მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

რამდენად შეიძლება „გაიყიდოს“ აფხაზეთი და ცხინვალი? - სოცექსპერტების შეფასებით, ფასი 125 მილიარდია

14:12 02-12-2018
81

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ომში ორჯერ დავმარცხდით – 1993 წელს და 2008 წელს; დიპლომატიაში მუდმივად ვმარცხდებით. ვმარცხდებით კონფლიქტურ ზონებში დაბრუნების თვალსაზრისით – ლტოლვილების დაბრუნება, ისევე როგორც სტატუსი როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში, ღიაა. 

შიში კი, როგორც ჩანს, რუსეთის დიდია. მოსკოვის არცერთი პარტნიორი ქვეყანა ჯერ არ განვითარებულა. ასეთი ქვეყნის დასახელება თავად ნინო ბურჯანაძესაც გაუჭირდა „პრაიმტაიმთან“ საუბარში. პუტინი მოსწონს, მის პოლიტიკას მხარს უჭერს, თუმცა, ვერ ასახელებს, რა სიკეთე მოაქვს მოსკოვთან მეგობრობას – კორუფციის, შანტაჟისა და სიღარიბის გარდა.

სოციალურ ქსელებში ახლა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ალტერნატიულ გზასაც განიხილავენ – ფულით გამოსყიდვას. სამხედრო გზით არ გამოდის, დიპლომატები ერთსა და იმავე გზას ტკეპნიან და რა დარჩა? ფული... 

კონფლიქტები ციფრებში: აფხაზეთი არის 8.7 ათასი კვადრატული კილომეტრი, სამაჩაბლო – 3.8 ათასი კვადრატული კილომეტრი. მთლიანად – 12.5 ათასი კვადრატული კილომეტრი. და მაშინ მზად არის სახელმწიფო, ერთ კვადრატულზე 10 დოლარი გადაიხადოს, რაც მთლიანობაში 125 მილიარდი დოლარია?

რატომ არა? თუკი ალასკა გაიყიდა მეფის რუსეთის დროს? საბჭოთა კავშირის დროს კი მალტაში გორბაჩოვმა ვარშავის ბლოკის (რომელიც 1955 წელს შეიქმნა) ექვსივე ქვეყანა გაყიდა – საბჭოთა კავშირის დაშლა იგულისხმება. 

სოციალურ ქსელებს თავისი ექსპერტები ჰყავს ხოლმე. ჰოდა, ისინიც სვამენ შეკითხვას: რატომ არ შეიძლება, ისე გავძლიერდეთ ეკონომიკურად, რომ კრემლისგან საკუთარი ტერიტორიები ვყიდოთ?

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ასეთივე მეთოდებით თითქოს ალიევი აპირებდა ყარაბაღის გამოსყიდვას. საუბრები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მომზადებას შეუდგნენ ბაქოში, თბილისსა და ანკარაში. თითქმის 20 წლის წინათ ალიევი თითქოს მზად იყო, 100 მილიარდი გადაეხადა. 

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ალტერნატიულ მეთოდს „არასერიოზულსა“ და „სულელურს“ უწოდებს:

– ბაქო მდიდარია და ნავთობი აქვს და ისიც კი ვერ ახერხებს ამას და ჩვენ ერთი წყალი გვაქვს, მეტი რა? ესეც რომ არა, ოფიციალური ბაქო თანხით ყარაბახის ყიდვას არ განიხილავდა სერიოზულად არასოდეს. არც ჩვენთან განიხილება. 

როგორც ჩანს, ერთადერთი ვარიანტი საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერებაა. ჩვენც, ისევე როგორც თავის დროზე დასავლეთ გერმანია, რუსეთის იმპერიის მორიგ დაშლას უნდა დაველოდოთ, რომ საკუთარი ტერიტორიები დავიბრუნოთ. მაშინ გერმანიის „დემოკრატიულ“ ნაწილში კითხვის ნიშანიც კი არავის გასჩენია გერმანიის ფედერაციულ ნაწილთან შეერთებაზე – როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, ისტორიულად და ასე შემდეგ, ეს გაერთიანება სასურველი იყო ყველასთვის.

თუმცა, როგორც გვიმტკიცებენ, ყველაფერი ასე რომანტიკულად არ მომხდარა. გორბაჩოვი დიდი დემოკრატი და რეფორმატორი კი არ იყო, მან გერმანია გაყიდა:

გერმანია მხოლოდ 1990 წლის 3 სექტემბერს გაერთიანდა. რუსი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (1997 წლის იანვარი) წერდა, რომ იმჟამინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს, მიხაილ გორბაჩოვს, გერმანიის გაერთიანებისთვის 100 მილიარდი გერმანული მარკა შესთავაზა.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ საქართველო ვერასოდეს შეძლებს აფხაზეთის ფულით დაბრუნებას:

– ეს წარმოუდგენელია და შეუძლებელიც. ვინ განსაზღვრავს, რამდენი უნდა გადავიხადოთ? ან საიდან ექნება თბილისის ამხელა ფული? რაც შეეხება კოლს, ეს სულ სხვა ისტორიაა. გერმანიამ მაშინ კომპენსაცია გადაიხადა, ჯარის გაყვანის გამო. მაშინ პოლიტიკური ვითარება გერმანიის გასაერთიანებლად მომწიფებული იყო. 60 ან 70-იან წლებში შეძლებდა ფედერაციული გერმანია საბჭოთა ხელისუფლებისთვის ფულის შეთავაზებას? 

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ხსნა რუსეთია: ჯერ არც ნატო აპირებს საქართველოს თავის კავშირში მიღებას და არც კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით არის რაიმე ძვრა, რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია, – გვაფრთხილებს ბურჯანაძე, თუმცა, „პრაიმტაიმთან“ საუბარში ვერ აკონკრეტებს, ნატოზე უარის სანაცვლოდ როგორ მოხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პროცესი. 

