„ძალიან პატარა ასაკში გავიგე ღალატის გემო“ - ნანა ცინცაძე - exclusive

12:19 02-05-2018
1927

დაგთმე... იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ,

დაგთმე... იმიტომ, რომ ვიცი, გიყვარვარ.

დაგთმე... იმიტომ რომ ყველგან მეძებდე და სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის,

სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი 

და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი დათვალო მისხლით.

დაგთმე... 

იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ 

და როცა ძილი თავისთან მიწვევს,

შენ – მირაჟში ჩამომჯდარი თავსასთუმალთან მიკოცნი თითებს

დაგთმე... 

იმიტომ, რომ ყოველი სიტყვით ერთმანეთს ვგავართ,

ის კი არა და... ეგ თეთრი კანი, წითური თმები და აზრთა წყობა,

ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი და მაინც ნდობა...

ყველა მზერაში სიმართლე და კოცნის წყურვილი,

გზები ცალ-ცალკე, ერთმანეთით გადაბურვილი.

დაგთმე... 

შენთვის რომ ყველა წამი მონატრების წამად მექცია... 

რომ ცრემლი, სისხლად გარდაქმნილი, აქ დაგექცია...

რომ შენს ფიქრებში არ იყო სხვასთან,

რომ ერთად ყოფნის ყველა წამი ჩაგრჩეს კადრებად

და სულ ფიქრობდე – სხვა არავინ შემიყვარდება...

დ ა ვ თ მ ე...

ჩ ე მ ი  უ უ ფ ლ ე ბ ო  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ...

ლექსი, რომელმაც სოციალური ქსელი, შეიძლება ითქვას, რომ „ააფეთქა“, ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. პოეტი, ექიმი, უამრავი სიმღერის ტექსტის ავტორიც და ახლა უკვე პროზაიკოსიც. დღეს ქალბატონი ნანა ჩვენი სტუმარია.

– ნანა, მარადიულია თემა, რომელსაც ლექსებში ეხებით, თუმცა განსაკუთრებული მოწონება თქვენმა ერთ-ერთმა ლექსმა – „დაგთმე“ დაიმსახურა. თუ შეიძლება გკითხავთ, ვინ ან რატომ დათმეთ?

– ხშირად არის ცხოვრებაში რაღაც დასათმობი. ამ შემთხვევაში საქმე მორალთან მქონდა. მერჩივნა, ეს ლექსი დარჩენილიყო, ვიდრე გადამედგა ნაბიჯი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი იქნებოდა. 

– არის გამართლებული რომელიმე მიზეზი იმისთვის, რომ სიყვარული დათმო?

– უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ დათმო, სიყვარული არა, პიროვნება. შეიძლება სიყვარული ვერ დათმო, სულ თან ატარო, მაგრამ პიროვნება... დიდი ხნის წინათ მე და ოთარ ტატიშვილმა ერთი სიმღერა შევქმენით. იქ გამოვიყენე ფრაზა – „ერთურთს შეგვაბერა გაყოფილმა გზებმა“. მომღერალმა, ვისაც ეს სიმღერა უნდა შეესრულებინა, ვერ გაიგო, როგორ შეიძლება ადამიანები გაყოფილმა გზებმა შეაბეროს. ამაზე მე და ოთარმა ბევრი ვიხალისეთ. შეიძლება არ გქონდეს ბედნიერება, იმ ადამიანის გვერდით იცხოვრო, რომელიც გიყვარს, მაგრამ სწორება გქონდეს მასზე, იმ დღეებზე, რომელიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმ ადამიანის გვერდით გაიარო მთელი შენი ცხოვრება, ასე შორიშორს.

– აუცილებელია ადრესატი, როცა სატრფიალო ლექსს წერთ?

ლექსი ეძღვნება თავად სიყვარულს, საოცრად ლამაზს, საოცრად დიადს.

  არ დაიჯეროთ, რომ ჩემს ადრესატს, კერძოდ ვიღაცის სახელი ჰქვია.

– ისევ იმ ლექს მინდა დავუბრუნდეთ, შეიძლება გკითხოთ, რატო დათმეთ?

– ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ბედნიერი ვარ, რომ კარგ დროს ვიკითხე, თორემ ნამდვილად შეუმჩნეველი იყო ეს სხვაობა ვიზუალურად. თითქმის ჩემი შვილის ტოლი იყო. ჩვენ დიდი ხანი ვმეგობრობდით და ვმეგობრობთ დღემდე. მაგრამ, როგორც კი მისი ასაკი გავიგე, ჩემს ტვინში სხვა მხრივ ყველაფერი დამთავრდა. 

– ურთიერთობებში დომინანტი ხართ?

– ორი ხასიათი მაქვს – კახური და გურული. შემიძლია, წუთში ხუთჯერ შევცვალო საუბრის მიმართულება მოსაუბრის სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე. როცა ვიღაც მანიპულირებს ჩემზე, ამის უფლებას მე ვაძლევ ისე, რომ მან არ იცის ეს. მე ვმართავ საუბარს ისე, როგორც მე მინდა. ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, ვარ თუ არა დომინანტი (იცინის).

– ქალი დომინანტი კარგია თუ ცუდი ურთიერთობებში?

– ცუდია, ალბათ. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ აღარც კი მახსოვს არა მხოლოდ ბოლოს როდის მყავდა გვერდით კაცი, არამედ როდის ვკითხე ვინმეს ჭკუა. ეს საშინელებაა. სულაც არ არის ამის მიზეზი ის, რომ მე ძალიან კარგი გოგო ვარ. ასე გამოვიდა, უბრალოდ. ჩემი ტვინის წყობაა ასეთი, ალბათ.

– იქნებ არ შეგხვდათ თქვენზე ძლიერი მამაკაცი?

– როგორ არ შემხვდებოდა, მაგრამ, როცა კაცს ცოლი, ოჯახი ჰყავს, ვერ ვხედავ მას, როგორც მამრს. 

– ეს არის „უუფლებო სიყვარული“, თქვენს ლექსში რომაა?

– არა, ეს გამორიცხული სიყვარულია ჩემთვის. ვიღაცის ცოლი მოვიდეს ჩემთან, ჩემს ქმართან რა გინდოდაო, ხომ უნდა გამისკდეს გული. იმდენად მიყვარს საკუთარი თავი, ამას ვერ ვაკადრებ. ბოლო პერიოდში იმდენი რამ გავიგე საკუთარ თავზე, ანდაზა „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება“, აბსოლუტურად გაუმართლებელი გახდა. ისეთი ცეცხლი ჩნდება კვამლის გარეშე, მეცინება ზოგჯერ... რეალურად მე მინდა სიყვარული. სიყვარულისთვის ასაკი არ არსებობს. „დრო უკურნებელ სენად არსებობს, დროს არც სცივა და არცა სწყურია, დროის მოპარვაც უნდა გაბედოს პრომეთემ, მაგრამ მიჯაჭვულია. მე კი მოვპარე დრო ცხოვრებას, მაგრამ სად ვნახო მეორე დრომოპარული ადამიანი, რომელთანაც მექნება შეთვისება, რასაც სიყვარული ჰქვია. ფიქრებში სულ შეყვარებული ვარ, ალბათ, სიყვარული მიყვარს ძალიან.

– ღალატის გემო იცით, როგორია?

– ვიცი, ძალიან პატარამ გამოვცადე ღალატის გემო. ახალი დამთავრებული მაქვს ინსტიტუტი (ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, წითელ დიპლომზე – ინსტიტუტი) და ჩემი სახლის ეზოში პოლიკლინიკაში ვმუშაობდი სტაჟირებისთვის. მოხდა ისე, რომ ჩემს მეუღლესა და იმ ქალბატონს ურთიერთობები აერიათ და ჩემთან მოვიდა ეს ქალი (იცინის). გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ასეთი ვიყავი მაშინაც. არ მიჩხუბია, ჩხუბი არ შემიძლია. შეიძლება ჩუმად გაგიკეთო რამე ცუდი, მაგრამ არ ვიყვირებ. ჯერ კომპლიმენტი მითხრა, მერე გული გადამიშალა.

– თქვენგან რას ითხოვდა?

