სარაგბო კლუბ „არმიას“ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს - მორაგბეების პროტესტი

14:05 01-08-2018
41

სარაგბო კლუბ „არმიას“ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატს კლუბი შუა სეზონზე გამოეთიშება. კლუბ „არმიას“ მორაგბეები დღეს თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ და დაფინანსების გაგრძელებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი მაისამდე იყო დადებული, ახლა კი იანვრიდან კონტრაქტის გარეშე დარჩნენ. მორაგბეების თქმით, ამ დროისთვის ისინი გუნდის გარეშე რჩებიან, რადგან ტრანსფერის ეტაპი დასრულებულია. მორაგბეების თქმით, 30 ადამიანი ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

აქციის წევრების თქმით, მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, არავინ არ შეხვდა მათ.

„დაფინანსება თუ არ იქნება ვერც ვივარჯიშებთ, მოედანზე არავინ არ შეგვიშვებს. ელემენტარული ფინანსები არ არის გუნდში, რომ რაღაც ჩვენით მაინც მივაღწიოთ და გავიტანოთ ეს თვეები,“ - განაცხადა კლუბ „არმიას“ მორაგბემ, გოდერძი ჭინჭარაულმა.

კლუბ „არმიას“ პრეზიდენტი, ზოდიკო ფარქოსაძე აცხადებს, რომ კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით ისინი საქმის კურში არავის ჩაუყენებია.

„ჩვენთვის არაფერი ცნობილი არ იყო ამდაგვარი და არც არანაირი წერილობითი მომართვა არ გაუვრცელებია ჩვენთვის და არც ჩავუყენებივართ საქმის კურსში. კონტრაქტი დადებული რომ იყო, მერე დაიწყო ამ გუნდის არა დაფინანსებაზე, არამედ სხვა უწყებაზე გადაცემაზე საუბარი. კერძო პირებიც იყვნენ იქ და ასევე, ერთ-ერთ სსიპ-ში უნდოდათ გადაყვანა, მაგრამ რეალურად, ეს არ განხორციელდა,“ - განაცხადა ზოდიკო ფარქოსაძე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მაისში კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად აცნობეს, რომ გუნდს დაფინანსება შეუწყდებოდა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტში აღარ შედის სხვადასხვა სპორტული კლუბების დაფინანსება. 

შედეგად, 10 გუნდიანი ტურნირი 9 გუნდით გააგრძელებს ასპარეზობას.