„მეზიზღება ტაშ-ფანდურა სიმღერები“ - როგორ ცხოვრობს მუსიკოსების ოჯახი - exclusive

12:59 12-11-2017
409

წინასაახალწლოდ გიგა კუხიანიძესა და ნინო ძოწენიძეს ვესტუმრეთ. მუსიკალური წყვილი კარგი მასპინძელი გამოდგა. გიდობას ახალ სახლში ხან ცოლი გვიწევდა და ხანაც – ქმარი. გიგასა და ნინოს დიდი ხნის ოჯახი აქვთ, წყვილს 14 წლის ბიჭი, სანდრო ჰყავთ. თუმცა სანდროს იმდენად არ უყვარს თურმე ჟურნალისტები, ჩვენი მოსვლის შესახებ შეიტყო თუ არა, ეზოში გაიქცა მეგობრებთან. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში კავსაძის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ამასობაში მოიწყვეს ლამაზი სახლი ჭავჭავაძეზე და ჩვენც გვიმასპინძლეს. სტუმრად მისულებს თვალში, პირველ რიგში, უზარმაზარი, ლამაზი ნაძვის ხე მოგვხვდა. 

 

ნინო:

– ჩვენი ნაძვის ხე ბოლომდე არ არის ჯერ მორთული, მაგრამ ვფიქრობთ, მეტი აღაფერი სჭირდება. არ მიყვარს გადატვირთული ნაძვის ხეები.

– მომიყევით, საოჯახო საქმეები როგორ გაქვთ გადანაწილებული ოჯახში?

გიგა:

– ახლა წინასაახალწლო პერიოდის გამო, იმდენად გადარბენები გვაქვს ორივეს, ყველას საქმეს ჩვენი შვილი, სანდრო აგვარებს, მგონი (იცინის). სანდრო რომ გვეკითხება დილით, როდის მოხვალთო, პასუხი არ გვაქვს.

– ნინო, ვიცი, რომ საახალწლო კონცერტზე მღერი. რა სიმღერას ასრულებ და ვისთან ერთად, როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე მომღერალი მღერის თითო სიმღერას...

– „თეთრი რელსები“ გახსოვთ ალბათ, ეს სიმღერა, მამაჩემის თაობის სიმღერაა. რამდენიმე მომღერალი ერთად ვმღერით. ბევრი მომღერალი მონაწილეობს წელს საახალწლო კონცერტებში და ყველას სოლო სიმღერას ვერ მისცემდნენ. 

– გიგა, შენ როდის უნდა ამღერდე?

– მე რომ ვმღეროდი, არავინ მღეროდა მაშინ. მერე მივხვდი, რომ ჯობია სხვები ამღერო (იცინის). უფრო სერიოზულად თუ გიპასუხებთ, მე არ მიყვარს სცენა, კულისებს მიღმა მირჩევნია მუშაობა. ნინოს უნდოდა, დუეტი ჩაგვეწერა მაგრამ... არ მიყვარს ეკრანი, მგონია, რომ მაყურებელს ვაწუხებ.

– სანდროს რა ინტერესები აქვს?

ნინო:

– სპორტით არის დაინტერესებული, კალათბურთს თამაშობს, ფეხბურთსაც. ძალიან კარგად მღერის ამავდროულად. ბავშვობაში სულ მღეროდა, მაგრამ ამდენი მუსიკის მერე, აგრესია გაუჩნდა. ერთხელ მითხრა, ექიმი მაინც ყოფილიყავიო. ამიტომ დადის ახლა კალათბურთზე და უნდა გაიზარდოს ზაზა ფაჩულიას ხელა, ჩვენი შვილი ორი მეტრი ხომ წარმოგიდგენიათ (იცინიან).

– ნინო, საძინებელსაც დაგვათვალიერებინებ? მაინტერესებს ადგილი, სადაც სარკის წინ ტრიალებ...

– სიამოვნებით. სხვათა შორის, დიდხანს არ ვემზადები ხოლმე. საერთოდ, ყველაფრის ბოლო წუთებში გაკეთება ვიცი, ამიტომ მოწესრიგებაც მალე ვისწავლე. ზოგჯერ მეიქაფს მანქანაშიც ვიკეთებ (იღიმის).

– ვისი დიზაინით არის თქვენი სახლი მოწყობილი?

– გიგამ ითავა ეს ამბავი, არაფერში არ ჩავრეულვარ. ერთადერთი ბუხარი არ უნდოდა გიგას და ვაიძულე. საჭირო გამოდგა, კი ხედავთ ახლა, ლამის ბუხარში გვაქვს თავი შეყოფილი და ისე ვეწევით. სხვათა შორის, ძალიან საჭირო რამ არის ოჯახში ბუხარი, ბუტაფორია არ გეგონოთ, მწვადიც იწვება. გიგას საყვარელი ადგილი ამ სახლში აბაზანაა. საათობით ზის, ეტყობა, იქ მოსდის მუზა (იცინიან).

გიგა:

– რა გავაკეთო, ცალკე კაბინეტი არ მაქვს სახლში და იქ ვისვენებ. იქ მაქვს ხოლმე საქმიანი ზარები, იქიდან ვაგვარებ ცალკეულ საკითხებს.

ნინო:

– როცა სტუმრები გვყავს ქუთაისიდან, შევასწროთ გიგას აბაზაშიო, უკვე ასე ამბობენ, იციან, რომ თუ შევიდა, აღარ გამოვა. 

– ვინ ფუსფუსებს სამზარეულოში ძირითადად?

გიგა:

– ორივე და თქვენ წარმოიდგინეთ, სანდროც. ჩვენი შვილი სტეიკებს წვავს, თუ მოინდომა. ვიგონებთ ზოგჯერ კერძებს, ვეჯიბრებით ერთმანეთს. ოღონდ უნდა მშიოდეს. თუ არ მშია, საჭმელს ვერ გავაკეთებ. 

ნინო:

– ჩვენ ძალიან ხორცისტები ვართ, ხორცი თუ არ ვჭამე, იმ დღეს შემიძლია ადამიანი შევჭამო. არ ვიცი, რაღაცის ნაკლებობაა ეს, ალბათ, მაგრამ მართლა ასე ვარ. მე უფრო ქართული ტრადიციული კერძები გამომდის კარგად, გიგას ევროპული სამზარეულო უყვარს და ეხერხება კიდეც მომზადება. 

გიგა:

– ნინოს უყვარს ჭურჭლის რეცხვა, არ აგროვებს, სულ ვეჩხუბები, ხომ გვაქვს ჭურჭლის მანქანა-მეთქი. იმიტომ რომ მერე წუწუნებს ფრჩხილები გამიფუჭდაო და დადის სალონებში. 

– გიგა, მე ვიცი, რომ ყველაზე დიდი კრიტიკოსი ნინოს სიმღერებისა და კლიპებისა შენ ხარ...

– აღარ ვარ. იყო ეგ დრო. ეს ჩემი პროფესიაა, მუსიკალური პროდიუსერი ვარ პროფესიით და შესაბამისად, ყველაზე მეტად შემტკივა გული ნინოს სიმღერებზე და მინოს კლიპებზე. თან როცა ვიცი, რა პოტენციალი აქვს. ჯერ შენი უნდა გააკრიტიკო, მერე სხვამ საყვედური რომ არ გითხრას. ძალიან საცოდავი ვარ, როცა ვუსმენ ძალიან მაგარ მომღერალსაც კი. ბოლომდე კრიტიკული თვალით ვუყურებ და ვისმენ, სიამოვნებას კი არ ვიღებ. 

– ძირითადად რა კუთხით აკრიტიკებდი ხოლმე ნინოს?

– ზოგადად, ქართული შოუბიზნესის თემა, მოკრძალებით ვიტყვი, მძიმედ გვაქვს. ოღონდ ვინმემ სიმღერა აჩუქოს მომღერალს, არანჟი გაუკეთოს და წერს, არ აინტერესებს, კარგია თუ არა. მათიც მესმის, რთულია, როცა უმოქმედოდ ხარ მომღერალი და მოქმედების შესაძლებლობები ფინანსური თვალსაზრისით არ გაქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ, თუ საუკეთესოს არ გააკეთებ, ჯობია, საერთოდ არ გააკეთო. მეზიზღება ტაშ-ფანდურა სიმღერები.

– რა ქნას მომღერალმა, თუ დაკვეთა ასეთია მსმენელისგან, მაყურებლისგან და გემოვნებიანი არ იყიდება?

– თუ არავინ იმღერებს, დაკვეთაც არ იარსებებს.

– და რას მოისმენ, რესტორანში რომ წახვალ საქეიფოდ?

– არ დავდივარ მე რესტორანში... რესტორანში უნდა იყოს, მაგრამ ფილარმონიაში, დიდ სცენაზე და საოცრებად წარმოჩენილი – არა.

– ნინო ნატო გელაშვილის სიმღერას წერ, გავიგე...

– კი, ნატომ სპეციალურად ჩემთვის დაწერა ძალიან ლამაზი სიმღერა, რომელზეც ვმუშაობ ახლა.

გიგა:

– ნატომ ჩემი სიყვარულით გაჩუქა ეგ სიმღერა (იცინის).

ნინო:

– ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ძალიან მალე „სხვა რაკურსში“ შედგება სიმღერის პრემიერა. 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი