მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

აზერბაიჯანული თეატრის ჭირ-ვარამი – „სინათლეც კი არ გვაქვს, ლამპის შუქზე ვრეპეტიციობთ“ - exclusive

11:33 11-13-2017
59

უკვე წელიწადზე მეტია, რაც 25-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვარლამ ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა. წლების წინათ ქართველი ხელოვანი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ის საცხოვრებლად თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და 25 წლის შემდეგ, კულტურის სამინისტროს შეთავაზებით წახალისებულმა, გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულიყო და აზერბაიჯანულ თეატრს ჩასდგომოდა სათავეში. 

ვარლამ ნიკოლაძე არაერთი თეატრის რეჟისორი გახლდათ, როგორც საქართველოში, ისე თურქეთის რესპუბლიკაში. ის იყო: საქართველოს ტელევიზიის თეატრალურ და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, თბილისის მუსკომედიისა და გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი, ასევე, თბილისის თეატრ „ექოს“ მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ხელოვნების სკოლის ბავშვთა მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თურქეთის რესპუბლიკაში ის გახლდათ ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო თეატრების სამმართველოს კონსულტანტი და დამდგმელი რეჟისორი, ქალაქ იზმირის „9 სექტემბრის“ სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის დოცენტი, ქალაქ ანკარის ბილვენტის უნივერსიტეტის თეატრალურის ფაკულტეტის კათედრის გამგე, სტამბოლის ბალტეპეს უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის კათედრის გამგე და ქალაქ იზმირის თეატრალური უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგე.

მისი მონაწილეობით არაერთი ქართული ფილმი გვახსოვს: „ლოლიტა“ (ჯაბარბეგი), „ტურანდორი“ (გორდელაძე), „მოდი ვილაპარაკოთ“ (კარენი), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (ზურაბი), „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (ქობოლავა), „მოლანდება“... დღეს ბატონი ვარლამი განვლილ გზასა და აზერბაიჯანული თეატრის პრობლემებზე გვესაუბრება. 

 

– ბატონო ვარლამ, ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ლალის გეძახიან...

– ჰო, ეგ მეც მიკვირს დღემდე, იმიტომ რომ პასპორტში ციალა მიწერია (იცინის)... რა გითხრათ, როცა დავიბადე, ალბათ, ასეთი დრო იყო. ივანე ჯავახიშვილს ჰყავდა შვილი, რომელსაც ალექსანდრე ერქვა, მაგრამ ლალის ეძახდნენ. კიდევ ერთი აკადემიკოსი მახსენდება, რომელსაც ბიჭი ჰყავდა, სახელად ლალი. ბავშვობიდან ლალის მეძახდნენ. ამის გამო იმდენი ჩხუბი გამოვიარე, დაკაწრული მყავს ხალხი...

– ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება ფილმები, რომელშიც მონაწილეობდით, მაგრამ იყო 25-წლიანი პაუზა საქართველოდან შორს. რატომ წახვედით?

– გაბრაზებული წავედი ჩემს თაობაზე. სწორედ მათ მოიყვანეს საქართველო იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც დღესაა. ბოლო წვეთი იყო ჩემი თეატრის დახურვა. მაშინ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდით. განცხადება დავწერე და წამოვედი. ჩამოვიარე, შევაგროვე ფული და გავხსენი მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური თეატრი-სტუდია „ექო“. გრიბოედოვის თეატრის შენობაში შევეტენე. 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი იმაზე, რომ გამეხსნა თეატრი. შემოვიკრიბე თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები და მათთან ერთად 4 უსინათლო და 8 ყრუ-მუნჯი მსახიობი. მაშინ, როცა გარეთ ბარიკადები იყო და სროლები მიმდინარეობდა, ჩვენი თეატრი უცხოური დელეგაციებით იყო გადატენილი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციონერი, დამბლოკეს და თეატრი გამიუქმეს. შემოვარდნენ, გამომიყარეს დეკორაციები და თეატრი დაგვინგრიეს. ერთი წელიწადი პროტესტის ნიშნად სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ეს იყო ბოლო წვეთი. წავედი.

– როგორ ცხოვრობდით საქართველოდან შორს, თურქეთში?