– არ ვიცი, ალბათ, უნდოდა შემერიგებინა (იცინის). დაღლილი იქნები, აქვე ვცხოვრობ, წამოდი, გასაუზმებ-მეთქი, ვუთხარი. მერე ყველაზე ჭორიკანა მეზობელს დავურეკე და ვუთხარი, მომყავს-მეთქი. იმდენად დიდი უპირატესობა მქონდა ვიზუალურად მასთან შედარებით, მსიამოვნებდა, მთელი ეზო რომ გადმოეფინა და გვიყურებდა ორივეს... რეებს მალაპარაკებ, ცხოვრებაში არ მომიყოლია ეს ამბავი (იცინის). თან გზაში ვეუბნებოდი, თქვენ იმდენად კარგი წყვილი ხართ, ერთმანეთს არ უნდა დაშორდეთ-მეთქი. 

– ასე მგონია, თქვენი მოტყუება ძალიან რთულია, გამიკვირდა, ამ ქალბატონისგან რომ გაიგეთ მეუღლის ღალატის ამბავი...

– არა, ვიცოდი. ჩვენი შეხვედრა გიამბეთ, უბრალოდ... ძალიან ცუდი გემო აქვს ღალატს. მაგრამ არ მივეკუთვნები ქალების იმ ტიპს, ხმლითა და მახვილით რომ იწყებენ ქმრის შემობრუნებას. თუ სხვასთან წავიდა, რა ქალის ბრალია. კაცი, რომელიც იქ იყო ბედნიერი, ჩემთან ვერ იქნებოდა.

– იქ დაასრულეთ თუ გააგრძელეთ?

– ადამიანი ნაწილ-ნაწილ ასაფლავებს თვისი ცხოვრების გარკვეულ ნაწილებს. ასე რომ არ მექნა, ახლა ღიმილით ვერ მოვყვებოდი ამ ამბავს. რაც შეეხება დამთავრებას, ვერ ამთავრებ ურთიერთობას ადამიანთან, რომელთანაც მთელი შენი ცხოვრება გაკავშირებს, გყავს შვილი, მაგრამ დღეს უკვე დავამთავრე, იმიტომ რომ ის ცოცხალი აღარ არის.

– „იმ ძველ ვენებში ერთი წვეთი სისხლიც არ დარჩა“?

– ასეა ნამდვილად. კიდევ ერთ ლექსში მაქვს – „ბევრჯერ დამცხრილეს, ფენიქსივით მაინც აღვსდექი, და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი, რაც დამრჩენია“. მე იმდენად მიყვარს სიცოცხლე... ელისაბედმა თქვა: მე ჯვარი დავიწერე ინგლისზეო. მე ვამბობ: მე ჯვარი დავიწერე სიცოცხლეზე და ვერავინ და ვერაფერი ვერ ამყრის.

– ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეიძლება, როცა გიყვარს?

– სამჯერაც. რამდენადაც გიყვარს, იმდენად პატიობ. და რამდენადაც ხვდები, რომ პატიება გაცვდა, ხვდები, რომ სიყვარულიც გაცვდა. როცა გიყვარს, სულ გინდა მისი გამართლების მიზეზები აღმოაჩინო. სიყვარულს იმდენი ფერი აქვს... ყველა ფერს ერთად ვერ წაშლი, ვერ გაამკრთალებ. შენთვის გიყვარს, შენი სიცოცხლის გადასარჩენად გიყვარს, გგონია, რომ იმის იქით არაფერია და არ გინდა მარტო დარჩე. მარტოობასა და განმარტოებას შორის დიდი სხვაობაა. მარტო დარჩენაზე უარესი არაფერია. 

– წელიწადის რომელი დრო ხართ?

– სექტემბერში დავიბადე, მაგრამ რეალურად წელიწადის აბსოლუტურად ყველა დრო ვარ. ზოგჯერ ზამთარივით ცივი, მაგრამ უმეტესად მაინც, ალბათ, გაზაფხული ვარ, სულ ახლის დაწყება მინდა. 

– ახლა რას იწყებთ?

– პროზაზე ვმუშაობ, ამან გამიტაცა. ტვინში სულ რაღაცას ვიწყებ ახალს.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი