თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს აბსოლუტურად სხვა საკითხების გამო მოუწია წასვლა- ირაკლი ხმალაძე

13:12 02-14-2018
42

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის გადაცდომებს არ უკავშირდება. 

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

"არანაირად არ უკავშირდება ამ საქმეებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება. გივის აბსოლუტურად სხვა საკითხების გამო მოუწია სამსახურიდან წასვლა. ეს ამ საკითხებთან კავშირში არ არის. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ჯერჯერობით ვაკანტურია და მიმდინარეობს კონსულტაციები“, - განაცხადა ხმალაძემ. 

რაც შეეხება იმას, რომ მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებს თითო თანამშრომელი ტოვებს, ხმალაძე თანამშრომელთა ვინაობას არ ასახელებს. 

„ნამდვილად ვერ დავასახელებ ამ ადამიანების ვინაობას, ვინც თანამდებობას დატოვებს. ერთადერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ტყუილად არ ვაფრთხილებთ ჩვენს თანამშრომლებს, რომ გადაცდომებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არც ერთი გადაცდომა ჩვენს მიერ პასუხგაუცემელი არ დარჩება. დეტალებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საუბარია კეთილმოწყობის სამსახურის ერთ და არქიტექტურის სამსახურის ერთ თანამშრომელზე, რომლებიც მოქმედებდნენ მიკერძოებულად მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმეებზე და იღებდნენ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. მეტ დეტალს ვერ დავაკონკერეტებ“, - განაცხადა ხმალაძემ. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე