მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

თბილისში 18 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ავსტრიაში "ვასილ ბაქაქურის" სახელით ცხოვრობდა - "კობრას" სპეცოპერაცია

16:35 11-13-2017
457

თბილისში 18 წლის წინათ მომხდარი სასტიკი მკვლელობის მთავარი ფიგურანტი რამდენიმე დღის წინ ავსტრიაში დააპატიმრეს. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვენის ინტერპოლმა დააკავა 43 წლის გიორგი ჯავახიშვილი, რომელსაც ქართული მხარის მოთხოვნით წითელი ცირკულარით ეძებდა, როგორც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეს. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში საზღვარგარეთ შეცვლილი გარეგნობითა და შეცვლილი ვინაობით იმალებოდა. ის ავსტრიაში ვასილ ბაქაქურის სახელით და გვარით ცხოვრობდა, თუმცა ქართული მხარისა და ინტერპოლის საერთაშორისო ბიუროს რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბრალდებულის ინდენტიფიცირება. ამჟამად გიორგი ჯავახიშვილი ვენაში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და მას საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიყვანან. თბილისის საქალაქო სასამართლოს კი საქმის არსებითი განხილვის მიზნით შესაბამისი მასალები უკვე გადაეცა. 

სანამ ქართული მართლმსაჯულება 18 წლის შემდეგ ვერდიქტს გამოიტანს, მანამდე „პრაიმტაიმმა“ შემთხვევის ადგილი მოინახულა. გარდაცვლილის ოჯახსა და თვითმხილველებს დაუკავშირდა. 

როგორც გავარკვიეთ, მკვლელობა 1999 წლის 3 მარტს ბოგდან ხმელნიცკის #48-ში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცს, დავით მეტრეველს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დროულად მოახერხა და მას შემდეგ არც უბანში გამოჩენილა და არც ქვეყანაში. 

გარდაცვლილის დედას ნანა მეტრეველს სამართლიანობის აღდგენის იმედი უკვე კარგა ხნის წინ ჰქონდა დაკარგული, თუმცა გასულ კვირას მას შეატყობინეს, რომ ბრალდებული ავსტრიის ქალაქ ლინცში ყალბი პასპორტით დააპატიმრეს და მალე ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ნანა მეტრევლისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა. მას შვილის მკვლელობის შესახებ საუბარი ახლაც უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ რეალური დამნაშავე სწორედ ავსტრიაში დაკავებული გიორგი ჯავახიშვილია. 

„დიახ, ეგ პიროვნება არის ჩემი შვილის მკვლელი. როდესაც ეს ამბავი გავიგე და მითხრეს, რომ დააკავეს, ცუდად გავხდი. ახლაც მაღალი წნევა მაქვს. არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი. იმედი მაქვს, გიორგი ჯავახიშვილი საკადრისად დაისჯება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის დედა. 

ბევრი თვითმხილველი აღნიშნულ მისამართზე უკვე აღარ ცხოვრობს, თუმცა მეტრევლის ოჯახის მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთი ქალბატონს კარგად ახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები იმ დღეს. 

„ზოგადად, ეს უბანი იყო და ახლაც არის ბევრი ასეთი უბედურების მნახველი. ახალგაზრდა ბიჭები არსად მუშაობენ, ძირითადად ქუჩური გარჩევებით არიან დაკავებული, რასაც თან სდევს დაჭრა, მკვლელობები, ქურდობები და ა.შ. იმ დროს ეს კიდევ უფრო ხშირი იყო. გარდაცვლილი დათო და ის ბიჭი, გიორგი ჯავახიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ, გიორგი დათოს მეჯვარეც იყო, მგონი. რაღაც ვერ გაიყვეს და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. იმ დღეს სროლის ხმა გავიგე, ვიფიქრე, ბიჭები მაიმუნობენ-მეთქი, როდესაც გავიხედე, ვნახე, რომ დათო უკვე ძირს ეგდო. უშუალოდ ვინ ესროლა, მე არ დამინახავს, მაგრამ მერე თქვეს, რომ გიორგი ჯავახიშვილი იყო. მისი ოჯახი გვერდით კორპუსში ცხოვრობდა, მაგრამ ამ ამბების შემდეგ გადავიდნენ. დათოს დედა გამწარებული იყო, აბა, როგორია ახალგაზრდა საღ-სალამათ, ჯან-ღონით სავსე შვილს რომ მოგიკლავენ. რამდენჯერმე მიუვარდა ჯავახიშვილის მშობლებს და კარიც კი ჩამოუმტვრია. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ჯავახიშვილი არაფერ შუაშია და რეალურად სხვამ ესროლაო, მაგრამ თუ უდანაშაულო იყო, რატომ გაიქცეოდა ხომ? ამან კიდევ ბევრი ეჭვი გააჩინა“, – გვიყვება გარდაცვლილის მეზობელი. 

კიდევ ერთი მეზობელი კი მეგობრებს შორის უთანხმოების მიზეზს იხსენებს, რამაც, მისივე თქმით, ეს ტრაგედია გამოიწვია:

„გიორგი ჯავახიშვილი და დავით მეტრეველი იყვნენ ახლო მეგობრები და ნათესავები. უფრო სწორად ნათელ-მირონი ჰქონდათ. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 1997 წელს დაიძაბა. რაღაც საერთო ბიზნესი თუ ქონება ჰქონდათ, ჯავახიშვილმა გაყიდა ეს საერთო ქონება და მეტრეველს არ მისცა თავისი წილი. 

მოგვიანებით მათ შორის კვლავ მოხდა გაუგებრობა ვალთან დაკავშირებით, რომელიც ჯავახიშვილს ემართა გევორქ გასპარიანის. იმ დღეს ჯავახიშვილი იარაღით მოსულა აქ, კორპუსთან, დათო ეზოში იყო. მათ კვლავ იჩხუბეს, აგინეს ერთმანეთს, რა დროსაც ჯავახიშვილმა ესროლა მეტრეველს. მეტრეველი გარდაიცვალა, სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, ხოლო ჯავახიშვილი მიიმალა. ამბობენ, რომ ამ საქმეში ვიღაც სხვაც ფიგურირებს, რომელიც სიტუაციას გაერიდა და თავი დაიძვრინაო. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ამ ფაქტმა ოჯახებიც გადაკიდა ერთმანეთს და ჯავახიშვილის მშობლები იძულებულნი გახდნენ, აქედან წასულიყვნენ. მალე დედამისიც გარდაიცვალა, ნერვიულობაზე სიმსივნე დაემართა ქალს“, – ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ინტერპოლის მიერ გიორგი ჯავახიშვილის დაკავების ამბავი ფართოდ გაშუქდა ავსტრიულ პრესაში. ადგილობრივი მედია წერს, რომ 43 წლის მამაკაცი სპეციალური დანაყოფის „კობრას“ მებრძოლებმა ქალაქ ლინცში აიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გიორგი ჯავახიშვილი ამჟამად მოთავსებულია დროებითი დაკავების იზოლატორში და დაწყებულია შესაბამისი პროცედურა მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ.

ცნობილია, რომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გიორგი ჯავახიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2011 წელს გამოცხადდა, მანამდე ის შიდა ძებნაზე იმყოფებოდა. ვენის ინტერპოლმა 8 ნოემბერს ქართულ მხარეს აცნობა, რომ მათი მოთხოვნის შესაბამისად ძებნილი პირი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად. 

ოფიციალურად, გიორგი ჯავახიშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლითა (ძველი რედაქციით) და 238-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაგზავნა ან გასაღებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ჯავახიშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალები უკვე გადაეცა. 

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი