ნიკა ჩიტაძე: აშშ-ს პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დადებითად არ აისახება

16:50 12-07-2017
38

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აშშ-ს მიერ ისრაელის იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას შეცდომას უწოდებს და ვარაუდობს, რომ  ეს პროცესები საქართველოზე ნეგატიურად აისახება.

ამის შესახებ ნიკა ჩიტაძემ ,,პრაიმტაიმს“ განუცხადა.

ექსპერტის თქმით, არსებობს რისკი იმისა, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც ანტიამერიკული განწყობები გაძლიერდება.

,,ეს პროცესები საქართველოზე ნეგატიურად აისახება, იმის გათვალისწინებით, რომ ანტიამერიკული განწყობები მსოფლიოში გაიზრდება. ამან შეიძლება ამერიკის ოპონენტების დადებითი განწყობები  თუნდაც რუსეთის მიმართ გაზარდოს, თუნდაც ჩინეთის მიმართ. საქართველოს რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობების გაზრდა არ აწყობს. მაგალითისთვის, აფრიკის სხვადასხვა ქვეყანას მართებდა რუსეთის 20 მილიარდი დოლარი, რუსეთმა რბილი ძალის პოლიტიკით ჩამოუწერა ეს ვალი და ბევრ აფრიკულ ქვეყანაში არსებობს დადებითი განწყობა რუსეთის მიმართ.  ის რომ საქართველოში ამერიკის მიმართ დადებითი განწყობებია,  მსოფლიო ასე არ არის. ანტიამერიკული განწყობები უფრო არსებობს ვიდრე ანტირუსული განწყობები -  ეს არის პრობლემა. აშშ-ს პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დადებითად არ აისახება. ამერიკას უფრო მეტი თავისტკივილი გაუჩნდება ახლო აღმოსავლეთში და შეიძლება აშშ-მ საქართველოს მიმართ ნაკლები ყურადღება გამოიჩინოს“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ ,,პრაიმტაიმს“.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. აღნიშნულ   გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა თურქეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში. პალესტინის ქუჩებში უკვე არეულობაა. მოსახლეობა ტრამპის განცხადებას აპროტესტებს.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი