გადაჭარბებით არის შესრულებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია - მამუკა ბახტაძე

14:10 01-19-2018
34

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ფისკალური წელი შეაჯამა და ისაუბრა მიღწეულ ფისკალურ პარამეტრებზე და სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია. 

"საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პარლამენტს გუშინ წარედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება და დეტალები ყველასთვის ხელმისაწვდომია ხაზინის ვებგვერდზე. 

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131,5 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618.7 მლნ ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან მიმართებაში 12%-ს, 1 მილიარდ 244.6 მლნ ლარს შეადგენს", - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, გადაჭარბებით არის შესრულებული საშემოსავლო ნაწილის ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია:

"სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები გადაჭარბებულია 11.3 მლნ ლარით (8 მილიარდ 991.3 მლნ ლარი); 19.4 მლნ ლარიანი გადაჭარბება გვაქვს გრანტებიდან მიღებულ შემოსავლებში (350.6 მლნ  ლარი); 23.4 მილიონი ლარით გადაჭარბდა სხვა შემოსავლები (408.4 მლნ ლარი); 7.6 მლნ ლარით გადაჭარბდა არაფინანსური აქტივების პრივატიზაციიდან მისაღები თანხები (97.6 მლნ ლარი); 34.1 მლნ დამატებით მივიღეთ ფინანსური აქტივებიდან (119.1 მლნ ლარი); ვალდებულებების ზრდაში სრულად იქნა ათვისებული დაგეგმილი მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო დაფინანსების კუთხით (სულ ვალდებულებების ზრდა - 1 მილიარდ 651.6 მლნ ლარი). 

100%-ით (100,4%) არის შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდ 472.6 მლნ ლარით, 14.3%-ით აღემატება", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა.

"თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 100%-იანი (102,4%) შესრულების მაჩვენებელი, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების იმ მნიშვნელოვან მიმართულებაში, რასაც სივრცითი მოწყობა ჰქვია, ამ სამინისტროს განსაკუთრებული მიზნები და ამოცანები აქვს განსაზღვრული.  1 მილიარდ 355.2 მლნ ლარის ათვისება განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39.4%-ით, 383.3 მლნ ლარით აღემატება", - განაცხადა ბახტაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე