Facebook-ის პრიორიტეტები იცვლება - რა სიახლეს სთავაზობს ცუკერბერგი მომხმარებელს

21:46 01-12-2018
683

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის ახალი ამბების პოლიტიკას ცვლის. ინიციატივის მიხედვით, Facebook-ზე მნიშვნელოვნად შემცირდება სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდება ოჯახის წევრებისა და მათთვის ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები.

ცუკერბერგის თქმით, ბოლო დროს, ბრენდების, ბიზნესორგანიზაციების, მედიასაშუალებების პოსტებმა პერსონალური ისტორიები გადაფარა, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ და რაც Facebook-ის მთავარი მიზანია.

მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგიც ასეთია – როდესაც ადამიანები სოციალურ ქსელს მათთვის საყვარელ ადამიანებთან დასაკავშირებლად იყენებენ, ისინი თავს გაცილებით უკეთესად და ნაკლებად მარტოსულად გრძნობენ.

მარკ ცუკერბერგი იმედს იტოვებს, რომ ცვლილებების შემდეგ დრო, რომელსაც ადამიანები Facebook-ზე ატარებენ, მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა ის გაცილებით საინტერესოდ იქნება დახარჯული, ვიდრე დღემდე.

ცვლილებები Facebook-ზე რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.

წყარო: 1tv.ge