მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

შუახნის მამაკაცმა წიგნების მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო - ექსკლუზიური დეტალები

13:22 11-14-2017
801

51 წლის მამაკაცმა წიგნების მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო. ფაქტი გუშინ მოხდა და გარდაცვლილის ცხედარი მაღაზიაში წიგნების საყიდლად შესულმა პირებმა აღმოაჩინეს. შსს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"პრაიმტაიმი" შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მაღაზია, სადგურის მოედანზე მდებარეობს. თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 51 წლის მიშა მეურმიშვილია.

"პრაიმტაიმთან" საუბარში, გარდაცვლილს თვითმხილველი, ასევე წიგნების გამყიდველი ტარიელი იხსენებს.

"გარეთაც ჰქონდა წიგნები და შიგნით ჰქონდა პატარა ფართი ნაქირავები. კლიენტი მოვიდა, ეგონა, რომ ეს დახლიც ჩემი იყო, ინგლისურის წიგნი უნდოდა, მოვკიდე ხელი ხელი და შევიყვანე მაღაზიაში. შუქი ჰქონდა ჩამქრალი და როგორც იცოდა ხოლმე მიყუდება და ძილი, ასე იყო მიყუდებული, ეს პირველი შემთხვევა კი არ იყო. ვუთხარი ახლა ვერ გავაღვიძებ მეთქი და მოვტრიალდი, მიტოვებული მქონდა მისიც და ჩემი წიგნებიც. იმას ეტყობა ძალიან ეჩქარებოდა და თვითონ შებრუნდა. ეტყობა გაღვიძება სცადა და დაუნახია თოკი. მერე ატეხა ყვირილი",- იხსენებს ტარიელმა.

ის ჩვენთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს დიდი ვალი ჰქონდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეპრესიაში იყო. 

"გახარებული იყო წელს კარგი სეზონი მქონდა და ვალი 60 ათასს ჩამოცდაო. მაგრამ ბოლო ორი კვირა სვამდა, დეპრესიაში იყო. სინდისიანი კაცი იყო აწუხებდა ვალი. სამი დღის წინ გახდა 51 წლის. ორი ქალიშვილი ჰყავს, ორივე დაოჯახებული, ახლახანს შვილიშვილიც შეეძინა. ვალს ვერ აუდიოდა, ვინც გამარჯობას ეუბნებოდა, ყველა ფულსა სთხოვდა. ვინც წიგნებს მოუტანდა, იმისთვის ფული ხო უნდა მიეცა. ამოვიდა ყელში ყველაფერი, ორი კვირა დალევაზე გადავიდა. ", - ამბობს ტარიელი.

​მეწიგნე მიშკა რამდენიმე დღის წინ 51 წლის გახდა, ორი თვის წინ კი შვილიშვილი შეეძინა.

ავტორი: ლიზი არსოშვილი