მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

მარიამ კუბლაშვილი: „დავით ასათიანი ერთადერთი სწორი არჩევანია... მისი გუნდი არის უპირობო ლიდერი“ - EXCLUSIVE

13:41 12-04-2017
516

როცა სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა, ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია. ამბობს, რომ პროცესი მარტივი არ ყოფილა, იცოდა – ბევრს გულს დასწყვეტდა, თუმცა, მიაჩნია, რომ ფსონი პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე დადო და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ფაცებოოკ-ზე დაწერა. მარიამ კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ჩაერთო, თავმჯდომარის პოსტზე მხარი დავით ასათიანს დაუჭირა. თავად აღმასრულებელ საბჭოში იყრის კენჭს. 

„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებამდე ათი დღე დარჩა. საინტერესო პროცესის მონაწილენი ვხდებით. ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ასოციაცია ხუთი ან ათი წლის შემდეგ, გავაგრძელებთ განვითარებას, მივცემთ ჩვენს პროფესიას შანსს, გახდეს კიდევ უფრო პრესტიჟული და დაცული, თუ – არა. 

შეიძლება ითქვას, რომ ადვოკატები არჩევანში ჯერ არ შემცდარან. მჯერა, ახლაც არ შევცდებით – დავით ასათიანი ერთადერთი სწორი არჩევანია. მისი გუნდი არის უპირობო ლიდერი და მხოლოდ მასთან ასოცირდება განვითარებაც, წარმატებაც და რეფორმებიც“, – ეს მისი სტატუსია. წუხს, რომ მის არჩევანს ზოგიერთი მისი მეგობარი აგრესიულად შეხვდა. 

„პრაიმტაიმი“ მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირდა და მისი არჩევანით დაინტერესდა. 

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს პროცესი არ იყო იოლი ჩემთვის. დღეს გამარჯვებისთვის რამდენიმე გუნდი იბრძვის, მოწინააღმდეგე გუნდებში ბევრი ჩემი მეგობარია. ბევრი მათგანი თვლის, რომ თუ არჩევნებში თავმჯდომარის კანდიდატის პოსტზე სხვადასხვა პიროვნებას ვემხრობით, ეს მეობრობის და, უფრო მეტიც, ურთიერთობის დასასრულია. ამიტომაც, თავიდან ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენას ვფიქრობდი. თუმცა, ვითარება კარგად შევაფასე და მივხვდი - პროცესებს გვერდიდან ვერ დავაკვირდებოდი. ეს არ იქნებოდა სწორი პოზიცია. თანაც, როდესაც ხედავ სიმართლეს, სწორ გზას და გაჩუმებული ხარ სულ მცირე გაუგებარად ჩანხარ...

დავით ასათიანის საქმიანობა შევაფასე, მომეწონა მისი დამოკიდებულება ოპონენტებთან მიმართებით: იცავდა ეთიკის ნორმებს, პატივისცემით მოიხსენიებდა მათ. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ - სხვა დადებით თვისებებთან ერთად - ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.  

ასოციაციაში მუშაობის პროცესმაც ძალიან დამაინტერესა. მე მაქვს საინტერესო გამოცდილება, იდეები, გარკვეული ხედვები და პროცესში ჩაბმა ვარჩიე. მხარი დავით ასათიანს დავუჭირე. მას ადრე არ ვიცნობდი, მედიიდან ვადევნებდი ხოლმე თვალს, არასოდეს ვმეგობრობდით. არჩევანი პროფესიული გავაკეთე. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. არჩევნები ჩაივლის, კოლეგიალობა უნდა დარჩეს.

დავით ასათიანი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს კურირებდა... ასოციაციამ არაერთი საერთაშორისო მემორანდუმი  გააფორმა. რატომ ვუსვამ ხაზს ამ ურთიერთობებს? დავითი სწორედ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენდა ასოციაციას და მისი ამ მხრივ საქმიანობა - რაც რეალურად მისი კონპეტენცია იყო - უდაოდ ძალიან წარმატებული გახლავთ.

ასათიანის გუნდი მართლაც, დაინტერესებულია ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლებასა და მის განვითარებაში. ამიტომაც მე მას დავუჭირე მხარი. ყველაფერი კარგად შევაფასე და სიმართლის გვერდით დავდექი. პრინციპული არჩევანი გავაკეთე, ავირჩიე ის, რაც ჩემს პროფესიას კიდევ უფრო გააძლიერებს.    

მე ჩემს ოპონენტებს პატივს ვცემ, მათ პროფესიონალიზმსაც ვაღიარებ.შესაძლოა ბევრი ჩემი კოლეგა არის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, თავის საქმის პროფესიონალი, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს მმართველი, თავმჯდომარე. ყველას არა აქვს შესაბამისი გამოცდილება ან უნარები. 

არჩევნები ჩაივლის. მე თუ საბჭოში უფასოდ ვიმუშავებ ასოციაციის სასარგებლოდ, ჩემს ენერგიას თუ ჩემს კორპუსს მოვახმარ, ეს რატომ უნდა მიიღონ ცუდად? მოგეხსენებათ, არცერთ კომისიაში და აღმასრულებელ საბჭოში არანაირი ანაზღაურება არ არის, წევრები მხოლოდ ენთუზიაზმზე საქმიანობენ. 

– რა პრობლემების წინაშე იდგნენ და დგანან დღესაც ადვოკატები?

– გვქონდა საშინელი პრობლემები. ადვოკატი თავს დაუცველად გრძნობდა. არასოდეს დამავიწყდება, ადრე, მაღალი თანამდებობის პირი შემხვდა და მკითხა: რას საქმიანობო. ვუთხარი, ადვოკატი ვარ-მეთქი და მითხრა: ეტყობა, სხვა ვერაფერი ნახეო. ეს სიტყვები ჩემთვის სტიმული გახდა – ჩემი პროფესიის განვითარებისთვის დიდი სტიმული მომეცა.  

 – მარიამ, ადვოკატობა რატომ გადაწყვიტეთ?

– იცით, ადრე იურიდიული განათლება ნაკლები იყო, ამის გამო ძალიან ბევრი გაუგებრობა ხდებოდა, რაც ოჯახებისთვის ტრაგიკული იყო ხოლმე – და ძმას ემტერებოდა, მამა შვილს. ჩემს ირგვლივ თითქოს ყველა დაუცველი იყო. ამიტომაც თავიდანვე გადავწყვიტე, ადვოკატი გამოვსულიყავი და საკუთარი თავიც დამეცვა და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც. ამ პროფესიის საჭიროება ვიგრძენი, არჩევანში არც მაშინ შევმცდარვარ. 

– დიდი მადლობა, მარიამ, წარმატებები.

– გმადლობთ. 

ქეთი ხატიაშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი