სკანდალური ფაქტი თბილისის სკოლაში - სახელმძღვანელო, სადაც აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია

10:59 02-05-2018
472

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

სკანდალური ფაქტი, რომლის შესახებ „პრაიმტაიმს“ თავად მოსწავლის მშობელმა უამბო, შესაძლოა, შესაბამისი უწყებების მოკვლევის საგანი გახდეს. საუბარია თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე. მშობელი ყვება, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ასწავლიან სახელმძღვანელოთი, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო, ისევე როგორც ოკუპირებული ყირიმი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად არის აღიარებული. 

თბილისში, ისნის რაიონში კერძო რუსულენოვანი სკოლა „ინტელექტი“ 2006 წელს დაარსდა.

საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს N0731076 ლიცენზიისა და ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 18 იანვარს N2 გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვა, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, შესაძლოა, სკოლის ავტორიზაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგეს.  

სკოლა საგანმანათლებლო მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთათვის სწავლის სასურველი ენა რუსულია. სკოლაში 17 ეროვნების 12 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს, საერთო ჯამში კი 350 მოსწავლე ირიცხება.

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად მოგვიყვა, როგორ მოხვდა მათ შვილებთან სახელმძღვანელო, სადაც ცალსახად უგულებელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენი რესპონდენტი  ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა,  სკოლის ადმინისტრაციამ წიგნებში შესწორების შეტანა სცადა, თუმცა საკმაოდ უცნაური მეთოდით – სკოლამ რუსეთის დამახინჯებულ რუკას თეთრი ფურცლები გადააკრა.

– ამ ფაქტის შემდეგ მე პოსტიც დავწერე ერთ-ერთ ჯგუფში, სწორედ ამ პოსტის გამოქვეყნებას მოჰყვა ის, რომ სკოლამ მეორე დღესვე ყველა წიგნი გადააკეთა, თუმცა ეს მხოლოდ სკოლის პრობლემა არ გახლავთ. ასეთი წიგნები თითქმის ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ. თბილისში, კერძოდ, ვაგზლის ტერიტორიაზე ბევრი დახლია, სადაც იყიდება ასეთი წიგნები – სახელმძღვანელოები, სადაც აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი ერთი, რუსული დროშის ქვეშაა მოქცეული. წარმოიგინეთ, რას დაწერენ ამ წიგნებში ისტორიის შესახებ. 

– თქვენ ამბობთ, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სკოლამ ყველა წიგნი გადააკეთა?

– დიახ, იმ დღესვე შეცვალეს, მაგრამ როგორ შეცვალეს, იმასაც აქვს მნიშვნელობა. მათ, უბრალოდ, ფურცლები გადააკრეს ამ რუკას. 

– შეხვდით სკოლის რომელიმე წარმომადგენელს ამ საკითხზე სასაუბროდ?

– ყველა მასწავლებელს შევხვდი, ასევე დირექტორსაც. ბოდიშები მიხადეს და პატიება მთხოვეს მომხდარი ფაქტის გამო... უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ ყველა წიგნს და საგანგებოდ ვამოწმებ. მე ასე ვიტყვი – ძალიან უსიამოვნო შემთხვევაა, რომ ასეთი ლიტერატურის ყიდვა ყველგან შესაძლებელია თბილისში. ასეთი წიგნები უკრაინაში რომ აღმოეჩინათ, ყველა გამყიდველს დაიჭერდნენ, ხოლო სკოლაში აღმოჩენის შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემები შეიქმნებოდა. 

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაციის გადამოწმება სკოლის დირექტორთან  ორესტ პესჩანენკოსთან სცადა, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. 

„Без комментариев“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა და თავის თანაშემწესთან ნიკოლოზ ჩხარტიშვილთან გადაგვამისამართა. თანაშემწემ სრული პასუხისმგებლობა მშობელს დააკისრა, თუმცა არ უარყო, რომ მომხდარის გამო, იგივე მშობელს სკოლის ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა.

ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, დირექტორის თანაშემწე:

– როგორც მოგეხსენებათ, სკოლა არის რუსულენოვანი, შესაბამისად, ბავშვებს ქართული არ ესმით და ყიდულობენ რუსულ სახელმძღვანელოებს, მაგრამ სკოლა ამას რეკომენდაციას არ უწევს. სკოლაში არის შექმნილი სპეციალური საბჭო, რომელიც ამოწმებს ყველა წიგნს, რომელიც შემოდის სკოლაში და მხოლოდ ამის შემდგომ აძლევს რეკომენდაციას მოსწავლეებს. ამ მშობელმა ეს წიგნი არ მოიტანა სკოლაში შესამოწმებლად, მან საკუთარი სურვილით შეიძინა ის, ჰქონდა მთელი სემესტრის განმავლობაში სახლში, მას არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოწმდება სკოლაში ეს წიგნები, რადგან მშობელთა კრებაზეც არ მოსულა. შემდეგ კი დადო პოსტი ჩვენს გასაკრიტიკებლად, ჩვენ ამ მშობლისთვის რეკომენდაცია არ მიგვიცია! 

– ანუ გინდათ თქვათ, რომ მშობელმა თვითნებურად შეიძინა ეს სახელმძღვანელო, მთელი ნახევარი სემესტრის განმავლობაში ბავშვი სწავლობდა ამ წიგნით და სკოლამ ვერ შეამჩნია  ეს ფაქტი?

– ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ბავშვს საერთოდ არ მოუტანია ეს წიგნი სკოლაში, სახლში რით მეცადინეობდა, არ ვიცით. 

– ანუ პასუხისმგებლობას მშობელს აკისრებთ? გამოდის, რომ ასეთი წიგნები თავისუფლად იყიდება...

