რატომ არ ესწრებოდა პრეზიდენტი ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიას

17:25 01-12-2018
59

დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ევა გოცირიძემ ფიცი დადო.  ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცარიელი იყო სკამი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის იყო განკუთვნილი.

პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს არ დასწრებია.

“პრეზიდენტი იყო მოწვეული, რატომ არ ჩამობრძანდა ვერ გეტყვით,” – განაცხადა ევა გოცირიძემ ფიცის დადების შემდეგ ჟურნალისტებთან.

"პრაიმტაიმის" საკითხის გასარკვევად პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრება სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ვერ მოახერხა. შეკითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა დღეს პრეზიდენტი, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. 

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძე  გასული წლის დეკემბერში აირჩია. გოცირიძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი