დღევანდელი გადაწყვეტილებით კონსტიტუცია დაირღვა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

10:50 01-05-2018
26

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის შეფასებით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართვლოს კონსტიტუცია დაირღვა.​

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, არაერთი სამართლებრივი ნორმა დაირღვა. 

"აშკარად იკითხება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შეუძლებელი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ

მხარეების გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ მიუღიათ, ამიტომ ადვოკატისათვის უცნობია, თუ ვისზე და რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ,

როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სა წლიანი პატიმრობა მიესაჯა.  აღნიშნული განაჩენი არის პირველი, რომელიც საქართველოს სასამართლოებში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიტანეს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მას სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ედავებოდნენ.

კერძოდ კი, გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა.