აუდიტი - იმ თანხით, რაც სკოლებში ცალკეული კომპონენტების მოწყობას დასჭირდა, 54 სკოლა სრულიად ადაპტირებული იქნებოდა

15:55 02-13-2018
12

აუდიტის სამსახურის კვლევის მიხედვით, 2016 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 624 საჯარო სკოლაში მოწყობილია პანდუსი, რისთვისაც საშუალოდ გაიხარჯა 190,844 ლარი, 26 საჯარო სკოლაში დამონტაჟებულია ლიფტი, რაზეც საშუალოდ მიიმართა 1,090,856 ლარი, 440 საჯარო სკოლაში ადაპტირებულია სანიტარული კვანძები, რაც დაახლოებით 1,159,013 ლარს ითვალისწინებდა. ჯამში, სამივე კომპონენტის მოწყობაზე სხვადასხვა სკოლაში გაიხარჯა დაახლოებით 2,440,713 ლარი, რისი კონკრეტულ სკოლებზე მიმართვის შემთხვევაში, ნაცვლად სხვადასხვა სკოლაში ცალკეული კომპონენტის მოწყობისა, შესაძლებელი იქნებოდა 54 სკოლის ინფრასტრუქტურული გარემოს სრულად აღჭურვა.

,,სკოლებში ცალკეული კომპონენტების მოწყობა ვერ უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისთვის განათლების სრულად ხელმისაწვდომობას და მხოლოდ ერთი ან ორი ელემენტის არსებობის შემთხვევაში, შენობაში ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, რაც აფერხებს განათლების პროცესში მათ ინტეგრირებას. არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც პროგრამაში ჩართულ სკოლებს შორის მანძილი მცირეა (ქვემოთ მოცემულ მაგალითებში უმეტეს შემთხვევებში საშუალოდ 0,5-1 კმ-ს უტოლდება), ხოლო, თითოეულ მათგანში ჩარიცხულია სსსმ მოსწავლეების ერთეული რაოდენობა, სკოლის გარემო კი, ვერ აკმაყოფილებს აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს“, - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური საკუთარ დასკვნაში კონკრეტულ მაგალითებსაც აქვეყნებს.

მაგალითი N1

ქალაქ კასპში, 4კმ-ის მანძილზე განთავსებულია 4 საჯარო სკოლა, სადაც ჯამში ირიცხება 10 სსსმ მოსწავლე. მოცემული სკოლებიდან, 2 მათგანში განათლებას იღებენ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები. სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურული გარემო არც-ერთ სკოლაში არ არის უზრუნველყოფილი, ხოლო, სხვადასხვა სკოლაში მოწყობილია მხოლოდ ცალკეული კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად პანდუსი.

მაგალითი N2

ქალაქ ფოთში, 10 საჯარო სკოლაში განათლებას იღებს ჯამში 27 სსსმ მოსწავლე. მოცემული სკოლებიდან, 3 მათგანში ჩარიცხულია ეტლით მოსარგებლე 6 მოსწავლე, ინფრასტრუქტურა24 კი მხოლოდ ერთ სკოლაშია მოწყობილი. ადაპტირებულ და არაადაპტირებულ სკოლებს შორის მანძილი 2,1 კმ-ს შეადგენს.

მაგალითი N3

ძველი თბილისის ერთ-ერთ პუნქტში, 2,7 კმ მანძილზე განთავსებულია 4 საჯარო სკოლა. მოცემულ სკოლებში განათლებას იღებს ჯამში 36 მოსწავლე, რომლებიც განაწილებულნი არიან შემდეგი პროპორციულობით: სკოლა N1- 24 მოსწავლე, სკოლა N2- 2 მოსწავლე, სკოლა N3- 2 მოსწავლე, სკოლა N4 – 8 მოსწავლე. ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები ირიცხებიან 2 სკოლაში (N1 და N2 სკოლებში), ადაპტირებული კი მხოლოდ მხოლოდ 1 მათგანია, ხოლო მათ შორის მანძილი 750 მ-ს შეადგენს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოცემულ პუნქტში, 550 მეტრის დაშორებით, განთავსებულია 2 სკოლა, სადაც განათლებას იღებს სულ 4 სსსმ მოსწავლე, აქედან ეტლით მოსარგებლე 1 სსსმ მოსწავლე, ინფრასტრუქტურული გარემო კი არ არის ადაპტირებული.

მაგალითი N4

 

ქალაქ სამტრედიის 11 საჯარო სკოლაში, განათლებას იღებს 40 სსსმ მოსწავლე. მოცემული სკოლებიდან 3 საჯარო სკოლაში ირიცხებიან ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, სადაც გარემო არ არის ადაპტირებული (მოწყობილია მხოლოდ პანდუსი) და შესაბამისად შეზღუდულია განათლების ხელმისაწვდომობა. ამავე ქალაქში, ინფრასტრუქტურა მოწყობილია 2 საჯარო სკოლაში, თუმცა ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები არ ირიცხებიან. ანალოგიური მდგომარეობაა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ახლომდებარე სკოლებში განათლებას იღებს სსსმ მოსწავლეების მცირე რაოდენობა, სკოლის გარემო კი არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.