"ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სინათლე ნოდო იყო" - ინტერვიუ დოდო გუგეშაშვილთან

11:17 02-26-2018
840

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

სამი კვირა გავიდა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმიდან, თუმცა ჯერაც უცნობია, ვინ გაუსწორდა „მხედრიონის“ ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს და ვინ გამოასალმა სიცოცხლეს მისი ერთადერთი ვაჟი. 

„პრაიმტაიმის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც განხილული იყო თავდასხმის რამდენიმე ვერსია, მათ შორის ერთ-ერთი 2014 წელს დოდო გუგეშაშვილის უკრაინაში, კერძოდ, დონბასის საომარ მოქმედებებში მონაწილეობას უკავშირდებოდა. სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოც, სადაც გუგეშაშვილი იქ მყოფ ერთ-ერთ მებრძოლთან ერთად არის ასახული, სწორედ იმის საილუსტრაციოდ დაიბეჭდა, რომ ის ნამდვილად იბრძოდა დონბასში რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ, თუმცა ფოტომ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან ამავე სტატიაში საუბარი იყო იმაზეც, რომ თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან ერთად, სავარაუდოდ, ფოტო-სელფი გადაიღო. ცხადია, აქ არ იგულისხმებოდა 2014 წელს უკრაინაში გადაღებული ფოტო, რომელიც სტატიაში  გამოყენებული იყო მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ გუგეშაშვილი 2014 წელს უკრაინაში იბრძოდა. ეს, განმარტება მათთვის, ვინც სტატიის შინაარსიდან არასწორი დასკვნა გამოიტანა. 

ამჯერად კი გთავაზობთ ინტერვიუს თავად დოდო გუგეშაშვილთან, რომელიც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მკვლელმა ერთობლივი ფოტოს გადაღება მართლაც სთხოვა, თუმცა მან ამ თხოვნაზე უარი უთხრა. და თუ რატომ, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

დოდო გუგეშაშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი:

– მე წავიკითხე „პრაიმტაიმის“ წინა ნომერში გამოქვეყნებული თქვენი სტატია და პირველ გვერდზე გამოტანილი ფოტოთი ზოგს ნამდვილად შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ის პიროვნებაა მკვლელი, ვინც ჩემთან ერთად არის ამ ფოტოზე ასახული. ამან, ცხადია, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია ჩემს მეგობრებშიც. ამიტომ მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ იმ ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება არის ჩემი მეგობარი და მას არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს. გარდა ამისა, სტატიაში თავდასხმის ერთ-ერთ ვერსიად განხილული იყო ის, რომ მე რაღაც ტიპის უთანხმოება მქონდა უკრაინაში და ამიტომ დავტოვე დონბასი. რეალურად, მე იმ ვადით მივდიოდი ხოლმე უკრაინაში ჩემი მეგობრების დასახმარებლად საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიც იყო კანონით დადგენილი ყოველგვარი ვადების გაგრძელების გარეშე. ანუ სამ თვეზე მეტ ხანს არ შემეძლო იქ გაჩერება. როგორც კი შევაგროვებდი ორივე მიმართულების გზის ფულს, მივდიოდი და ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 1990-იანი წლების დასაწყისში 14 უკრაინელი ვაჟკაცი დაიღუპა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში. ქართველები ხომ არ ვართ ადამიანები, რომლებსაც ცალმხრივი მეგობრობა ახასიათებთ. სწორედ ამიტომ წავედი მე უკრაინაში. მით უმეტეს ჩვენ გვყავს საერთო მტერი და დღეს უკრაინა გადის იგივე უბედურებას, რომელიც ჩვენ გავიარეთ, თუმცა პროცესი ახლაც გრძელდება. ამხელა ტრაგედია ტრიალებს ჩემს თავს, მაგრამ ვფიქრობ, რაკი ეს თემა წამოიწია, პასუხი უნდა გამეცა. რაც შეეხება ჩემს პირად ტრაგედიას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შვილი მყავდა. ერთადერთი შვილი, რომელიც ხელიდან გამომაცალეს. მე არ მქონია ვარდებით გავლილი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების გზა სულ ეკლიანია. ერთადერთი, თუ რაიმე სინათლე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს გახლდათ ნოდო. ამ უბედურების ჟამს, სამწუხაროდ, მე მიწევს ჩემი მეგობრების დაცვა, რომ მათ არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვთ. 

– ქალბატონო დოდო, თავდამსხმელმა თქვენთან ფოტო მართლა გადაიღო?

– არანაირი სელფი არ ყოფილა. 

– თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მან სელფის გადაღება გთხოვათ, თითქოს თურქ ბიზნესმენთან გადასაგზავნად, რომელიც ვითომდა უკრაინაში ქარვის ქვების შესყიდვას აპირებდა...

– კი ბატონო, ეს სიმართლესთან არის ახლოს. მან ნამდვილად მთხოვა სელფის გადაღება. მე ვკითხე, რა საჭირო იყო ეს სელფი. მითხრა, უნდა გავუგზავნო ჩემს თურქ პარტნიორს, რომ ის დარწმუნდეს, რა ცნობილი ადამიანი ხარ და ნამდვილად შეგიძლია შენი კონტაქტებით მისი დახმარებაო. საუბარია უკრაინაში შეძენილი ქარვის ქვების აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე. ვიცი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს ომის დროს არის კერძო დაცვის სამსახურები, რომელიც შეგიძლია, დაიქირავო და ტვირთის თუ პიროვნების დაცვა ამ გზით უზრუნველყო. სწორედ ამ საკითხს ვაზუსტებდი ჩემს მეგობართან, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. ანუ ვარკვევდი, თუ იყო კიევში დაცვის კერძო სამსახური, რომელიც ამ პიროვნებას მაღაზიებში შეძენილი ნაკეთობების აეროპორტამდე ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა. მან მითხრა, რომ კი, არის ასეთი დაწესებულებები, რომლებთანაც ოფიციალურ ხელშეკრულებას აფორმებენ და საათობრივად შეგიძლია მათი მომსახურებით ისარგებლოო. 

– ეს საუბარი გქონდათ უკრაინაში მყოფ ყოფილ მხედრიონელ დათო შონიასთან ხომ?

– კი, ეს საუბარი ნამდვილად დათოსთან შედგა, მაგრამ ეს იყო ამ ჩემს ტრაგედიამდე ხუთი თვით ადრე. 

– და საბოლოოდ სელფის გადაღებაზე უარი უთხარით?

– რასაკვირველია. მე ვუთხარი, არაფერში არ მჭირდება ეს სელფი-მეთქი. ეს ყველაფერი ხდება ამ დონეზე და არანაირი სურვილი არ მაქვს საქმეში ჩემი ჩართვის-მეთქი. 

– და როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდებოდა მას თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება?

– აი, ეს უკვე სერიოზული თემაა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფოტო მკვლელობის შემკვეთისთვის უნდა გადაეგზავნა, თუმცა ამის ცალსახად დადასტურებაც გამიჭირდება. ვიცი, რომ გამოძიება დღე-ღამეში 30 საათს მუშაობს და ბევრი ვერსია მუშავდება. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად არ ვარ ჩართული გამოძიების მასალებში. 

– მართალია, რომ თქვენ რუსეთის „შავ სიაში“ ხართ შეყვანილი, როგორც წლების განმავლობაში მათ წინააღმდეგ მებრძოლი პირი, მათ შორის საქართველოში და უკრაინაშიც?

– ამას ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს კართოტეკა, რომელზეც საკმაოდ ბევრს მიუწვდება ხელი. სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტით დიდად არც ვინტერესდებოდი. როცა ჩემი სამშობლოს მტერი და ჩემი მეგობარი ქვეყნის მტერი ერთი და იგივეა, დიდად არ ვინტერესდები ამ მტრის ჩემდამი დამოკიდებულებით. საქართველო არ შევარდნია რუსეთს კრემლში არც 90-იანებში, არც 2008 წელს. და არც უკრაინა არ შევარდნია რუსეთს. 

– ქალბატონო დოდო, ფაქტია, რომ თქვენი შვილი არ იყო თავდასხმის მთავარი სამიზნე, რადგან, როგორც ცნობილია, თავდამსხმელი წინა დღესაც სტუმრობდა თქვენს საცხოვრებელ სახლს და მაშინ ნოდარი სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად, თუ მისი ლიკვიდაცია სურდა, გაცილებით ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა... არ მეთანხმებით?

– ამ ეტაპზე ჩემთვის შეუძლებელია რაიმეს დაზუსტებით თქმა, რადგან რამდენჯერმე ნოდო ნამდვილად იყო მარტო, როდესაც ეს არაადამიანი მეძებდა, და ასევე რამდენჯერმე მეც ვიყავი მარტო ამ ვითომ „ზურასთან“ პირისპირ. აქედან გამომდინარე, მიჭირს ვარაუდებზე საუბარი. 

– ვითომ „ზურა“ რატომ? ფიქრობთ, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის?

– ესეც არ ვიცი. 

– რამდენიმეთვიანი ურთიერთობის დროს არ დაინტერესდით, რომ მისთვის გვარი გეკითხათ?

– რასაკვირველია, ის მე მეტყოდა რაიმე მოგონილ გვარს. მან მთხოვა დახმარება ქარვის ქვების ტრანსპორტირებაში. ეს იყო და ეს. ზედმეტად აღარ დავინტერესებულვარ მისი პიროვნებით. მე რომ საერთო ბიზნესი მქონოდა დაგეგმილი, ან რაიმე მსგავსი, რა თქმა უნდა, მეტ დეტალს გადავამოწმებდი, მაგრამ ამ საქმეში ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე, რომ ცალკე შემესწავლა მისი ვინაობა. 

– ამ ხნის განმავლობაში 4-ჯერ თუ 5-ჯერ გქონდათ მასთან შეხვედრა... ძირითადად სად ხვდებოდით? შესაძლებელი იყო თუ არა სადმე კამერებს დაფიქსირებული ჰყოლოდა?

– ეს შეხვედრები იყო სხვადასხვა ადგილას, თუმცა დიდი ინტერვალით. პირველი საუბრის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და გამოჩნდა იგივე თემით, მერე ისევ გაქრა, ისევ გამოჩნდა... სიმართლე გითხრათ, ამის გამო ამ თემას სერიოზულადაც აღარ აღვიქვამდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი დრო იყო შეხვედრიდან შეხვედრამდე, ვერ გეტყვით, სადმე ვიდეოკამერას თუ ჰყავს დაფიქსირებული. ამიტომ ვერ ვხდები და ძალიან ძნელია, ამ ლაბირინთიდან გამოსავალი იპოვო. ის იმდენად უცნაური გარეგნობის იყო, არაფრით გამოირჩეოდა და რთულია მისი დამახსოვრება. 

– წარმომავლობით რომელი კუთხიდან იყო?..

– ერთი ვიცი და კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მეგრელი ყოფილიყო. მას არ ჰქონია მცირე აქცენტიც კი. სხვათა შორის, არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც ცდილობენ ეს ჩემი უბედურება 90-იან წლებს დაუკავშირონ და ჭრილობები გააღვივონ, მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მომხდარი იმ მოვლენებს ნამდვილად არ უკავშირდება. სიმართლე გითხრათ, ვერც რუსულ კვალში ვხედავ ლოგიკას, რადგან მე არ გახლავართ გაერთიანებული ჯარების სარდალი, ან იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ამ გზით მომხდარიყო ჩემზე ანგარიშსწორება. არც ოფიციალური პირი ვარ, არც ბატალიონის მეთაური, ან კონტრაქტორი. 

– და იქნებ მართლაც ქარვის ბიზნესს უკავშირდება მომხდარი?.. რატომ გამორიცხავთ, რომ ეს პიროვნება მართლაც იყო თურქი ბიზნესმენის შუამავალი და გარკვეული პრობლემები შეექმნა მასთან, თქვენ კი, როგორც მოწმე, მის გეგმაში არ ჯდებოდით?.. ეს ვერსია თუ განიხილება?

– ლოგიკურია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემსა და მას შორის, ლაი-ლაის გარდა, რეალურად არც არანაირი საუბარი არ ყოფილა. რატომ შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი იმდენად მნიშვნელოვანი მოწმე, რომ ჩემი ლიკვიდაცია გამხდარიყო საჭირო?! არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ის საქმე არც კი დაწყებულა. ის თურქი საბოლოოდ ხომ იტყოდა, – აბა, წავედით და შევიძინოთ ქარვის ნაკეთობებიო. მერე რა ხდება? არ ვიცი...

– თქვენი და ნოდარის გარდა, ამ პიროვნებასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია, თუნდაც დანახვის დონეზე?

– არა, რადგან მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის მნახულობდა. ასე მოულოდნელად გამოჩნდებოდა ხოლმე. თავიდან ის ჩემთან შემოვიდა კონტაქტში და ახსენა ჩემი მეგობრების სახელი, რომელთან ერთადაც მე წლები მაქვს გატარებული სანგარში და წინა ხაზზე. ასეთივე წარმატებით მას შეეძლო ეხსენებინა ნებისმიერი სხვა ვეტერანის სახელი. ისინიც გაოგნებულები არიან. მე ჩემს ვეტერანებს სრულად ვენდობი. შესაძლოა, ინტერნეტში მოძებნა რომელიმე მათგანის სახელი და ასე სცადა ჩემთან ნდობაში შემოსვლა. სამწუხაროდ, მე ეს არც გადამიმოწმებია, იმდენად არასერიოზული ჩანდა ყველაფერი. ფაქტია, რომ მკვლელს, ან მის ზურგს უკან მყოფ ადამიანებს სურდათ ჩემი ოჯახის ამოწყვეტა და მოახერხეს კიდეც – ერთადერთი შვილი მომიკლეს. ამის მიუხედავად, მე მჯერა, რომ გამოძიება მკვლელს იპოვის და ეს საქმე  გაიხსნება.