2, 082 საჯარო სკოლიდან სრულად ადაპტირებულია 17, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები 233 საჯარო სკოლაში ირიცხებიან

16:10 02-13-2018
23

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში არსებული 2, 082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია 17 საჯარო სკოლა, რომელთაც გააჩნიათ ლიფტი, პანდუსი, მორგებული სანიტარული კვანძი და რესურს ოთახი. მოცემული 17 სკოლიდან ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ირიცხება მხოლოდ 7 სკოლაში. ქვეყნის მასშტაბით, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ირიცხებიან 233 საჯარო სკოლაში. მოცემული 233 სკოლიდან, 101 სკოლას არ გააჩნია პანდუსი 25, 143 სკოლას - ადაპტირებული სანიტარული კვანძი, 75 - სკოლას კი არც პანდუსი და არც სანიტარული კვანძი, რაც შეუძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე მოსწავლისათვის.

,,არსებული გარემოება ქმნის რისკს, რომ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ვერ შეძლებენ მიიღონ სასკოლო განათლება სათანადოდ, იმის მიუხედავად რომ ამ პირობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან გახარჯულია სახსრები. თუ მოსწავლეს არ აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გამოვლენილია სხვა ფორმით, ამ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მდგომარეობის საპასუხოდ გარემოს მორგება და სკოლაში რესურსოთახის მოწყობა რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე უნდა აღიჭურვოს სხვადასხვა საშუალებით, რაც მოსწავლეს დაეხმარება დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ინტეგრირდეს სკოლის გარემოში. ქვეყნის მასშტაბით - 1,235 საჯარო სკოლაში ჩარიცხულია 6,254 სსსმ მოსწავლე, საიდანაც 312 სკოლას - 25%-ს, რომელშიც ირიცხება 883 მოსწავლე არ აქვს რესურს ოთახი“, - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს კონტროლის მექანიზმის არარსებობა, რომლის მეშვეობითაც სსსმ მოსწავლის სწავლების მიზნით, სკოლისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე უნდა ფასდებოდეს რამდენად ადაპტირებულია ინფრასტრუქტურული გარემო და შესაძლებელია თუ არა სსსმ მოსწავლისთვის მოცემულ სკოლაში განათლების მიღება. ამასთანავე, იკვეთება სამმართველოსა და სააგენტოს შორის სკოლების რეაბილიტაციისას კოორდინაციის ნაკლებობის რისკები, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნებოდა სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვის ხელშეწყობის მნიშვნელობა. ფიქსირდება საპირისპირო შემთხვევებიც, როცა მოცემული მომენტისთვის სკოლაში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე და მოწყობილია რესურს ოთახი.

,,ასევე, 183 სკოლას მოწყობილი აქვს პანდუსი და სანიტარული კვანძი, მაგრამ არ ჰყავს არც ერთი ეტლით მოსარგებლე მოსწავლე. სკოლაში მოსწავლის არარსებობის ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ რიგ სკოლებში საკლასო ოთახები იმგვარადაა განლაგებული რომ ლიფტის გარეშე შეუძლებელია გადაადგილება, შესაბამისად მხოლოდ პანდუსის და სანიტარული კვანძების ადაპტირება არ არის საკმარისი პირობა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი