგ ლიდერთა საბჭოში ნინო ბურჯანაძე გამოვიდა. „პრაიმტაიმთან“ საუბარში ბურჯანაძემ განმარტა: 

„არ არის ასე, რომ მე დავბლოკე გიორგი ვაშაძე, არავის არავინ დაუბლოკავს. აქ არ არის პიროვნებებზე საუბარი, უფრო გლობალურად განიხილება საკითხი, ვიდრე ერთი რომელიმე კანდიდატის დაბლოკვაა. ლიდერთა საბჭოში განხილვა უახლოეს დღეებში დასრულდება“.

როგორც ჩანს, ბურჯანაძეს ლიდერთა საბჭოში სერიოზული გავლენები აქვს და მის სიტყვას ანგარიშს უწევენ – ვაშაძე დაიბლოკა რაღაც უფრო „გლობალურის“ სასარგებლოდ. ეს გლობალური კი, როგორც ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა ბოიკოტი.

თუმცა, მთელ ამ ისტორიაში პარადოქსულია ნაციონალების ვაშაძის მიმართ დამოკიდებულება. მათი ლიდერი უკრაინაში, ერთი მხრივ, კორუმპირებულ და პუტინის ოლიგარქად მონათლულ პოროშენკოს ებრძვის, მისი პარტია კი საქართველოში მზად იყო, ამ კორუმპირებული ოლიგარქის მრჩევლისთვის მხარი დაეჭირა. გიორგი ვაშაძე დღემდე რჩება უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ის სიამაყით აცხადებდა, როგორი წარმატებით მუშაობს ის პოროშენკოს კაბინეტში სასამართლო რეფორმაზე. 

 ასეა თუ ისე, ვაშაძის კანდიდატურა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ახლა ბოიკოტის თემა განიხილება. ოპოზიცია თითს „ევროპული საქართველოსკენ“ იშვერს – იმათი ბრალია ყველაფერი, ერთიანი კანდიდატის ფორმატს არ დასთანხმდნენო. გიორგი ვაშაძემ მათ „ჩამშლელი ოპოზიცია“ უწოდა: „ევროპული საქართველო“ ჩამშლელი ოპოზიციაა და ხელისუფლების დავალებას ასრულებს“, – განაცხადა მან „პრაიმტაიმთან“ საუბარში. 

გიგი უგულავა პირველი იყო, ვინც კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ პირადი შუღლისა თუ ბოღმის გამო ნაციონალები კონსულტაციებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ახლა მათ ურჩევნიათ, თავისი ბოიკოტის იდეით სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები გამართონ. 

ახლა ისღა დარჩენიათ, კარგად შეფუთონ ბოიკოტის იდეა, თუკი საბოლოოდ სწორედ ამ ნაბიჯზე შეჯერდებიან. ბოიკოტისტებს ორი არგუმენტი აქვთ. პირველი პოლიტიკურია: საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველას ვაჩვენოთ, რომ გიგი უგულავა თავისი ევროპელებით ხელისუფლებასთან არის შეკრული და არჩევნებში მონაწილეობით ის ხელისუფლებას „აპრავებს“. მეორე ფინანსურია: საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფინანსური რესურსების დახარჯვა ისედაც წაგებულ პროცესში არ ღირს. 

პროცესი კი მართლაც წაგებულია. „ევროპული საქართველოს“ ძალა სინამდვილეში ხელისუფლება კი არა, აკაკი ბობოხიძეა. მას ამ ოლქში სერიოზული გავლენები აქვს. ეს ნაციონალებმაც ძალიან კარგად იციან, მაგრამ ღიად არასოდეს აღიარებენ. 

შუალედური არჩევნები გენერალურ რეპეტიციას უფრო ჰგავდა დიდი და სერიოზული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. და ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ოპოზიციას არათუ გაერთიანების, ერთმანეთთან დალაპარაკების ნერვებიც არ აქვს. სხვებისგან ერთმანეთის ღრენა-კბენას შეჩვეულები ვიყავით, აი, ნაციონალებმა და ევროპელებმა კი ახალი სანახაობა გამართეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თვითგანადგურების ნაღმზე სხედან და ვერაფერს გრძნობენ. ერთმანეთის ლანძღვასა და დაცინვაში კი ელექტორატს კარგავენ. ოპოზიციაში კრიზისია და გარკვეულწილად ესეც მათი გაყოფის გამო. 

ასეა თუ ისე, ევროპელები საპრეზიდენტო მარათონზე ისევ დავით ბაქრაძის დაყენებას აპირებენ. ნაციონალებს ისევ არ ჰყავთ კანდიდატურა, არასაპარლამენტო ოპოზიციას ჯერ ვერ გაურკვევია, ვინ ვის სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურას და მოხსნის თუ არა. პრეზიდენტი მარგველაშვილი კი ჯერ ისევ აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის, რა ქნას – მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში თუ არა.

ექსპერტებს ლამის ტოტალიზატორი აქვთ გახსნილი – ვინ ფსონს მისი პოლიტიკიდან წასვლაზე დებს და ვინ, პირიქით, კიდევ უფრო მეტად მოსვლაზე.    

როგორიც არ უნდა იყოს განწყობები, ექსპერტები მარგველაშვილის ერთსა და იმავე მოქმედებას სხვადასხვაგვარად კითხულობენ.

მაგალითად, მარგველაშვილმა ბევრი იყვირა და აკრიტიკა, ბევრი ირბინა და არბენინა, საბოლოოდ კი კონსტიტუციას ხელი მაინც მოაწერა. ექსპერტების ნაწილისთვის ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ მარგველაშვილი კულმინაციამდე ვერ მიდის და უკან იხევს. მას არც გამბედაობა ჰყოფნის პროცესის ბოლომდე გახსნისთვის და არც ლიდერობის თავი აქვს. სხვები კონსტიტუციის ხელმოწერას პრეზიდენტს „კარგ გემოვნებაში“ უთვლიან. კონსტიტუცია მოეწონა, ის ვენეციის კომისიამაც მოიწონა და თავისი ხელმოწერით ისტორიაში შევიდა. ასეა, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი აკრიტიკეს, ლანძღეს კონსტიტუციის გამო, პარლამენტს ვეტოს დაძლევაც კი მოუწია, ისტორიას კი მარგველაშვილის ხელმოწერა შემორჩება.  

ასეთივე მიდგომა ექნება მარგველაშვილს საპრეზიდენტო მარათონის მიმართ. დღეს მას ხან ირონიულად, ხანაც დამცინავად ახსენებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხმას 10 კაციც არ მისცემდა. მაშინ ივანიშვილმა პარტიაც აიძულა, მისთვის მხარი დაეჭირა. ამიტომაც, კონსტიტუციაზე ხელმოწერის არ იყოს, ის აქაც შეეცდება, ისტორიას ძლიერ ფიგურად შემორჩეს. იმ პრეზიდენტად კი არა, რომელიც კარდაკარ „ათრიეს“, რომ მისთვის ხმა მიეცათ, არამედ ძლიერ და ანგარიშგასაწევ ფიგურად. ამიტომაც, როგორც ასკვნიან, ის იბრძოლებს მეორე ტურისთვის.