წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია

11:03 02-13-2018
31

საქართველოს პროკურატურას უკრაინის სახელმწიფოს წინაშე ექსტრადიციის მოთხოვნა არ მოუხსნია და არც მოხსნის - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაბამისად, ის ძალაში იყო, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ეს უკრაინული სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო. მათ ორი არჩევანი ჰქონდათ და გუშინ შევიტყვეთ, რომ მეორე გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ ამ პირის მათი ტერიტორიიდან იმ ქვეყანაში გაძევება მოახდინეს, საიდანაც ის თავის დროზე უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, შარშან მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში სტუმრად იმყოფებოდა და საქართველოს პროკურატურამ მისი ექსტრადიცია პოლონეთსაც მოსთხოვა.

„ანუ, ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია და იქაც იგივე წესი მოქმედებს. ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთი და იგივე პროცედურები არსებობს. ჩვენ ექსტრადიციის შესახებ ერთი და იგივე ევროპული კონვენციის წევრი ვართ. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ. რაც შეხება ფაქტს, დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა თქმით, რომ ეს არავისთვის სასიამოვნო სანახაობა არ იყო და ვერც იქნება.

„საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს ამას არ ვუსურვებ, რადგან ეს მძიმე თემაა, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუ ეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციაზე უნდა აისახოს, ერთადერთი, რა შედეგიც ამას შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩვენს ქვეყანაში ისედაც მორღვეული „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.