„თუ ჩვენ ნატოს ბაზის სანაცვლოდ მზად ვართ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავთმოთ, მაშინ ეს ვთქვათ ხმამაღლა“, – ამბობ ის.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პრორუსი ჯგუფებისა და პოლიტიკური ფიგურების მთავარი მისია საქართველოში ხალხის შეშინებაა. ამიტომაც მითები მითებზე იქმნება.

მაგალითად, თუ რუსეთის იმპერია დაიშალა, ჩრდილოეთი კავკასია იფეთქებს და საქართველოს გაანადგურებს.

მაგალითად, ნატოში შესვლა ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას. 

მითები მაშინ ცოცხლდება, როცა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი რაიმე ფორმით წინა პლანზე წამოიწევს ხოლმე. ამჯერად, პრორუსები ლუკ კოფის მოსაზრებამ გააღიზიანა. მისი მოსაზრებები საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ავტორი აზუსტებს, რომ ეს არის გაწევრიანება „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე, მხოლოდ ისე, რომ ეს იყოს დროებითი ზომა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგენამდე, რა თქმა უნდა, ცალსახად მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით“. 

ლუკ კოფი ამის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, მანამდე იდეამ გერმანიაში გაიჟღერა. ეს არც არავის გაჰკვირვებია. გერმანია, ამ მხრივ, სწორედ რომ პრეცედენტულია – ის ისე გაწევრიანდა ნატოში, რომ ტერიტორიის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.

რეალურად, ექსპერტების შეფასებით, დაკარგული ტერიტორიები თბილისისთვის მთავარი დაბრკოლება არ არის ნატოსკენ მიმავალ გზაზე. 

კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი: „გერმანიაც ვერ აკონტროლებდა თავისი ტერიტორიის ნაწილს, მაგრამ ნატოში გაწევრიანდა 1955 წელს. მთავარი დამაბრკოლებელი ისაა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის დაკავშირებულია რუსეთისგან მომდინარე საფრთხესთან და მყისიერ რისკებთან. როგორც კი დაიძვრება გაწევრიანების პროცესი, რუსეთი შეეცდება, ომის ან რაიმე კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოსთან, რაშიც შეიძლება, ჩაითრიოს ნატოს ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად.

ნატოს ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არ უნდათ რუსეთის პროვოცირება ამ მიმართულებით, რადგან იციან, რომ რუსეთი არის არაპროგნოზირებადი. ამ ვითარებაში დიდი რისკია რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს შესვლა ნატოში, მეხუთე მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამოქმედების გარეშე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იდეაა. მაგრამ რუსეთი ამასაც ეწინააღმდეგება. მთავარი წინაღობა ალიანსში გაწევრიანებაზე საქართველოსთვის არის რუსეთის პრაქტიკული მუქარა და არა ტერიტორიების საკითხი“.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს: „ალიანსს არ უნდა რუსეთთან კონფლიქტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის გამო, ვინმეს ნატოში მიიღებენ ან არ მიიღებენ. ეს არასწორი ხედვაა. ამ ეტაპზე ალიანსში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიღება არ აწყობთ. არა იმიტომ, რომ რუსეთის ფაქტორი არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ფაქტორია ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტები, რაც ნატოსთვის არაა სასურველი, მაგრამ ეს, ამავდროულად, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი არანაირად. ძირითადი მიზეზი საქართველოს ალიანსში მიღების შეფერხებისა არის ის, რომ დღეს არ არის ნატო მზად, ამ რეგიონში გაფართოვდეს“.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განმარტებით: 

– ეს იდეა არახალია, თუ სწორად მახსოვს, მასზე საუბარი 2010 წელს დაიწყო. ის უფრო კულუარებში განიხილებოდა, ვიდრე საჯარო სივრცეში. რატომღაც, როგორც დიდ სიახლეზე, ყველამ ახლა დაიწყო მასზე საუბარი. სამწუხაროდ, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით, მე-5 მუხლის გარეშე გაწევრიანების იდეას, ამ საკითხში სკეპტიკოსი ქვეყნები ბლოკავენ. 

მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი, ბევრმა ჩათვალა, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სისულელეა. თუ ეს იდეა და პროექტი განხორციელდება, ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება უფრო მეტად დაიკარგოს ეს ტერიტორიები, ვიდრე დღევანდელ ვითარებაშია დაკარგული? 

თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, დანარჩენ საქართველოს ექნება პერსპექტივა, იქცეს უფრო ძლიერ ქვეყნად, მას გაეზრდება შანსი, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

ავტომატურად ნიშნავს თუ არა ნატოში გაწევრიანება ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე ტერიტორიების დაკარგვას? რა თქმა უნდა – არა. 

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ტერიტორიების დათმობას არ მოითხოვს

ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ცნობილია როგორც „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედია. მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. თუმცა მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის „სამხედრო ძალების“ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

„თუ ნატოს ისტორიას გავიხსენებთ, ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ ერთხელ – 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ – ამოქმედდა მეყსეულად. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თანაშემწე ედგარ ბაკლი, რომელიც 1999-2003 წლებში ალიანსის დაგეგმარებისა და ოპერაციების ოფისს ხელმძღვანელობდა, თავის სტატიაში აღნიშნავდა, რომ მეხუთე მუხლი, ალიანსის წევრების კოლექტიური გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტომატურად შევიდა ძალაში ისე, რომ არც ერთი წევრი სახელმწიფოს თხოვნა არ ყოფილა“. – წერს „რადიო თავისუფლება“.