რა ბედი ელით სტუდენტებს, რომელთა უნივერსიტეტებსაც აკრედიტაცია გაუუქმეს? – მოლაპარაკება დაწყებულია

11:36 02-26-2018
79

საქართველოს უნივერსიტეტებში 2018 წლიდან 1140-ზე მეტი სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია დაიწყო. შემოწმების შედეგებსა და შემდგომ აკრედიტაცია/ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე  იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას. უნივერსიტეტების პროგრამების ნაწილი აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე უკვე განიხილეს და გადაწყვეტილებაც გამოტანილია. თუმცა მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომელთა პროგრამასაც ავტორიზაცია არ მიანიჭეს. 

„პრაიმტაიმი“ 2018 წლიდან დღემდე აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაინტერესდა. გთავაზობთ იმ უნივერსიტეტებისა და პროგრამების სიას, რომელსაც აკრედიტაცია უკვე გაუუქმეს.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე 2018 წელს აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული 21 გადაწყვეტილებაა გამოქვეყნებული, რომელთაგან 5 აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ეხება, სამი უნივერსიტეტის კონკრეტული პროგრამისთვის პირობით აკრედიტაციას ერთი წლის ვადით და ერთი გადაწყვეტილება სკოლა თამარიონისთვის ავტორიზაციის გაუქმებას.

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 

 

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით GIPA-ს უარი ეთქვა საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე.

ტექნიკური უნივერსიტეტი

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კავკასიამცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, სეუს, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა. ასევე, აკრედიტაცია გაუუქმდა ამავე უნივერსიტეტის ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას.

პირობითი აკრედიტაცია ერთი წლის ვადით მიენიჭა შემდეგ უნივერსიტეტებს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას. შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას. ასევე, აკრედიტაციაზე უარი ეთქვა საზოგადოებრივ კოლეჯ „ლიდერს“. 

იმ სტუდენტების ზუსტი რაოდენობა, რომლებსაც აკრედიტაციის შეჩერების შემდეგ, სხვა უნივერსიტეტების ძებნა მოუწევთ, უცნობია, თუმცა ცნობილია ის პროცესები, რომელიც მათი პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები უკვე ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ორშაბათს გამოქვეყნდება იმ უნივერსიტეტების სია, რომლებიც მობილობით მიიღებენ აკრედიტაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ირწმუნება, რომ არც ერთი სტუდენტი უნივერსიტეტის გარეთ არ დარჩება. 

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ინიცირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რიგგარეშე მობილობით სარგებლობის უფლება სტუდენტებს ექნებათ არა მხოლოდ დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, არამედ, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმების დროს.

  შესაბამისად, სტუდენტები რიგგარეშე მობილობის გზით სწავლას გააგრძელებენ სხვა ავტორიზებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის აკრედიტირებულ პროგრამებზე“, – განგვიმარტეს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. 

აკრედიტაციების გარდა, უნივერსიტეტების ნაწილს ავტორიზაციაც შეუჩერდა. ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას აკრედიტაციის საბჭო იღებს, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებს, სამინისტროს წარდგინებით, 1 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება, საბჭოს დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოკიდებულება საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს ორგანოებისგან. 

 ბოლო ინფორმაციით,  აკრედიტაცია შეუჩერდა გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მონიტორინგი ძველი სტანდარტებით განხორციელდა.

„2018 წლის 22 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებაში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).

მოგახსენებთ, რომ ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, დარღვეულია საგანმანათლებლო პროგრამებთან და საგანმანათლებლო/მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტები. დეტალური ინფორმაცია დასკვნისა და ოქმის სახით გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

აქვე მოგახსენებთ, რომ დაწესებულებას უფლება აქვს, ისარგებლოს კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურებით.

სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ აღნიშნული დაწესებულების სტუდენტებისთვის. სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სურვილის შესაბამისად, გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ამასთანავე, ცენტრი მზად არის, გაუწიოს სტუდენტებს შესაბამისი კონსულტაცია მიმდინარე პროცესებთან და დაწესებულებებთან კომუნიკაციის დამყარებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, ავტორიზაცია გაუუქმდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“. 

ის სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებსაც ავტორიზაცია გაუუქმეს, მობილობის პრინციპით მათთვის სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილდებიან. განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

ავტორიზაცია ორ უნივერსიტეტს შეუჩერდა. ესენია თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემია“.

მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. სტუდენტ ნიკა ბენდელიანის თქმით, ისინი მოითხოვენ, მობილობით სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადანაწილდნენ, რადგან კერძო დახურვის რისკს შეიცავს.

„თუ ჩვენი უნივერსიტეტი დაიხურა იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს არც სტუდენტის განათლების მიღებას, არც იმ კრიტერიუმებს, რასაც სახელმწიფო ითხოვს, მოვითხოვთ, რომ გადაგვიყვანონ,  ჩვენი უნივერსიტეტის დონე რაც იყო, მაგაზე მაღალი დონის უნივერსიტეტში, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ. ჩვენ კერძო უნივერსიტეტებში გადასვლა არ გვინდა. საშიშროება არსებობს, რომ ხვალ კერძო უნივერსიტეტი დაიხურება და ყოველ წელს მოგვიწევს უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში მობილობით გადასვლა. სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ დახურვის საფრთხე, პროცენტულად“, – განაცხადა ნიკა ბენდელიანმა.

შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ სტუდენტების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეძლებენ გადასვლას. უფრო კონკრეტულად, სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას მობილობა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს.

როგორც სტუდენტებმა „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, მათ შეუნარჩუნდებათ ყველა საგნის კრედიტი. რაც შეეხება საფაკულტეტო  საგნების სწავლას, რომელიც ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური აქვს, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, სადაც სტუდენტები ამ საგნების გავლას შეძლებენ.

„ლექტორების სპეციალური ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სწრაფად გაგვატარებენ საგნებს, რომელიც გავლილი არ გვაქვს, შეიძლება ერთ სემესტრში ნორმაზე მეტი საგნის აღება მოგვიწიოს. მაქსიმალურად ეცდებიან ლექტორები და უნივერსიტეტი, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ სტუდენტმა თეონა კირვალიძემ.

„ჰიპოკრატეს“ სასწავლებელში უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. მათი განმარტებით, დაკმაყოფილდება უცხოელი სტუდენტების სურვილიც. ისინი გადავლენ იმ უნივერსიტეტებში, სადაც ე.წ. რუსული სექტორი ფუნქციონირებს. რჩება ერთი პრობლემა, უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უფრო მაღალია, ვიდრე „ჰიპოკრატეში“ იყო.

იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც ავტორიზაციის გაუქმების შედეგად დაიხურა, დაახლოებით, 800-მდე სტუდენტი სწავლობს. მობილობა სწავლის დაწყებამდე  მობილობის წესის შესაბამისად გამოცხადდება.