ჩვენ არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობა - რომან გოცირიძე

18:24 02-12-2018
33

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობა უცნობია.

დეპუტატს მიაჩნია, რომ სააკაშვილის დეპორტაციის შემთხვევაში საქართველოში, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დიდხანს არ გაჩერდება.

„ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით მიხეილ სააკაშვილი სად გადაიყვანეს, შეიძლება ეს იყოს საქართველო ან, რომელიმე უცხო ქვეყანა. თუ, საქართველოში ჩამოიყვანენ, აქ აღარ იქნება მშვიდი ცხოვრება საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელმაც ჩაიდინა აშკარა უსამართლობა. მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ციხეში წამოწვება და პეტიციების წერას დაიწყებს, ან დაელოდება სასამართლოს. მიხეილ სააკაშვილი, ციხეში იქნება პრობლემა ადმინისტრაციიდან დაწყებული, საქართველოს ხელისუფლებით დამთავრებული, ყველასათვის, მიხეილი კი ციხის კარებს გაარღვევს და გარეთ დახვდება ხალხი. არის ერთი ვარიანტი, რომ გაუშვან მიხეილი პოლონეთში, საიდანაც გადმოლახა საზღვარი, მეორე ვარიანტი კი არის დეპორტაცია საქართველოში და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად. დეპორტაციის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი არ გაჩერდება დიდი ხნით ციხეში, რადგან ეს არის უსამართლო, პოლიტიკური დევნა უკრაინელი და ქართველი ოლიგარქების მხრიდან. ორივე ქვეყანაში არის ოლიგარქიული სისტემა. ხალხი გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს თუ ის იქნება დეპორტირებული აქ, თუ უცხოეთში მაშინ სხვა გეგმებს შევიმუშავებთ. ჩვენთვის გაურკვეველია მიხეილ სააკაშვილის მდებარეობა“. - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს, ექს-პრეზიდენტი, მიხაილოვის გამზირზე მდებარე რესტორან "სულგუნიდან" ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს.

 

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი