გაიცანით ქართველი ემიგრანტი, რომელმაც იტალიის ქ. ბარიში ქართული საკვირაო სკოლა დააფუძნა - ემიგრანტის დღიურები

19:26 02-14-2018
1450

საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი იტალიიდან ნინა რურუა, რომელმაც ემიგრანტის სტატუსის ტარება თავისი ნებით აირჩია. ნინა 7 წელია იტალია იმყოფება, პროფესიით იურისტია, ეხმარება ქართველ ემიგრანტებს და რაც ყველაზე მთავარია არის ქ. ბარიში ქართული საკვირაო სკოლის "აისი" დამფუძნებელი. 

 - მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ და რა მიზეზით წახვედით საზღვარგარეთ?
-  პროფესიით იურისტი გახლავართ და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ პროფესიას ვემსახურები. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ვიზრდებოდი საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში, დედა პროფესიით ინჟინერი გახლავთ . ჩემს აღზრდა-განათლებაში დედაჩემის ძმას ანუ ჩემს ერთადერთ ბიძას, პოლიციის დამსახურებულ პოლკოვნიკს მერაბ კობაიძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მათგან ვისწავლე, რომ ყველაზე ღირებული ცხოვრებაში ის იყო რომ სწავლისთვის დამეთმო მეტი დრო. ბავშვობიდან ჩემი ერთგული მეგობრები წიგნები იყვნენ. მთელ თავისუფალ დროს კითხვას ვანდომებდი. ალბათ განსხვავებული ბავშვი ვიყავი, რადგან დროის უდიდეს ნაწილს სახლში ვატარებდი და ვცდილობდი ახალი რაღაცეები მესწავლა. მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. ბედნიერი ვარ უფალმა ეს ყველაზე დიდი ჯილდო ანუ დედობის უფლება, რომ მარგუნა. ემიგრაციაში თითქმის 7 წელია იტალიაში ვიმყოფები, თუმცა აქ წამოსვლა და ემიგრანტის სტატუსის ტარება ჩემთვის იძულება არ ყოფილა. ეს უფრო პირადი თემაა და იშვიათად ვსაუბრობ. აქ წამოსვლაში არავინ დამხმარებია, ეს ჩემი კეთილი ნება იყო. უბრალოდ, დავძენ რომ მამინაცვალი  იტალიელი მყავს და მან ძალიან შემიწყო ხელი თავის აქ დამკვიდრებაში. 

 - რას საქმიანობთ, როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი და გაგიმართლათ თუ არა იმედებმა?
- პროფესიით იურისტი ვარ, საკმაოდ დიდი სტაჟი. იტალიაში ვარ ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც დაფუძნებულია და ორიენტირებული ემიგრანტთა ინტეგრაციის პროცესებზე. აგრეთვე, ვარ იტალიის სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული თარჯიმანი და ქალაქ ბარის სასამართლოს მიერ ავტორიზებული მედიატორი. მე სიამაყით ვიტყვი, რომ აქ ქალაქ ბარიში ამა წლის 10 თებერვალს დავაფუძნე ქართული საკვირაო სკოლა „აისი", რაც ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და მის დირექტორს ბატონ რატი ბრეგაძეს, რომ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინა და საქართველოდან ჩამოვიდა სკოლის გახსნის ინაუგურაციაზე. განსაკუთრებული მადლობა ორ არაჩვეულებრივ ადამიანს, საქართველოს კონსულს ქალბატონ თამთა რჩეულიშვილს და ვიცე-კონსულს ქალბატონ სოფიკო ქოჩქიანს. შემიძლია ვთქვა, რომ მათ უდიდესი სტიმული მომცეს ეს ფრიად მნიშვნელოვანი საქმე ბოლომდე მიმეყვანა. ასევე, უდიდესი მადლობა ქალბატონ ალიონა ჩხოტუას და ირმა კაველიძეს თანადგომისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან მომავალი ქართველების აღზრდაში ჩვენ შევიტანთ წვლილს. მე ნამდვილად გამიმართლა, რადგან საკმაოდ კარგად მოვახერხე ინტეგრირება. ზოგადად,  ვიტყვი რომ როდესაც სურვილი გაქვს რაღაც აკეთო და ამაში მთელ მონდომებას დებ აუცილებლად გამოგივა. აგრეთვე, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს იტალიელ მეგობრებს,რადგან მათი მხრიდან თანადგომა ნამდვილად დიდია. ბედნიერი ვარ რომ აქაც ამ უცხო მხარეშიც ქართულ საქმეს ვემსახურები.

 - რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?
- ჩემს ყველაზე დიდი მიღწევად საკვირაო სკოლის გახსნას ჩავთვლი, რომელიც ძალიან სჭირდებოდათ ემიგრაციაში მყოფ პატარა ქართველებს. 

- რომელი საქმე არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი?
- ნებისმიერი საქმე თუ ხარ პროფესიონალი საკმაოდ ანაზღარებადია.

 - ყველაზე ხშირად ქართველი ემიგრანტები დასახმარებლად რა საკითხებით მოგმართავენ?
-  ყველაზე მეტად დღესდღეობით არალეგალური ემიგრაციის პრობლემა დგას. თითეული ემიგრანტის პრობლება განსხვავებულია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ 

- აპირებთ თუ არა მომავალში საქართველოში დაბრუნებას?
​ძნელია ამაზე პასუხის გაცემა .. იმედია დავბრუნდები...

- რას უსურვებთ ქართველ ემიგრანტებს?
- ​გამძლეობას და მალე დაბრუნებას საკუთრ სამშობლოში

 

ავტორი: თეონა აბესაძე