„კრიმინალური პოლიცია მირეკავდა, რომელ სადარბაზოში ხარ, უნდა დაგაკავოთო“ - exclusive

13:37 12-11-2017
1227

თუ დამიჯერებთ, ორი ადამიანი ცხოვრობს მასში, მაშინაც კი, როცა კამერები არ არის ჩართული და როცა დიქტოფონიც გამორთულია, ქართლოს ნატროშვილი ექსპრეზიდენტის ხმაზე მეტყველებს და მისეულ მანერებსაც ვერ იმეორებს. ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით განიცადა. რასაკვირველია, შემთხვევით (მანამდე იტკინა, ალბათ), მაგრამ ჩვენთან ინტერვიუზე მოსულმა ხელებზე ბორკილების ნაიარევიც კი გვაჩვენა. სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა კაფეში, სადაც ინტერვიუ დავგეგმეთ, ასევე, სწრაფად მიმითითა ჩემი ადგილისკენ და თავადაც მოკალათდა საქანელაზე, რომელიც ორიგინალურ საკონდიტრო ბუტიკში „ბალთაზარ შერშია“ განთავსებული. თამაშში მეც ავყევი და თავდაპირველად ქართლოს ნატროშვილთან ინტერვიუ, როგორც მიშა სააკაშვილთან, ისე დავიწყე.

რამდენი ხანია საქანელაზე არ მჯდარხართ, ბატონო მიხეილ?

– პოლიტიკაც საქანელაა, ხან აქეთ გაგაქანებს, ხან – იქით. სხვათა შორის, ასეთი კაფე მინდა გავხსნა კიევის ცენტრში, სულ ვეუბნები ჩემს მეგობრებს ამაზე... 

– არა მგონია, ახლა საქანელებზე საფიქრალი დრო გქონდეთ. მძიმე დღეები გამოიარეთ, მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი...

– ბოლო დროს  ჩემი ცხოვრება ძალიან ხმაურიანი და დრაივიანი გახდა, მაგრამ ის ღამე ძალიან მძიმე იყო. წუთიწუთზე ველოდებოდი ზარს. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, მარტო არ დარჩე, მიშაო, მაგრამ ყოველდღე ოლიგარქების ფიქრში არ ვატარებ. კარზე ძლიერი ბრახუნი რომ გავიგე, პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ძლიერი კარი მაქვს და ვერ შემოანგრევდნენ. კიევის ცენტრში მაქვს ნაქირავები ბინა. კარი გადავკეტე და ვფიქრობდი, როგორ გამეჭიანურებინა მათი ჩემამდე მოსვლა. კიევს ეძინა ამ დროს. ან ქვევით უნდა ჩავსულიყავი და ჩავბარებოდი, ან სახურავზე ავსულიყავი და კიევი გამეღვიძებინა. ავედი სახურავზე და დრო მოვიგე ამით. ეს იყო და ეს. მოადგეს მერე სახანძრო კიბე და ამოვიდნენ მაინც. 

– მართლა ვერ შემოანგრიეს კარი?

– ჯერ წამიკითხეს რაღაც მოთითხნილი ტექსტი, ის, რაც დილით პოროშენკოს მოაფიქრდა. ამათ მე კარს გავუღებდი, როგორ ფიქრობთ? ჩავკეტე კარი და ვუთხარი, არ მომეკაროთ-მეთქი. ამასობაში გამოიღვიძა უკრაინელმა ხალხმაც. მჯეროდა, რომ მაგრები იყვნენ, მაგრამ ამ დონემდე მაგრები? სრულიად უცხო ადამიანები...

– ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გადმოხტომას აპირებდით სახლის სახურავიდან...

– ინფორმაცია ბევრი ვრცელდებოდა, იმასაც ამბობდნენ, რომ მე ჩემი აქტივისტები გავაღვიძე და ისინი მოვიყვანე. ასეთ დროს მობილიზება როგორ უნდა გამეკეთებინა? ვისაც სახურავიდან მივესალმე, საბოლოოდ ისინი აღმოჩნდნენ იმ სამარშრუტო ტაქსის გარშემო, რომელშიც ჩამსვეს. საოცრება მოხდა გუშინ... კიდევ გაქვთ კითხვები?

– სულ სააკაშვილი უნდა იყო თუ ხანდახან ქართლოსიც დაბრუნდება?

– შემოვა ქართლოსი შიგადაშიგ.

– ქართლოს, ქათინაური უნდა გითხრა, მართლაც საოცრად გამოგდის ექსპრეზიდენტის პაროდია. როდის მიხვდი, რომ ეს შეგეძლო?

– ეს მოხდა 2005 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდნენ თავისუფლების მოედანზე. ამ დროს კოლმეურნეობის მოედანზე ვიყავი. მიშას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ ხმაზე ლაპარაკი მეც შემეძლო. ძმაკაცებთან ერთად ვიდექი, ვცადე და გამომივიდა. 

– ეს ამბავი „რუსთავი 2“-მდე როდის მივიდა?

– მერე მეგობრები და ნათესავები მეუბნებოდნენ, „კომედი შოუში“ მიდიო, მაგრამ არ მქონია ამის სურვილი. იმიტომ კი არა, რომ რამე ამბიცია მქონდა. ბევრჯერ მაყურებლის რანგშიც დავსწრებივარ „კომედი შოუს“, ძალიან მაგარი გუნდია. უბრალოდ, ეს ქასტინგები მეზარებოდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ოცნება“ რომ მოვიდა, ჩემს მეგობარს ქორწილში სწორედ მიშას ხმაზე მივულოცე დაბადების დღე. ეს ვიდეო ინტერნეტში დაიდო და კომედი ჯგუფმაც ნახა.

– ცუდ დროს გამხდარხარ პრეზიდენტის პაროდისტი, უკვე ექსპრეზიდენტი იყო მიშა. 

– ეს კითხვა მიშამაც დამისვა. ჩემს ხმაზე ვერ შევკადრე, მაგრამ თავისავე ხმაზე ვუთხარი, – როცა დაგჭირდი, მაშინ გამოვჩნდი-მეთქი. 

– შენი პროფესია რა არის?

– იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ამ კუთხითაც ვგავარ ექსპრეზიდენტს. მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. 2008 წელს სტაჟიორად ვიყავი განათლების სამინისტროში, ეს იყო და ეს. 

– რას აპირებ, სულ მიშა უნდა იყო?

– რაც მიშა საქართველოდან წავიდა, თითქოს აქტუალობა დაკარგა ჩემმა პერსონაჟმა, მაგრამ რეგიონებში მაინც ვგრძნობ სიყვარულს. ყველგან შევდივარ, როგორც მიშა და ამით არ ვიღლები. ამას წინათ წყალტუბოს ბაზარში შევყევი ძმაკაცის ბიძას. მოხუცმა ქალმა დახლი მიატოვა და პატარა ქილა მოარბენინა ჩემთან, მურაბა იყო, ტირილით მოვიდა, უნდა გამომართვა, შენ დაგჭირდება კიევშიო. აქ ქართლოსი არაფერ შუაში იყო. ეს იყო მიშას და იმ ქალის შეხვედრა. 

– გაუგზავნე კიევში ექსპრეზიდენტს მურაბა?

– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შეჭამს, მე თუ მიშა (იცინის). ხომ ხედავ, გუშინ ბორკილები დაადეს და ნაიარევი მე გამიჩნდა ხელზე. ამასობაში დავრწმუნდი, რომ მიშა ჩემში ეკუთვნის ხალხს. 

– ქართლოს, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მოგიტყუებია ტელეფონით მიშას ხმით...

– მთავარია, კანონი არ დაარღვიო. კი, იყო ასეთი შემთხვევები. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: 2010 წელია, არავინ მიცნობს, არ ვარ გატელევიზორებული. ჩემთან დედულეთში სინათლე ჩაქრა. თებერვალია, ყინავს, ქარბუქია. მეზობლებმა მთხოვეს, იქნებ მიშას ხმით დაურეკო შესაბამის ორგანოებსო. ჩემი სოფელი სენაკის ბაზასთან ახლოს არის, ვერტალიოტები ხშირად დაფრინავენ. გადაიფრინა ერთმა და ზუსტად ამ დროს დავრეკე, – ახლა გადმოვიხედე ვერტალიოტიდან, ჩაბნელებულია და იქნებ მითხრათ მიზეზი-მეთქი. 17-კილომეტრიანი ტროსია გამწყდარი, ბატონო მიხეილ, და ორ კვირაში აღდგებაო, მიპასუხა დაბნეულმა. ვარშალომიძე უნდა ვნახო, ბათუმში მივფრინავ, რომ გადმოვიფრენ, სინათლე უნდა ენთოს სოფელში, დაიკაპიწეთ ხელები და ყველაფერი გააკეთეთ, ასეთ დროს უნდა ხალხს თქვენი გვერდში დგომა-მეთქი, – არ დავიხიე უკან. 4 საათში დენი გაუშვეს. მის მერე ჩემს სოფელში ელექტროენერგია არ გათიშულა... სოფელში არაფერი იმალება და იმასაც უთხრეს, ნელის შვილიშვილმა შეგისრულაო. დამიბარა კაბინეტში. იქაც მიშას პაროდიამ გადამარჩინა. შევედი ჩქარი ნაბიჯით და ვუთხარი, ჩემს თვალში შენ ხარ სუპერმენი-მეთქი (იცინის).

– ყველასთვის ცნობილია მიშას დამოკიდებულება ლამაზი ქალების მიმართ. ამაშიც ჰგავხარ ექსპრეზიდენტს?

– ქალებამდეც მივალ. ჯერ პატრულზე მინდა მოგიყვეთ. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მოიძებნება საქართველოში, როცა პატრული მაჩერებს. 8 წელია, მძღოლი ვარ, მაგრამ 8 წამით არ ვმჯდარვარ საჭესთან ნასვამი. პატარ-პატარა დარღვევები ყველას გვაქვს. კანონმდებლობაში წერია, რომ მანქანიდან არ უნდა გადმოხვიდე, უნდა დაელოდო, როდის მოვა პატრულის თანამშრომელი შენთან. მე შემიძლია, დაველოდო, როგორც ქართლოსი, მაგრამ მიშა არ დაელოდებოდა. ამიტომ გადმოვდივარ მანქანიდან, სწრაფი ნაბიჯით მივდივარ საპატრულო ეკიპაჟთან, მინაზე ვუკაკუნებ და ვეუბნები, – გადმოდით ორივე.  ხშირად ღიმილით მაცილებენ... რაც შეეხება ქალების თემას, აქაც ორმაგი გემოვნება მაქვს. შეიძლება მე მომეწონოს გოგო და ამ დროს მიშას ხმით ქართლოსმა მითხრას: კაი რა, ქართლოს, ეგ მოგეწონა (იცინის)?

– ასე კარგად რომ იცნობ ექსპრეზიდენტს, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მასთან უშუალო შეხება გქონია. ვიცი, რომ მასთან კახეთშიც ხარ ნამყოფი, ყურძენიც დაგიწურავთ ერთად... მის ოჯახს იცნობ...

– სიმართლე გითხრათ, როცა მიშა კამერებსმიღმა ვნახე, ბევრი სიახლე ვერ აღმოვაჩინე. როგორიც ვიცოდი და წარმოედგინა, სწორედ ისეთია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. პირველ შეხვედრაზე სურათი გადაგვიღო დაცვის წევრმა და უცებ ვკითხე, აბა, მაჩვენე, ვჩანვარ თუ არა. ეს ხომ არ ვიცოდი წინასწარ. ვგრძნობდი, რომ ასეთი იქნებოდა კამერების მიღმა.

– მისი დამოკიდებულება იცი, მოსწონს შენი პაროდია?

– დადებითად უყურებს. ამ კუთხით გული მწყდება, რომ ივანიშვილის პაროდისტს არ იცნობს თავად ივანიშვილი. ძალიან მინდა, რომ 5 წუთით მიიწვიოს ნიკა კაკაბაძე თავისთან, ხუთი მილიარდი კი არ მისცეს, ხუთი წუთით მიიწვიოს.  

– შენ მიშამ თავად მიგიწვია? როგორ მოხდა თქვენი პირველი შეხვედრა?

– არხის კორპორაციული საღამო გვქონდა. არავინ ელოდებოდა იქ მიშას გამოჩენას. მოულოდნელად მოვიდა. მაშინ ვნახეთ პირველად ერთმანეთი, მერე ყვარელში მიმიწვია სტუმრად. იმის მერე ოდესაში ჩავაკითხეთ, როცა „ვანოს შოუ“ ჩავწერეთ.

– იმ სახლში ნამყოფი ხარ, საიდანაც აიყვანეს?

– არა, კიევში არა, თუმცა სადაც ვიყავით, იმასაც ჰქონდა სახურავი (იცინის).

– სახურავზე გამახსენდა. ბოლოს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ფოტო გადაიღე სახურავზე ბოთლით ხელში...

– მაშინ რაც მომაფიქრდა, ეს იყო. ბოთლი ავიღე, ძმაკაცი დამეხმარა, ვიპოვეთ სახურავი და გადავიღე ფოტო. მაგრამ ეს ჩემი სახლის სახურავი არ იყო. საერთოდ, ეს ამბები დილით ტელეფონით გავიგე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 5 დეკემბერს, დილით, მიშას ბოთლით ხელში სახურავზე თუ ვნახავდი. მირეკავს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელთანაც მვეგობრობ და მეუბნება, რომელ სახურავზე ხარ, უნდა აგიყვანოთ, გადმოიხედეო. გადავიხედე ფანჯრიდან, თმა აწეწილი მქონდა მეც. მოკვდნენ სიცილით. მერე ჩავრთე ტელევიზორი და მივხვდი, რაც ხდებოდა. უცბად უნდა მიმეღო ზომები და ავედი მეც სახურავზე ფოტოს გადასაღებად. 

– რას ეტყვი მიშას ახლა?

– მიშა, გამაგრდი! გონებრივი მხნეობა მინდა ვუსურვო, პირველ რიგში, და ყველაფერი იქნება მაგრად. გულთბილი მოკითხვა ჩემგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს... უნდა გავიქცე ახლა, ორი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი სახურავზე ჟურნალისტებთან. იმედი მაქვს, მომავალში სახურავზე დავგეგმავთ ჩვენც (იცინის). 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი