არის თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი იგივე Temirlan Pankisski, რომელიც "ფეისბუქზე" ISIS-ის მხარდამჭერ ვიდეოებს ავრცელებდა

13:54 01-12-2018
7456

თემირლან მაჩალიკაშვილი, იგივე თემირლან პანკისკი - აღნიშნულ "ფეისბუქ" პროფილზე ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის მხარდამჭერი და პროპაგანდისტული არაერთი ვიდეო დევს. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

"ტაბულას" ინფორმაციით, დიდი ალბათობით, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii. მისი Fb-ნაცნობები თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებზე სწორედ Temirlan Pankisskii-ს ნიშნავდნენ. თავადაც ატვირთული აქვს 19 წლის მაჩალიკაშვილის ფოტო. 

გარდა ამისა, Temirlan Pankisskii-ს მეგობრებში ჰყავს თემირლან მაჩალიკაშვილის დები - ნატა და ნათია. ერთ-ერთი მათგანი მონიშნულიც ჰყავს - როგორც და. 

2016-2017 წლებში, Temirlan Pankisskii-ს არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს ისლამური სახელმწიფოს ერთერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ISiS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი უყენია.

ისლამური სახელმწიფოს ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankisskii ავრცელებდა, აწერია, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით - ეკუთვნის თუ არა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს, შესწავლილი აქვს თუ არა სუს-ს გვერდის შინაარსი და თუ იცოდა გვერდის არსებობის შესახებ, რატომ არ ასაჯაროებდა ამ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში. სუს-ი დაგვპირდა, რომ დაგვირეკავენ. საათზე მეტია, მათ პასუხი არ მოუწოდებიათ. სუს-ის ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ კი, გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის თანამშრომლებმა საწოლში, მძინარეს ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. სუს-ის განცხადებითვე, ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს.