ცნობილია ადგილები, სადაც 1 მაისიდან მოწევა იკრძალება

14:03 02-28-2018
44

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება. გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, მოწევა აიკრძალება: 

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა);  საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც.

სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მოწევა ასევე ნებარათული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.