ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

23:59 01-17-2018
38

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად,  უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბისთან გამართა. 

საუბრის მთავარი თემა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხები იყო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას  ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

რეგიონში არსებულ საერთო გამოწვევებზე საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ  ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

საუბარი, ასევე,  შეეხო საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნების დასავლური მისწრაფებების, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლობითი შემადგენლობა უკრაინულ-ქართული თანამშრომლობის მიმართ მაღალ ინტერესს ცხადყოფს. მისი თქმით, ქართველ და უკრაინელ ხალხს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს.  პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 „ხალხებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა    განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. 

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმისათვის, რომ ისინი მთელი ამ წლების მანძილზე განუხრელად უჭერდნენ მხარს ჩვენ სუვერენიტეტს და  ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში უკრაინა, ჩვენი უკრაინელი მეგობრები იდგნენ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გვერდით. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ვადასტურებთ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერას.  ვგმობთ ყირიმის ანექსიას და ასევე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. 

ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ჩვენს საერთო მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენი საერთო მიზანია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ძალისხმევის გაერთიანება ამ კუთხითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები იმისათვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ და საერთო ინტერესების რეალიზება შევძლოთ. 

პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება.  ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რესურსები და ტრანზიტული სტრატეგიული ფუნქცია. ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინას შორის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინა მადლიერია მხარდაჭერისთვის და მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველო და უკრაინა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 

ანდრიი პარუბიმ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან გასამკლავებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ენიჭება.  უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის მარტში, მოლდოვაში, პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება. 

„ვიცით, თუ რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია. კარგად გვახსოვს რა მოხდა 2008 წელს. საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა. დღეს ჩვენ ვიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც  საქართველოს ამ კუთხით გააჩნია და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. 

ვიცით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. მარტში, კიშინიოვში პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება, სადაც, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ  ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ეს მნიშვნელოვანია  შავი ზღვის და ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის. 

რეგიონალური თანამშრომლობა და რეგიონალური ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის და ვიმედოვნებ,  რომ საქართველო და უკრაინა უახლოეს მომავალში დასავლური სტრუქტურების სრულყოფილი წევრები გახდებიან“,- განაცხადა ანდრიი პარუბიმ. 

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აბრეშუმის გზის პროექტს შეეხო. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. 

 „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს. ასევე,  საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელებას. უკრაინას შეუძლია, ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს და უახლოეს მომავალში გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები“,- განაცხადა ანდრიი პარუბიმ. 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.