(Exclusive) მიხეილ გიორგაძე ქეთი დოლიძეს პასუხობს - "ცივილურად საუბარი შევძელით..."

13:54 12-15-2017
387

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ადასტურებს, რომ თუმანიშვილის თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს, ქეთი დოლიძეს შორის კომუნიკაცია ნამდვილად შედგა.

როგორც მინისტრმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რაც შეეხება ქეთი დოლიძის განცხადებას, რომ მან შეძლო შეხვედრისას მინისტრი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რეჟისორმა კონფრონტაციული მიდგომა შეცვალა, საუბარი ცივილური და თბილი იყო.

"შეხვედრა ნამდვილად გვქონდა. მე ძალიან მიხარია გულწრფელად, რომ ქალბატონმა ქეთიმ შეცვალა კონფრონტაციული მიდგომა და ჩვენ შევძელით ძალიან თბილად და ცივილურად საუბარი. დარწმუნების რა მოგახსენოთ, როგორც ჩანს, ჩვენს პოზიციებზე დავრჩით ორივე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხელს არ გვიშლის თბილ და ცივილურ ურთიერთობაში", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ შეხვედრის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის შტატს დაუბრუნდეს, 

"იმ საშტატო განრიგის მიხედვით, რომელიც არსებობს თეატრში, ის არის ხელშეკრულებით. თუ თეატრი გადაწყვეტს, რომ რაიმე ოპტიმიზაცია ჩაატაროს საშტატო რაოდენობრივ ნაწილში და ამ ხერხით გამოათავისუფლოს რაიმე შტატი, ქალბატონი ქეთი ალბათ იმ შტატს დაიკავებს. თუმცა, ეს არის დაშვების თეორიის დონეზე ჩემი მხრიდან. ეს არის თეატრსა და მას შორის გასარკვევიდა დასალაგებელი, იგივე ეხება სპექტაკლებს. ეს საკითხი, დაიდგმება თუ არა მისი სპექტაკლები თუმანიშვილის თეატრში, მასა და თეატრს შორის გაირკვევა", - აღნიშნა მინისტრმა. 

გუშინ, თოქშოუ "რეაქციაში" რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განაცხადა, რომ მასსა და კულტურის მინისტრს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, სადაც მინისტრს საკუთარი სიმართლე დაუსაბუთა. ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში გააგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვს, თეატრში მისი სკექტაკლები აღარ დაიდგას. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე