ძმის საშველად არჩეული პროფესია - რა შეგრძნებაა როცა მტერს მკურნალობ - EXCLUSIVE

13:31 02-05-2018
2825

ექიმობა მძიმე სენით შეპყრობილი ძმის დასახმარებლად გადაწყვიტა,თუმცა ზურგის ტვინის დაზიანებასთან უძლური აღმოჩნდა–ძმა ვერ გადაარჩინა...

დღეს ჩვენი სტუმარია მედიცინის დოქტორი თეიმურაზ (ჯუბო) მგელიაშვილი. ის ღუდუშაურის კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ერთ-ერთი პასუხისმგებელი ქირურგი გახლავთ, აგრეთვე, მოწვევით აკეთებს ოპერაციებს „ჩაჩავას“ კლინიკაში. ჩემი რესპონდენტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კათედრისასისტენტ-პროფესორიცაა. მასთან მკურნალობდა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, აგვისტოს ომის დროს ქართველების მიერ ჩამოგდებული რუსული მფრინავი ობიექტის მფრინავი... ასე რომ, მოსაყოლი ბევრი აქვს. 

– ბატონო თემურ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– როცა სკოლას ვამთავრებდი, ძმა მყავდა ძალიან ცუდად. მოჭიდავე იყო ჩემი ძმა, ოდესაში სწავლობდა კავშირგაბმულობის ინსტიტუტში და ამავდროულად სპორტის ოსტატი გახლდათ ჭიდაობა „სამბოში“. ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ისეთი ტრავმა მიიღო კისრის არეში, რომ დაინვალიდდა. წლების განმავლობაში დედა უვლიდა. მაშინ 23 წლის იყო. მე 9 წლით უმცროსი ვარ მასზე. ვხედავდი, ვერაფრით შველოდნენ. მეგონა, ექიმი გავხდებოდი და მთებს გადავდგამდი. მე შევძლებდი მის დახმარებას. მაგრამ ეს ისეთი პათოლოგიაა, რომელსაც დღესაც არ აქვს საშველი. ზურგის ტვინის დაზიანება დღესაც უსაშველოა მედიცინაში. პრეზიდენტ კენედის მეუღლეც ასეთი პაციენტი იყო. ბევრი ცნობილ ფეხბურთელსჰქონდა ასეთი ტრავმა, მეშახტეებში იყო კიდევ ხშირი ეს პრობლემა. დონეცკში არსებობდა სპეციალური საავადმყოფო მათთვის. ესეც გავარკვიეთ, მაგრამ საშველი არ იყო... ამას გარდა, მედიცინა ბავშვობიდანმაინტერესებდა. ბებიაჩემი ექიმბაში იყო. მახსოვს, სოფელში ყველა მასთან მოდიოდა, ვისაც რა ასტკივდებოდა. წურბელები ჰყავდა ქილაში. მოასვამდა ხოლმე კისერზე პაციენტებს, ახლაც მახსოვს ეს კადრები. ჭაობში რომ იჭერდა წურბელებს, ისიც მახსოვს. ბალახებისგან ამზადებდა წამლებს. თიანეთის რაიონში ხდებოდა ეს ყველაფერი, სოფელ ალაჭანში. იქ გავიზარდე მეც.

–დღეს მედიცინა არ აღიარებს მკურნალობის ამგვარ მეთოდს...

– კი, ასეა, მაგრამ მაშინ სად იყო მედიცინა, თიანეთის რაიონში –მითუმეტეს (იღიმება). 2-3 ექიმი თუ მოღვაწეობდა ამხელა რაიონში...

– ბებიას, ალბათ, უნდოდა, ექიმი გამოსულიყავით...

– ბებიასაც და მშობლებსაც. მამა ისტორიკოსი იყო, დედა – დაწყებითი კლასების მასწავლებელი,რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი. 

– ძმას ვერ დაეხმარეთ?

– უძლური აღმოვჩნდი. ჩემს ექიმობას მოესწრო, მაგრამ... ტრავმის მიღებიდან 26 წელიწადი იცოცხლა. 

– დიდი შრომა სჭირდება თქვენს პროფესიას...

– ნამდვილად. მესამე კურსიდან ვცდილობდი, ჩვენს ახლობელ ქირურგთან ღამის მორიგეობებზე მევლო. ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა. ისე მაინტერესებდა და მეხალისებოდა ეს ყველაფერი... ოპერაციებზე მიხმარდა. პატარაბლოკნოტი მქონდა, იმაში ვიწერდი ყველაფერს, სახლში ვმეცადინეობდი. ძალიან დამეხმარა ეს ღამეები, პრაქტიკა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბათუმში განამაწილეს. ერთი წელი ვიმუშავე. იქიდან შუა აზიაში, ქალაქ აშხაბადში, სამხედრო ჰოსპიტალში მოვხვდი. იქაც კარგი პრაქტიკა მივიღე.

– თავიდანვე ქირურგობა გქონდათ გადაწყვეტილი?

– ქირურგია მინდოდა თავიდანვე, მაგრამ ახლა ვნანობ. ძალიან მძიმე განხრაა, დღეს ყველა ვიწრო სპეციალობას ირჩევს. ზოგადი ქირურგია მოცულობითი და შრომატევადია.

– სამაგიეროდ, მეტი მადლიერი პაციენტი გყავთ... მე ვიცი, რომ ექსპრეზიდენტსაც მკურნალობდით...

–კი, იყო ასეთი შემთხვევა. თხილამურებზე სრიალის შედეგად ტრავმით მოიყვანეს. მისი მეუღლეც ხშირად დადიოდა ჩემთან. ექთნის პრაქტიკას გადიოდა და მორიგეობებზეც ხშირად რჩებოდა. ძალიან მონდომებული და ინტერესიანი იყო, სულ ცდილობდა, ოპერაციებზეც დაგვხმარებოდა. 

– პატიმრებთან ურთიერთობაც გიწევთ. ძირითადად რა პრობლემები აქვთ?

– ყველაფერს კადრულობენ, უცხო სხეულებს ყლაპავენ, თავს იზიანებენ, იმისთვის რომ აქ მოხვდნენ. სიმულაციასაც ხშირად აქვს ადგილი. ლურსმნები, კბილის ჯაგრისის, წვერის საპარსის ნაწილები, კოვზები, საშენი რკინები ამოგვიღია ოპერაციის შედეგად კუჭიდან. და ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ რამდენიმე დღე აქ გაჩერდნენ. 

– ვიცი, რომ აგვისტოს ომის დროს თქვენთან ერთი რუსი მფრინავი მოხვდა...

– კი, ორი პილოტი მკურნალობდა ჩვენთან. 

– რა შეგრძნებაა, როცა მტერს მკურნალობ?

– ორივე ცალ-ცალკე პალატაში გვეწვა, ერთი ჩემი პაციენტი იყო. ერთს ოპერაცია დასჭირდა, ერთი უოპერაციოდ გადარჩა. ნანობდნენ თავის საქციელს. ერთი, კაპიტანირომელიც იყო, ამბობდა, თითქოს მოტყუებით წამოიყვანეს და ქართველები მისი მეგობრები არიან. ეს ნიანგის ცრემლები იყო და ამის არავის გვჯეროდა. ჩემს პაციენტს ჯვარი ეკეთა. ღმერთის გწამს-მეთქი, ვკითხე. კიო, მიპასუხა. ჩვენც ხომ ქრისტიანები ვართ, რატომ გვბომბავდით-მეთქი. ამ დროს ჩუმდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობდით, გვეპატრონა და გვემკურნალა. ექიმისთვის პაციენტს ეროვნება და სარწმუნოება არ გააჩნია. ის შენი პაციენტია და შენი ვალია, გადაარჩინო. დღესაც ძალიან ბევრი გვყავს მიგრირებული ოსები, აფხაზები... შუააზიდან ჩამოსვლის შემდეგ, თელავშიც მომიწია მუშაობა ცენტრალურ საავადმყოფოში. იქ ჩემმა უფროსმა კოლეგამ, კოლია ზაუტაშვილმა ქირურგიის წიგნი მაჩუქა, წარწერით – „გიყვარდეს პაციენტი, იკითხე ბევრი, მაშინ იქნები კარგი და დაფასებული ექიმი“. 

– წარმოუდგენელია, ყველა პაციენტი გიყვარდეს...

– უფლება არ გაქვს, არ გიყვარდეს. პაციენტი ყოველთვის მართალია, აბეზარიც კი (იღიმება). 

– ყველა პროფესიაშია შეცდომები, თუმცა თქვენი პროფესია განსაკუთრებით საფრთხილოა ამ მხრივ, თქვენ ადამიანების სიცოცხლე გაბარიათ...

– ვერცერთი ქირურგი ვერ იტყვის, რომ უშეცდომოა. პატარა შეცდომები ყველას დაუშვია, მთავარია, საბედისწერო არ აღმოჩნდეს. მინიმალური შეცდომები ყველა ექიმს აქვს. 

– სტუდენტებიც გყავთ, ბატონო თემურ, როგორი თაობა მოდის მედიცინაში?

– ახლა ჩემთან მეოთხე კურსის სტუდენტები დადიან. კარგი ბავშვები არიან, მონდომებულები, ინტერესიანები. ენები იციან. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, რუსული არ იციან. კარგი სამედიცინო სახელმძღვანელოები კი ძირითადად რუსულენოვანია.

– რა ხდება მაშინ, როცა ექიმი თავად ხდება ცუდად. ნაცნობ ექიმს მიაშურებს თუ...

– ჩვენ კიდევ უფრო მარტივად ვავადდებით, რადგან არ ვაქცევთ ყურადღებას. წავუყრუებთ ხოლმე... ვიქნები გულწრფელი, რა თქმა უნდა, ვცდილობ,ნაცნობთან მივიდე, ვისიც კმაყოფილი ვარ.  

–წარმატებებს გისურვებთ.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი