GIPA-ს დეკანი: დირექტივასთან გვაქვს საქმე, შემცირდენ უნივერსიტეტები

13:34 02-21-2018
75

დღეს, აკრედიაცია/ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე GIPA-ს ორი სასწავლო პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების საკითხს განიხილავენ. კერძოდ, საკითხი ეხება სამართლის საბაკალავრო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამას.

 GIPA-ს სამართლის საბაკალავრო მიმართულების დეკანი ბაკურ კვაშილაძე "პრაიმტაიმთან" საუბრისას არ ეთანხმება დასკვნას, რომელიც პროგრამის შეფასებისას დაიდო. ბაკურ კვაშილაძის თქმით, ინსტიტუტი თავის სიმართლეს დაამტკიცებს, თუმცა რამდენად გაითვალისწინებს აკრედიტაციის საბჭო მათ პოზიციას არ იცის.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ, მაგრამ არ ვიცი აკრედიტაციის საბჭო მოისმენს თუ არა ამ სიმართლეს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ მართლები ვართ ყველანაირი გაგებით, ამის დამტკიცებას შევძლებთ და ასევე საზოგადოებასაც ვაჩვენებთ თუ რაზე იყო საუბარი“,- განუცხადა "პრაიმტაიმს" ბაკურ კვაშილავამ.

მისი თქმით, დასკვნა, რომელიც სამართლის საბაკალავრო პროგრამის შესახებ დაიდო აბსურდულია და ბევრ უზუსტობას შეიცავს.

„ეს დასკვნა იყოფა რამდენიმე ნაწილად, პირველი არის აბსურდი, მეორე ტყუილი და მესამე ფორმალიზმი და ამის საფუძველზე ნათქვამია , რომ შინაარსობრივად პროგრამა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ჩვენი პროგრამა არამცთუ შესაბამისია მოთხოვნებთან, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.ფორმალური მხარე როგორია იცით?სათაური რატომ წერია სილაბუსში ასე და პროგრამაში სხვანაირად. ეს არის ფორმალური მხარე და ამის გამო თურმე სტუდენტი ცოდნას ვერ იღებს. ასეთი შენიშვნა 56 საგნიდან 3-ზეა დასმული და წერია ,,მაგალითად", იმის მაგივრად რომ ეწეროს „კერძოდ ამ საგანში“ და ეს გავრცელებულია შემდეგ 56 საგანზე. სილაბუსში დაშვებული ტექნიკური შეცდომები, მოყვანილია 4 სხვადასხვა კომპონენტში. საგნებთან არანაირი შინაარსობრივი პრობლემა არ არსებობს. სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა გასაუბრების დროს ნათლად აჩვენეს, რომ ჯიპა იძლევა იმ უნარჩვევებს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დასაქმდნენ. დასკვნაში წერია პირიქით, რომ თითქოს სტუდენტებმა საპირისპირო უთხრეს",- განმარტავს ბაკურ კვაშილავა.

სამართლის მიმართულების დეკანი იმ პირების კომპეტენციას აყენებს ეჭვქვეშ, რომლებნაც პროგრამის შესახებ დასკვნა მოამზადეს.

„ ჯერჯერობით, მე ვხედავ, რომ ეს ხალხი არის გამოუცდელი, ეს არის მათი მხრიდან თავის გამოჩენის სურვილი. მათ შეხება არ აქვთ განათლების ხარისხის ამაღლებასთან, ეს ჩემთვის ცხადია.
შევხვდით, ველაპარაკეთ, დასკვნა როდესაც ვერბალურად მოგვახსენეს იყო 90%- ით განსხვავებული, იმისგან რაც წარმოგვიდგინეს წერილობით“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ის მიმდინარე პროცესებს უკავშირებს ხელისუფლების მიზანს, შემცირდეს უნივერსიტეტები.

,,ჩვენ გადავწვიტეთ, რომ ამ პროცესში „ჯიპა“ იყოს ჩართული და ამ პროცესს გაუწიოს მონიტორინგი, იმიტომ რომ აქ შეიძლება ტენდენციები არასწორი მიმართულებით წავიდეს. ასეთი რაღაცეები თუ განმეორდა, ე.ი. დირექტივასთან გვაქვს საქმე, შემცირდეს უნივერსიტეტები. ახალგაზრდები, კარიერას მოწადინებული ადამიანები, იაზრებენ ისე, რომ ასე უნდა მოიქცნენ და დაუფასდებათ. ჯერ-ჯერობით აქეთ მივდივართ“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით  GIPA-ს უკვე უარი ეთქვა საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე.

ავტორი: სალომე ჩადუნელი