რძის პროდუქტების 11 კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

19:32 01-12-2018
1989

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, მათ შორის, 373 ინსპექტირება და 51 დოკუმენტური შემოწმება. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან.

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24  ბიზნესოპერატორი. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე - 120 ნიმუში, სალმონელაზე - 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა.

რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება„ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” მითითება დაუშვებელია.

ცვლილებები შეეხო ასევე „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენებაშესაძლებელია კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39% ს და არაუმეტეს 79% - ს შეადგენს. დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი -«კარაქის» გამოყენება, 
მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის  გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ანსხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. 
რძის ტექნიკური რეგლამენტი იცავს როგორც მომხმარებლის უფლებას, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.