– დიახ, საქართველოში ეს წიგნები აბსოლუტურად თავისუფლად იყიდება. გაიარეთ ბაზრობებზე და თქვენ თავისუფლად იპოვით ისეთ წიგნებს სადაც, ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაშია მოხსენიებული.

– სკოლას ერთიანი სტანდარტი არ აქვს? კონკრეტულად რა წიგნით უნდა ისწავლოს მოსწავლემ? ნებისმიერ მშობელს შეუძლია თვითონ შეიძინოს წიგნი და იმ წიგნით ასწავლოს შვილს? 

– სკოლა იძლევა რეკომენდაციას, რა წიგნი უნდა შეიძინოს მშობელმა, რა წიგნით ისწავლოს ბავშვმა, მაგრამ კონკრეტულად ამ მშობლისთვის ჩვენ არ მიგვიცია რეკომენდაცია, მან თვითნებურად შეიძინა... ჩვენი კერძო სკოლაა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვერ გადავცემთ წიგნებს საჩუქრად.

– თქვენ ამბობთ, რომ მშობლისთვის ამ წიგნის ყიდვის რეკომენდაცია არ მიგიციათ, მშობელმა კი აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მას სკოლის ადმინისტრაციამ, კერძოდ, დირექტორმა და მასწავლებლებმა ბოდიში მოუხადეს. რისთვის მოუხადეთ ბოდიში მას?

– ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ და არ ვამბობთ, რომ ამ წიგნზე მშობელს რეკომენდაცია მივეცით. ეს ადამიანი გაუგებრობაში თვითონვე მოხვდა. აი, მაგალითად, როდესაც მეტროსადგურში ვინმეს დაეჯახებით, ხომ უხდით ბოდიშს?  ხანდახან როდესაც ჩვენი დანაშაულია, ჩვენვე ვიხდით ბოდიშს, სკოლამაც ასეთი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა სიტუაციის განსამუხტად, რომ რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო. ეს, უბრალოდ, პრობლემის მოგვარების სურვილიდან გამომდინარე გავაკეთეთ და არა იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ ვცნობთ. 

– ბატონო ნიკოლოზ, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა თქვენს სკოლაში... ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 3 წლის წინათ ასეთივე წიგნები შეიტანეს თქვენს სკოლაში, როგორ ხდება, რომ მუდმივად ასეთ სკანდალებში ეხვევით?

– მაშინ ეს წიგნები შემოიტანეს სკოლაში, მაგრამ ის სასწავლო პროგრამაში არ ჩასმულა, სპეციალურმა საბჭომ წიგნები შეამოწმა და მოხმარებიდან ამოიღო. ეს წიგნები შემთხვევით მოხვდა ჩვენს სკოლაში. ჩვენ გვყავდა წიგნებით მომმარაგებელი, რომელსაც ვუკვეთდით წიგნების ბეჭდვას. ეს ფაქტი მოხდა 2015 წელს და მოვთხოვეთ მას 2007 წლის გეოგრაფიის წიგნის შემოტანა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის, ჩვეულებრივად, საქართველოს შემადგენლობაში, თუმცა მომმარაგებელმა მოგვიტანა უკვე უახლესი წიგნები, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის საზღვრებშია მოქცეული, სწავლება ამ წიგნებით არ მომხდარა. 

ამის შემდეგ ჩვენ კვლავ მშობლის პოზიციით დავინტერესდით. ის ამბობს, რომ „აღნიშნული წიგნის შეძენა თავად სკოლამ ურჩია და მისი შვილი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ამ სახელმძღვანელოდან სწავლობს“.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი პროტესტის შემდეგ სკოლამ წიგნები თვითონვე გადააკეთა და ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემის შვილისთვის შეძენილი. ჩვეულებრივ, ბავშვები ამ წიგნით გადიან პროგრამას“. 

„პრაიმტაიმი“ თავად შეეცადა, გაერკვია, სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წიგნის მაღაზიებში უშუალოდ გამყიდველებს გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ წიგნი, სახელწოდებით „Окружаюший Мир“-ის ყიდვა მართლაც შესაძლებელია. მისი ფასი 35 ლარია და ორ ნაწილად იყიდება. „პრაიმტაიმმა“ ის რუკებიც იხილა, რომელზეც პრეტენზია გამოთქვა მოსწავლის მშობელმა. გამყიდველმა ისიც აღნიშნა, რომ სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეების მშობლები ხშირად ყიდულობენ ამ წიგნს.

„ეს წიგნი რუსეთიდან შემოდის, მე ამ წიგნის 2 ეგზემპლარი „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შემდეგ გადამირჩა, ჩვენთან სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეების მშობლები ხშირად მოდიან და ყიდულობენ ამ წიგნს. ამ სკოლის გარდა, არავის შეუძენია „Окружаюший Мир“-ის დასახელების წიგნი. რამდენიმე ხნის წინ უფრო იყო მოთხოვნა ამ წიგნებზე, მაგრამ ამჟამად ვისთან თანამშრომლობს სკოლა, ჩემთვის უცნობია“, – გვითხრა წიგნის გამყიდველმა ქალბატონმა.

„პრაიმტაიმი“, ცხადია, განათლების სამინისტროს პოზიციითაც დაინტერესდა. როგორც ჩანს, უწყება აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს და არც ის იცის, კონკრეტულად როგორ მოხვდა თბილისის სკოლაში მსგავსი სახელმძღვანელო. სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნულ სკოლაში მსგავსი გაუგებრობა ნამდვილად იყო სამი წლის წინათ, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ პრობლემა დროულად აღმოფხვრა. დაინტერესდება თუ არა უწყება ამ კონკრეტული ფაქტით, ამას უკვე მოგვიანებით გავარკვევთ. ისევე როგორც შევეცდებით, მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია, როგორ ხვდება სავაჭრო დახლებზე წიგნები, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.