რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს - აშშ-ის სენატი

15:14 01-12-2018
23

 რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის გარდა, რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყანაში პროპაგანდისტულ ძალისხმევას.

ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

200-გვერდიან დოკუმენტში, სახელწოდებით „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება.

ანგარიში კონგრესში გავლენიანმა სენატორმა, ბენ კარდინმა წარადგინა.

„მაგალითად, როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „ობიექტივი“ რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერს მხარს „ობიექტივის“ ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ნარატივი დაეხმარა „პატრიოტთა ალიანს“, მოხვედრილიყო პარლამენტში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში რუსული პროპაგანდა უცნაურის ზღვარზეა.

„მაგალითად, რუსული პროპაგანდის მტკიცებით, აშშ „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს“ საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად იყენებს. საქართველოს მთავრობის თანახმად, ქვეყანაში აქტიურია რამდენიმე პრორუსული ჯგუფი, მათ შორის სტრატეგიული სწავლების რუსული ინსტიტუტი და ფონდი „რუსკი მირი“ – ორი ცნობილი ინსტიტუტი, რომელსაც კრემლი იყენებს საზღვარგარეთ თავისი გავლენის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ასევე უკრაინასა და სომხეთში, მართლმადიდებელ მშობელთა კომიტეტები, რომლებიც წარმოადგენენ რუსული მართლმადიდებელი კომიტეტების ანალოგებს, ახორციელებენ თავდასხმებს ლგბტ და ფემინისტურ ჯგუფებზე.

„ეს კომიტეტები ამტკიცებენ, რომ გენდერული თანასწორობა არის დასავლური  კონსტრუქცია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპაში ჰომოსექსუალობის  გავრცელებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

1TV.GE