რა ჯდება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში და რატომაა უფრო მისაღები გვამური დონაცია ქირურგებისთვის - Exclusive

12:05 12-20-2017
1717

რამდენიმე წელია, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. აქედან ცხრა ოპერაცია „ავერსის“ კლინიკის ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის ხელმძღვანელის, კობა შანავას მიერ არის ჩატარებული. ბატონი კობა დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია და თავად გიამბობთ იმ პრობლემებსა თუ მნიშვნელობებზე, რაც ამ ოპერაციებთანაა დაკავშირებული.

– ბატონო კობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის. პირველ რიგში, გვიამბეთ, როდის დავნერგეთ ეს სიახლე მედიცინაში ჩვენს ქვეყანაში და რამდენად ვართ მზად იმისთვის, რომ პროფესიონალურად გავუწიოთ დახმარება პაციენტებს ამ თვალსაზრისით?

– ღვიძლის ტრანსპლანტაციას არ აქვს დიდი ისტორია საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში პირველად ეს ოპერაცია ჩატარდა 2013 წელს. „ავერსის“ კლინიკაში 2015 წელს დავიწყეთ ეს ოპერაციები. გავიარეთ კვალიფიკაცია სამხრეთ კორეაში, სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში. ამ დროისთვის ღვიძლის უკვე 9 გადანერგვა გვაქვს გაკეთებული ცოცხალი დონორიდან. ბოლო ოპერაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს კლინიკაში ჩატარდა პირველი პედიატრიული ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორისგან. 4 წლის ალექსანდრეს მამამ მისცა ღვიძლის წილი. ბავშვი თავს კარგად გრძნობს. 

– როგორც ვიცი, უცხოეთში გვამურ ტრანსპლანტაციას ანიჭებენ უპირატესობას. რატომ?

– მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ზოგადად, დარგის, ტრანსპლანტოლოგიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გვამურ დონაციას. ეს ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის მიღებული, დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან.

– რა პრობლემებია ესენი?

– პირველ რიგში, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს გვამური დონაცია. ასაწყობია სისტემა, რაც მგონია, რომ ამ დარგის განვითარების ერთადერთი გზა იქნება. დღეს დონორად ვიყენებთ ცოცხალ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელს. დონორი უნდა იყოს აუცილებლად ადამიანი, რომელსაც არანაირი დაავადება არ აქვს, სხვა შემთხვევაში დონორი  ვერ იქნება. და ასეთ ადამიანს ვუკეთებთ ღვიძლის გადანერგვის ურთულეს ოპერაციას. აქ საუბარია ღვიძლის 60-70%-ის მოცილებაზე, რაც სჭირდება რეციპიენტს. დარჩენილი 30 პროცენტი საკმარისია დონორის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირი რისკი ნულამდეა დაყვანილი, არ არსებობს ქირურგიული ჩარევა, რომელიც გარკვეულ რისკს არ შეიცავს. ღვიძლის რეზექცია ერთ-ერთ ურთულეს ოპერაციდ ითვლება ქირურგიაში. გაცილებით მარტივად იქნებოდა ყველაფერი, თუ ქვეყანაში იარსებებდა ტრანსპლანტაცია გვამური დონორიდან. ღვიძლის წილს ავიღებთ ადამიანის ორგანიზმიდან, რომელსაც ცხოვრების გაგრძელების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, სადაც საუბარია ტვინის სიკვდილზე. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში დაწყებულია შეუქცევადი პროცესი, რომლის მოტრიალება ვერანაირად ვერ ხერხდება და ეს ადამიანი განწირულია. როცა ამ დროს არის შანსი, რომ ასეთი ადამიანის ორგანოებით რამდენიმე ადამიანი გადავარჩინოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ! ქირურგები დამეთანხმებიან, რომ ტექნიკურადაც გაცილებით მარტივია გვამური დონორით ჩატარებული ოპერაცია. 

– როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოების შეხედულება გვამურ დონაციაზე?

– საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რას ნიშნავს, იყოს ადამიანი დონორი, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელია გადარჩეს სხვა ადამიანების სიცოცხლე. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში. 

– ვიცი, რომ 9 პაციენტს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეთ...

– საკმაოდ რთული იყო, ზოგადად, ამ ოპერაციებისთვის მზადების პროცესი. აეწყო ბაზა, გადამზადდა კადრები, ამ მხრივ დიდი დახმარება გაგვიწია სეულის ნაციონალური კლინიკის ქირურგიული სამსახურის ჯგუფმა. ისინი ჩამოვიდიან საქართველოში და მხარში გვიდგანან. ღვიძლის ტრანსპლანტაცია ძალიან დიდი ოპერაციაა, მასზე რამდენიმე ბრიგადა მუშაობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადანერგვა ცოცხალი დონორიდან ხდება. პრაქტიკულად ორი ოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობს. 

– რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი, უცხო სხეულთან უწევს პაციენტს შეგუება...

– სხვა ქირურგიული ჩარევა ტრანსპლანტაციას ნამდვილად არ ჰგავს.  ტრანსპლანტაციის შემდგომ პაციენტი და ექიმი არ ემშვიდობებიან ერთმანეთს. ეს არის ხანგრძლივი ურთიერთობის პერიოდი. არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის პოსტოპერაციული მართვა. ყოველ წუთს მოსალოდნელია გართულება. მოგეხსენებათ, გადანერგვის დროს ვიყენებთ სხვა ადამიანის ორგანოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რეციპიენტს დაენიშნოს იმუნოსუპრესია, რაც გულისხმობს პაციენტის იმუნური სისტემის დათრგუნვას. აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ ექიმსა და პაციენტს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ თანამშრომლობა. 

– ვიცი, რომ უცხოეთში ძალიან დიდია მოთხოვნილება მსგავს ოპერაციებზე, საქართველოში როგორაა ამ მხრივ საქმე?

– საქართველოში უამრავი ადამიანია ღვიძლის ციროზით დაავადებული. ამ დაავადებას ახლავს ისეთი გართულება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ასეთი ადამიანები იღუპებიან. ასევე, ჩვენთან არის ვირუსების, ჰეპატიტების ეპიდემია. ეს არის „ც“ და „ბ“ ჰეპატიტი. დღეს წარმატებით მუშაობს სახელმწიფო პროგრამა – „ც“ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომელმაც ფანტასტიკური შედეგი მოგვცა ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა ამით ეს პრობლემა არ ამოიწურა. ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ვირუსი და თან ციროზი, ვირუსისგან განიკურნენ, მაგრამ ციროზი რჩება. ყველა ეს პაციენტი არის გადანერგვის პოტენციური კანდიდატი.

– რა ჯდება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია?

– ეს მტკივნეული თემაა ყველასთვის და ჩემთვისაც, როგორც ექიმისთვის. ოპერაციის თვითღირებულება ძალიან ძვირია – ჩვენს კლინიკაში ეს ოპერაცია 175 ათასი ლარი ჯდება. მესმის, რომ ეს წარმოუდგენელი თანხაა ბევრისთვის.

– სახელმწიფო არ აფინანსებს?

– ჯერჯერობით სახელმწიფოს დახმარება ამ ოპერაციებში მინიმალისტურია, მაგრამ დაანონსდა რომ ახალი წლიდან სახელმწიფო დააფინანსებს ამ ოპერაციებს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ამბავს. 

– წარმატებებს გისურვებთ. 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი