პატიმარი, რომელმაც საკანში თვითმკვლელობა სცადა, ყოფილ მეუღლეს შანტაჟში ადანაშაულებს - ზარი ციხიდან

11:31 02-19-2018
636

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. 7 თებერვალს ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში გრიგოლ ბაკურაძე საკანში ზეწრით ჩამოკიდებული იპოვეს, თუმცა დროული რეაგირების წყალობით ის სიკვდილს გადაურჩა. 

ბაკურაძე ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან „პრაიმტაიმს“ თავად დაუკავშირდა და შეეცადა, აეხსნა, რამ მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე და ზოგადად, რატომ აღმოჩნდა ის საპატიმროში. პატიმარი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლისა და მისი ოჯახის პროვოკაციის მსხვერპლია. უფრო მეტიც, გრიგოლ ბაკურაძის თქმით, ყოფილი მეუღლე დეა გოშხეთელიანი მას პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებით აშანტაჟებდა.

გრიგოლ ბაკურაძე, პატიმარი:

– დეა გოშხეთელიანის აღვირახსნილი ქმედებები გახდა ჩემი ციხეში ყოფნის მიზეზი. ჩემი არანაირი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ, პრაქტიკულად ითხოვდნენ ჩემს ლინჩის წესით გასამართლებას. და ეს ყველაფერი იმ პროვოკაციის გამო, რაც მე მომიწყვეს. 

– უშუალოდ საქმეზე რას გვეტყვით?

– მე თვითონ ვარ შანტაჟისა და ძალადობის მსხვერპლი. 

– რას გულისხმობთ?

– პირადი ცხოვრების ამსახველი მიმოწერით მაშანტაჟებდა. სახლში ბავშვის წამოსაყვანად მივედი და ეს სპექტაკლი მომიწყვეს. მაქვს მტკიცებულება, რომ ხელი პირველად მათ დამარტყეს და დღეს ეს ადამიანები მსხვერპლის როლში გამოდიან, თითქოს მე ვიყავი მოძალადე. მეუბნებოდნენ, რომ ჩემს პირად ცხოვრებას გაასაჯაროებდნენ, თითქოს ჩემი სექსუალური მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. 

– თუკი შანტაჟის მსხვერპლი იყავით, სამართალდამცველებს რატომ არ მიმართეთ? 

– ახლა თქვენი მეშვეობითაც ოფიციალურად მივმართავ გამოძიებას. აქამდე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდი. ჩემი შვილი ყველაფერს მირჩევნია და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ შანტაჟს ვიტანდი, სწორედ ეს იყო. ახლა კი, როცა ციხეში აქეთ მე გამომამწყვდიეს, გაჩუმებას აღარ ვაპირებ. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ჩემ მიმართ განხორციელებული შანტაჟისა და პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარის ფაქტზე. 

– რით ადასტურებთ ამას?

– არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო მიმოწერა, სადაც ეს ადამიანი პირდაპირ მემუქრება, თუ არ გადავუფორმებდი სახლს, გაასაჯაროებდა ჩემი პირადი ცხოვრების და, ასევე, ბიზნესის დეტალებს, რაც თავისთავად კომერციულ საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული. მან გამომიგზავნა მეგობართან მიმოწერა, სადაც განიხილავდა ჩემს სექსუალურ შესაძლებლობებს და ერთად ხალისობდნენ ამით. მეუბნებოდა, თუ ქონებას არ გადმომიფორმებ, ამ ყველაფერს გავასაჯაროებო. და დღეს ეს პროვოკატორი გამოიყვანეს მსხვერპლად და მე მოძალადედ.

– თუმცა ფაქტია, რომ მას გარკვეული დაზიანებები ნამდვილად აქვს მიყენებული...

– მე მივედი და პირველივე წუთებში მათგან წამოვიდა შეურაცხყოფა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. ამაში მონაწილეობდნენ თავად დეა გოშხეთელიანი და მამამისი. ის, რომ ადამიანმა თავი დაიცვას, ეს ძალადობად როგორ შეიძლება შეფასდეს. არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ პირველად სწორედ ისინი დამესხნენ თავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაქვს მტკიცებულებები, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა შანტაჟი და მუქარა, ამიტომაც მოვითხოვ ამ ქალბატონის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. ჩემს წინააღმდეგ ე.წ. კომპრომატები დიდი ხანია გროვდებოდა და ამ ბინძური მეთოდით ცდილობდა ჩემთვის ქონების გამოძალვას. 

ბრალდებულის ადვოკატი ლედი ტუკვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად არის მსხვერპლი და არა მოძალადე. 

„რეალურად ეს დავა უკავშირდება ქონების ხელში ჩაგდებას, რის გამოც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამუდმებით იყო შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი. ჩვენ საქმე გვაქვს კარგად დადგმულ სცენასთან, რითიც ეს ქალი მსხვერპლად უნდა წარმოჩენილიყო. გრიგოლი მუშაობს რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, მათ შორის უცხოურ კომპანიებში. მიდიოდა შანტაჟი, როგორც ოჯახური თანაცხოვრების, ისე ბიზნესსაქმიანობის დეტალების გასაჯაროების მხრივ, რაც თავისთავად ხელს შეუშლიდა კონკრეტულ საქმეს. ეს იყო კარგად მოფიქრებული გეგმა გრიგოლ ბაკურაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანი არის რეალურად მსხვერპლი და არა მოძალადე. თუკი ამ ქვეყანაში არსებობს რაიმე სამართალი, ყველა ლოგიკით ის უნდა გაათავისუფლონ და უდანაშაულოდ ცნონ. ასევე, უნდა დაიწყოს გამოძიება მის მიმართ განხორციელებული შანტაჟისა და მუქარის ფაქტზე. არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს, მათ შორის სატელეფონო მიმოწერები, მოწმეები და ა.შ.“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი ლედი ტუკვაძე. 

მისივე თქმით, „ე.წ. დაზარალებულებს მსუბუქი დაზიანება აქვთ მიყენებული და გაცილებით მძიმე იყო გრიგოლ ბაკურაძის მდგომარეობა“. 

 

 „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად დეა გოშხეთელიანი, თუმცა არც თავად უარყოფს, რომ ყოფილ მეუღლეს პირადი ცხოვრების ამსახველი მიმოწერა ნამდვილად გადაუგზავნა. 

– ქალბატონო დეა, თქვენი ყოფილი მეუღლე ციხიდან დაგვიკავშირდა და ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა შანტაჟსა და პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარას?

– არანაირი შანტაჟი ჩემი მხრიდან არ ყოფილა. არც მუქარის შემცველი სმს-ები გამიგზავნია მისთვის. პირიქით, ის აქეთ ეხებოდა ჩემს პირად ცხოვრებას, რეპუტაციასა და ღირსებას. მეუბნებოდა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომელსაც დამიდებდა, როცა საჭირო იქნებოდა. 

– და განიხილავდით თუ არა მის პირად, სექსუალურ ცხოვრებას თქვენს მეგობრებთან?

– მე განვიხილავდი ჩემს პირად ცხოვრებას ჩემს მეგობართან, ეს რამე დანაშაულია?!

– გრიგოლ ბაკურაძეს დამცინავ სმს-ებს თუ უგზავნიდით? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ის თქვენი მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც საუბრობს...

– დამცინავს რაც შეეხება, გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს საკითხს. შეფასების საგანია. 

– თუმცა, როგორ ვიცი, ყოფილ მეუღლეს გადაუგზავნეთ სმს-მიმოწერა და იქვე უთხარით, რომ, – აი, ასე დაგცინიან და ღადაობენ ჩემი მეგობრებიო... ასეა?

– დიახ. ამას არც უარვყოფ. ის, რომ სიტყვით ვერ მომერია და ხელით შემეხო, გამართლება არაა. ძალადობას და ხელით შეხებას არანაირი გამართლება არ აქვს. თუ ფიქრობს, რომ თავად იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიემართა. 

– ის ამბობს, რომ ეს შვილის გამო არ გააკეთა...

– ანუ გამოდის, რომ შვილის გამო სამართალდამცველებს არ მიმართა და იმავე შვილის თვალწინ ფიზიკურად გამისწორდა. მას შეეძლო ცივილიზებული გზით წასულიყო და თუ მე რამეში მადანაშაულებდა, სამართალდამცველებთან გაერკვია. 

– ამაში გეთანხმებით, მაგრამ მაინტერესებს, არის თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც ყოფილ მეუღლეს უგზავნით სმს-ებს, სადაც დამცინავ კონტექსტში საუბარია მის სექსუალურ ცხოვრებაზე?

– არანაირი ძალადობა ეს არ არის. ამას წინ უძღოდა მისი მოწერილი სმს-ები, რითიც ჩემს პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფდა. ეს გრძელდებოდა მთელი შვიდი თვის განმავლობაში. შემაკავებელი ორდერიც კი იყო გამოწერილი. 

„პრაიმტაიმი“ შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 3 იანვარს მოხდა. გოშხეთელიანების სახლში პოლიცია გამოიძახეს და განაცხადეს, რომ ოჯახს დეა გოშხეთელიანის ყოფილი მეუღლე დაესხა თავს. 

„3 იანვარს სახლში მოგვივარდა და მე და მამაჩემს ფიზიკურად გაგვისწორდა. მამაჩემი ისეთი ნაცემია, რომ ცხვირის ოპერაცია სჭირდება. იმ დღესვე საჩივარი დავწერე, თუმცა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, თავი დაცულად ვიგრძნო. რა გარანტია მაქვს, რომ გათავისუფლების შემდეგ, კიდევ არ შემომივარდება?!“ – განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მეორე ინსტანციამ გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას განქორწინებამდეც აყენებდა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემზე ძალადობს. მას აქვს იარაღის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ავტომატი და მოვითხოვ მის დასჯას კანონის სრული ძალით, რათა მე და ჩემმა შვილმა შიშის გარეშე ცხოვრება შევძლოთ“, – განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილია დეა გოშხეთელიანსა და გრიგოლ ბაკურაძეს შორის სმს-მიმოწერა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ მისი გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებთ. აღნიშნულ მიმოწერას, მტკიცებულების სახით, სავარაუდოდ, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლევენ.