მეზღვაურის სიყვარულის ისტორია - "ყოველი მისი დაბრუნება პირველ შეხვედრას ჰგავს" (Exclusive)

18:14 01-26-2018
703

"პრაიმტაიმის" ორიგინალური ქორწილის სტუმარია მეზღვაური მალხაზ გოგროჭაძე და დიანა ქონიაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

გაცნობა და მოვლენების განვითარება
ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით 4 წლის წინ გავიცანით. იმ პერიოდში მალხაზი ნაოსნობაში იყო. პირველი ინიციატივა მან გამოიჩინა. საერთო ენა პირველი საუბრიდანვე გამოვნახეთ და ორივეს ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. გაცნობიდან ორ თვეში საქართველოში დაბრუნდა და ახლოს გაცნობის სურვილი გამოიჩინა. შემდეგ დაიწყო შეხვედრები, საუბრები, როგორც ხდება ხოლმე. სიურპრიზებით სავსე ადამიანია. ნებისმიერ დროს ნებისმიერი მანძილიდან ცდილობდა ჩემს გახარებას, გაოცებას და ეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ძალიან რთულია და საპასუხისმგებლოა იყო მეზღვაურის მეორე ნახევარი. ფაქტობრივად, ცხოვრების ნახევარს ატარებ მოლოდინში, განცდაში, მონატრებაში, მაგრამ სირთულესთან ერთად ორმაგად დიდი ბედნიერებაა როცა ბრუნდება, ყოველი მისი დაბრუნება პირველ შეხვედრას ჰგავს, მიახლდება განცდები და უფრო ძლიერდება.

საქორწილო სამზადისი
​ძალიან რთული იყო, რადგან დამოუკიდებლად მიწევდა ყველაფრის გადაწყვეტა და მოგვარება. ჩემი საქმრო ქორწილამდე 20 დღით ადრე დაბრუნდა საქართველოში, ეს 20 დღე იყო დატვირთული ყოველმხრივ, ემოციურად და ფიზიკურად, ვიყავით გადარბენებზე. ქორწილი შემოდგომაზე გვქონდა. ქორწილი ფოიერვერკისა და ფრანების ფონზე, ტორტის გაჭრითა და თაიგულის სროლით დასრულდა მოგზაურობა ქორწილის შემდეგ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გავემგზავრეთ, სადაც დაუვიწყარი 1 თვე გავატარეთ.

რჩევა მომავალ პატარძლებს
ვურჩევ ნაკლები ინერვიულონ და ცოტათი ადრე დაიწყონ ყველაფრის მოგვარება, რადგან დრო არასდროს არ არის საკმარისი. სჯობს ბოლო კვირა მშვიდად და გადარბენების გარეშე გაატარო, ვიდრე დაღლილმა და გამოუძინებელმა. ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება ფოტო და ვიდეო გადაღებას ენიჭება, ეცადეთ აირჩიოთ საუკეთესო.. ასევე მუსიკას, რეპერტუარი მეტწილად წარმართავს ქორწილის მსვლელობას. ქორწილის დღეს კი არ ინერვიულონ. გაიღიმეთ, როცა ვიღიმით ყველაფერი საუკეთესოდ გამოდის!

ფოტოები: msx studio

ავტორი: თეონა აბესაძე