გიორგი მარგველაშვილი - პოლონეთში სააკაშვილის დეპორტაცია საქართველოსთვის არც ცუდია და არც კარგი

23:03 02-14-2018
28

მიხეილ სააკაშვილის გადაადგილება საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს არ ცვლის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.  მისი თქმით, უკრაინიდან პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია „საქართველოსთვის არც ცუდია და არც კარგი. ამ ეპიზოდს არა აქვს მნიშვნელობა მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებისთვის“. 

რაც შეეხება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ სამართლებრივ პროცესებს, კერძოდ, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ „გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი არანაირ კავშირში არაა იმასთან, მიხეილ სააკაშვილი სად იქნება, უკრაინაში თუ პოლონეთში“. 

მარგველაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მუდმივად ცდილობს სააკაშვილთან მოქმედი პრეზიდენტის დაკავშირებას. „ახალი იმაში, რომ „ქართული ოცნების“ პიარის შემადგენელი ბოლო 4 წლის განმავლობაში, მას მერე, რაც მე სირთულე გამიჩნდა საკუთარი პრინციპების დათმობასთან, იმის მერე, რაც მე ვარ ხან „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილე, ხან შეთქმულებაში სააკაშვილთან, ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მხილებული, ამას ხომ 4 წელია მუდმივად ვისმენთ და მუდმივად ტირაჟირებს

არავის არც ერთ მომენტში არ ეყო ვაჟკაცობა ეთქვა, რომ რასაც მე გაბრალებდით სრულიად უდანაშაულოს, სიმართლე არ არის. მარგველაშვილი რადგან არ „გვიპრავებს“ ყველაფერს, ე.ი. ის არის საკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული. ეს ძალიან ძველი კლიშეა. მაგრამ აქ მე „ქართული ოცნების“ პიარ პიკებზე და პიარ შესაძლებლობებზე საკამათო არაფერი მაქვს. „ქართული ოცნების“ პიარშესაძლებლობები ყველასთვის ცნობილია. აქ სხვა რამეზეა საუბარი, სხვა ადამიანებმაც გამოთქვეს, კი მაგრამ, თუ დამნაშავეა, რა მნიშვნელობა აქვს რა მუხლით გაასამართლებენ?! ეს ისმოდა არაერთი ადამიანის მიერ. მინდა გითხრათ, ამას მნიშვნელობა აქვს. რა მუხლით გაასამართლებ ყოფილ პრეზიდენტს, ამას მნიშვნელობა აქვს და ამას უყურებს ბევრი. ამას მნიშვნელობა აქვს სამართლისთვის და საქართველოს საგარეო იმიჯისთვის. თუ არ იცი, რას ნიშნავს ამ მუხლით გასამართლება და მაინცდამაინც გინდა ამ თემაზე აზრი გქონდეს, გადაშალე იურისპრუდენციის ანა-ბანა სამართლებრივი სახელმწიფოსი, გადაშალე წიგნი. პირველივე ნაწილი გეტყვის იმის თაობაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს იმ მუხლით გასამართლებული, რა მუხლითაც ჩაიდინა დანაშაული. მიამიტურ მდგომარეობაში ყოფნა, რომ რა მნიშვნელობა აქვს რა დანაშაულისთვის გაასამართლებენ - ეს არის ჩვენი სამართლებრივი მომავლისთვის სერიოზული პრობლემა. ეს ეხება მოქალაქესაც, ექსპერტსაც და რატომ - თუ ვინმემ მოახერხა და პრეზიდენტი გაასამართლა არა იმ მუხლით რა მუხლითაც უნდა გასამართლდეს, თითოეულ თქვენგანს ემუქრება ზუსტად იგივე. თუ დასაშვებია სხვა მუხლით გასამართლება, ეს არ დამთავრდება სააკაშვილის გასამართლებით, ეს იქნება ყველა მოქალაქის პრობლემა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.