მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

16 თებერვალს ქართული სასიყვარულო სამკუთხედი, „ჰორიზონტის“ სახით, ბერლინალეზე წარდგება

11:36 02-13-2018
398

კინოს მოყვარულებმა კარგად იციან, რომ თებერვალი ბერლინალეს თვეა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „რებეკა“ გაიხსნა და მას მერე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალად იქცა. ფესტივალზე ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოფილმებს აჩვენებენ და მათ ორი საუკეთესო „ოქროს დათვით“ ჯილდოვდება. საუკეთესო რეჟისორის, ქალის როლისთვის და მამაკაცის როლისთვის კი „ვერცხლის დათვია“ განკუთვნილი. 

საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყანა ფესტივალზე რამდენიმე სურათს წარადგენს.  16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში „პანორამა“  თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, სექცია თამამი და არაორდინარული ფილმებისთვის. 

„ჰორიზონტი“ ყოფილი ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ისტორიაზე გვიამბობს. წყვილი ერთმანეთს შორდება და ახალ ცხოვრებას იწყებს.

ანას როლს მსახიობი ია სუხიტაშვილი თამაშობს.

აი, რას ჰყვებოდა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად გადაღებიდან წინა დღის დაბრუნებული მსახიობი ია სუხიტაშვილი.

– რამდენიმე დღეა, რაც გადაღებებიდან დავბრუნდი. პალიასტომის ტბაზე ვიყავით. საოცარი ჭიუხებია, ძალიან ლამაზი ადგილია. იქაც სასიყვარულო სამკუთხედია. ეს არის თინა ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი“. ძალიან მაგარი სცენარია. ჩემი გმირი ქმარს შორდება, რომელთანაც ძალიან ბევრი წელი აკავშირებს. დრო გადის, ჩემს გმირს უკვე შეყვარებული ჰყავს, მაგრამ ქმარს უყვარს ისევ. და იმის გამო, რომ ვერ თმობს, მიდის შორს, ერთ ქალაქში მასთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია. მერე ჩემი გმირი იგებს, რომ მისი ქმარი დარდისგან გულით გარდაიცვალა. ისეთი მძიმე სცენარია… შოკი მივიღე, რომ ვკითხულობდი. თურმე შეიძლება დარდისგან ადამიანი ფატალურ შედეგამდე მივიდეს.

– ვინ თამაშობს ქმარს, შეყვარებულს?

– ქმარი გიორგი ბოჭორიშვილია, შეყვარებულს რაც შეეხება, არ არის მსახიობი.

„...გადაღებებს რაც შეეხება, ძლივს გადავრჩით. ძირითადად ან წყალში ვიღებდით ან წყლის ნაპირზე, -10 გრადუსში. გვათოვდა და გვაწვიმდა. გათოვდა პალიასტომზე და გაყინულ ტბაში მოუწიათ ღამით ცურვა გიორგი ბოჭორიშვილსა და ჯანო იზორიას. ამ ყველაფერს საინტერესო აღმოჩენებიც ახლდა, ვიპოვე ადამიანები, ვისთან ერთადაც არაფრის შემეშინდება, მსახიობები, მხატვრები, ოპერატორი, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით შექმნეს ეს პატარა სამყარო ტორფის კუნძულზე, რომელსაც ჰორიზონტი დავარქვით. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ამდენი ადამიანის თავდადება რომ არ დაიკარგოს და ერთ ფილმად შეიკრას“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის რეჟისორი, თინათინ ყაჯრიშვილი.

ეს თინათინ ყაჯრიშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, მისი პირველი ფილმი „პატარძლები“ არაერთი პრიზის მფლობელი გახდა, მათ შორის არის სარაევოს მე-20 კინოფესტივალი, რომელზეც კინოსურათმა ორი პრიზი მიიღო.

ასე რომ, შანსი იმისა, რომ რეჟისორი თავის გუნდთან ერთად კვლავ ასახელებს საქართველოს და სასიამოვნოდ გააოცებს კინომცოდნეებს, დიდია. რამდენიმე დღე დარჩა. წარმატებები ქართულ ფილმს! 

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი