​ირაკლი კობახიძე: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

21:01 02-14-2018
11

„საქართველოში სპორტის განვითარებას პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლაგოდეხში, ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  რეგიონების განვითარება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონების განვითარება, რეგიონების განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტის განვითარება. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და მოხარული ვართ, რომ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ლაგოდეხში, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს ლაგოდეხის წინსვლას, განვითარებას, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში იმას, რომ მათ უკეთ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ ლაგოდეხელს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ბუნებრივია, პარლამენტის მხრიდან,  საქართველოში სპორტის განვითარებას, ფეხბურთის განვითარებას აქვს სრული მხარდაჭერა და ასეთი პროექტები კიდევ  ბევრი უნდა განხორციელდეს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

დამსწრეებს მიმართა პარლამენტის წევრმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას აკადემიის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დასწრება ადასტურებს.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ვინაიდან საფუძველი ჩაეყრება ფეხბურთის ფედერაციის მორიგ აკადემიას ლაგოდეხში. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აკადემია ნოდარ ახალკაცის სახელს ატარებს, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი სტადიონის დაარსებას და ჩვენ მისი საქმე გავაგრძელეთ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ძალიან გვიხარია, რომ იხსნება კომპლექსი, სადაც ორი სხვადასხვა ასაკის ბავშვები ივარჯიშებენ. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ხელისუფლების მხარდაჭერას, რასაც ადასტურებს ისიც, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე",- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკადემიის გახსნისთვის, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ლაგოდეხში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის არსებობა ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის და ადგილობრივებს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

დამსწრეებს მიმართა და საფეხბურთო აკადემიას წარმატებები უსურვა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მედიის წარმომადგენლებმა ტექნიკური ცენტრი დაათვალიერეს.

სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალში 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი ივარჯიშებს. მომავალში, ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე, სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.