– პირველი ორი წელიწადი ძალიან გამიჭირდა. თურქეთში თეატრი სად იყო, ისიც არ ვიცოდი. დამლაგებელი ვიყავი, ტყავის ქურთუკების მაღაზიას ვალაგებდი. მერე ნაცნობები გავიჩინე, რომლებმაც ღამის ბარში წამიყვანეს, გიტარაზე ვიმღერე და მომღერლად ამიყვანეს. წელიწადზე მეტი ვიმუშავე იქ. იმ ბარში მიპოვა იქაურმა თეატრალურმა სამყარომ. ამიყვანეს თურქეთის სახელმწიფო თეატრის კონსულტანტად, დამდგმელ რეჟისორად. ამასობაში ენაც ვისწავლე. 

– ანუ როცა საქართველოში დაბრუნება შემოგთავაზეს, უკვე ძალიან კარგად იყავით თურქეთში...

– გადასარევად. ექვსოთახიანი ბინა მქონდა და ჩემი საყვარელი საქმე. 

– ვინ შემოგთავაზათ დაბრუნება?

– კულტურის სამინისტრომ. შენ თურქული უკვე ისე კარგად ისწავლე, აზერბაიჯანულ თეატრში არ გაგიჭირდებაო, ახლა აქ გვჭირდება კარგი კადრი და ჩამოდიო. არ მეგონა, ასეთი სიტუაცია თუ დამხვდებოდა. როდის ჩამოვარდება ჭერი, არ ვიცი. ბევრი ვიბრძოლე. არაერთი წერილით მივმართე სამინისტროს. გაბრაზებული ვარ „სოკარზე“, ყველაფერს აფინანსებს, ამ თეატრის გარდა. 

– მიუხედავად ასეთი პირობებისა, თქვენ მოახერხეთ, 4 სპექტაკლი დაგედგათ ერთ წელიწადში.

– ეს იყო „დარისპანის გასაჭირი“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „ხმა მღაღადებლისა“ და „თავისუფალი ოჯახი“. გვქონდა გასტროლი თურქეთის ქალაქ ათანაში საერთაშორისო ფესტივალზე. წავიღეთ სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“, რომელშიც სამ ენაზე თამაშობენ მსახიობები. სამწუხაროდ, პრობლემები შეგვექმნა რეკვიზიტებთან დაკავშირებით. ჯერ საზღვარზე გააჩერეს. თურქეთის ლამის მთელი მთავრობა ჩავრიე. მერე გამოატარეს და არ გაგვახსნევინეს. ბოლოს იქაურმა კეთილმა ადამიანებმა სახელდახელოდ შექმნეს სპეციალურად ჩვენთვის მსგავსი რეკვიზიტები... პრიზიც ჩამოვიტანეთ, არაჩვეულებრივი ბანკეტი მოგვიწყვეს. იქაურმა გავლენიანმა პირებმა თქვეს სუფრასთან, ამ კაცს ნუ აწვალებთ, თუ არ გინდათ, უკან დავიბრუნებთო.

– ხომ არ ფიქრობთ უკან დაბრუნებაზე?

– ჩემს ასაკში ასეთი რამეები უკვე ზღაპარია. 75 წლის ვარ უკვე, დავიღალე. არ ვიცი, აწი რას მოვასწრებ, მაგრამ ის ჩემი თეატრი „ექო“ უნდა აღვადგინო. ყველა ღონეს ვხმარობ ამისთვის. ეს თეატრი საქართველოს სასახელო სახე იქნება. 

– ისეთი აღტაცებით საუბრობთ ახალ თეატრზე, ამ თეატრს ხომ არ მიატოვებთ?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოგვაქცევენ ყურადღებას. მეკითხებიან, ამდენი ცოლი რატომ ითხოვეო. მე ერთი ცოლი ვითხოვე – ეს თეატრია. არ ვარ ის კაცი, რომელიც თეატრს მიატოვებს...

– თქვენს ყოფილ ცოლებს ეწყინებათ, ახლა ისეთი რამ თქვით...

– მათაც იციან ეს ძალიან კარგად. იციან, მთელი ცხოვრება თეატრზე რომ ვარ ჯვარდაწერილი (იცინის). ალბათ, ამის ბრალია, რომ ახლა აღარ ვარ მათთან.

– მართლა 8 ცოლი გყავდათ?

– ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ყვითელი პრესა არ მიყვარს. 

– კარგით, დავუბრუნდეთ თეატრს, დღეს რა პრობლემებია აზერბაიჯანულ თეატრში, რას ითხოვთ?

– იგივე პრობლემებია, რაც დამხვდა. ამ თეატრს შენობა, ფაქტობრივად, არ აქვს. ხომ ნახეთ, სად გამოიარეთ, აქამდე რომ მოსულიყავით. არ არსებობს სცენა, დარბაზი, სველი წერტილი არ გვაქვს. ამას წინათ კულტურის სამინისტროდან ოფიციალური წერილი მომივიდა. არ მინდა გითხრათ, ვინ აწერდა ხელს. დაახლოებით მოგიყვებით შინაარსს:  ამას წინათ აღმაშენებლის მოედანზე, ჯანო კახიძის სახელობის სახელმწიფო დარბაზის შენობიდან კედლის ნაწილი ჩამოვარდა და გამვლელ ქალს დაეცა. ქალი დაზიანდა და პრობლემები შეიქმნა. ახლა გადით, შემოუარეთ თქვენს შენობას და ნახეთ ამისთანა სახიფათო რამე ხომ არ არის გარშემოო. გესმით?! დავწერე პასუხი: „შემოვუარეთ შენობას, აღმოვაჩინეთ, რომ გარე ფასადი შეღებილია კარგად, არანაირი საშიშროება არ დგას, მაგრამ შიგნით შენობაში ყველა კედელზე 5-5 ნაპრალი აღმოვაჩინეთ, რომელიც ყოველდღე თითო სანტიმეტრით იმატებს. როდის დაგვეცემა შენობა თავზე, არ ვიცით. გარდა ამისა, თქვენ სამინისტროში გიდევთ სამხარაულის დასკვნა, სადაც წერია, რომ ეს შენობა ავარიულია და შიგნით ყოფნა სახიფათოა. 

– პასუხი მიიღეთ?

– არა. ზუსტად არც ვიცი, ეს წერილი გაგზავნა თუ არა ნატომ სამინისტროში. ცოტა მშიშარაა, ამ მხრივ. მე არაფრის არ მეშინია. ძალიან ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ... ეს არის სახელმწიფო თეატრი. არ ვედრებით ოპერის ან რუსთაველის თეატრს, ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ადგილი, მაგრამ მაშინ, როცა ოპერის თეატრის დოტაცია 14 მილიონია, რუსთაველის – 3 მილიონ-ნახევარი, გრიბოედოვი – მილიონ სამასი, სომხური თეატრი – 500 ათასი და ა. შ...

– თქვენ რამდენი ლარით ფინანსდებით?

– ჩვენ თეატრს 160 ათასი ჰქონდა დაფინანსება წელიწადში. ახალ წლამდე მოითმინეთო, მითხრეს. ახალ წელს დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ყველა სახელმწიფო თეატრს 10% მოაკლდა და მათ შორის ჩვენც. ეს თანხა მსახიობების ხელფასებსაც კი არ ჰყოფნის. თეატრში არ მყავს სცენის მუშა, გამნათებელი, რეკვიზიტორი, ჩამცმელი. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ფინანსები რომ დავზოგოთ. ასეთ სიტუაციაში 4 სპექტაკლი და ერთი გასტროლი, ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ცოტა ნამდვილად არ არის. 

– სად თამაშობთ ამ სპექტაკლებს, სცენა და დარბაზი თუ არ გაქვთ?

– სხვადასხვა თეატრებში. აქ სინათლეც კი არ გვაქვს, ლამპის შუქზე ვრეპეტიციობთ. პირველი სპექტაკლი კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ვითამაშეთ. დაიბნა აზერბაიჯანელი მაყურებელი. მერე ხორავას სახლში ვითამაშეთ. გასვლითი სპექტაკლები გვქონდა ქვემო ქართლში, გარდაბანში. მერე პანტომიმის თეატრმა დაგვითმო სცენა. ბოლო ორი სპექტაკლი იქ ვითამაშეთ.  

– ამ პრობლემებით მიგიმართავთ კულტურის სამინისტროსთვის?

– თითები არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო, უამრავი წერილი მაქვს მიწერილი. ყველა უპასუხოდ არის დარჩენილი. მეტსაც გეტყვით, ამას წინათ, ერთი ჩემი ახლობელი მოვიდა და გილოცავო, მეუბნება. რას მილოცავ-მეთქი, ვკითხე. ახლა მინისტრმა გამოაცხადა, რომ თქვენი თეატრის მშენებლობა დაიწყო. გახარებულმა დავრეკე სამინისტროში, ჩვენ არაფერი ვიცითო. ამის მერე 7 თვე გავიდა.

– გამოდის, მინისტრმა იცრუა საჯაროდ?

– ვერ გეტყვით... 

– იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ინტერვიუ არ დარჩება „ხმად მღაღადებლისად“... საინტერესო რეცენზია დაწერა თქვენს თეატრზე თეატრმცოდნე, მერაბ გეგიამ. თუ ნებას დამრთავთ, ამ პუბლიკაციაში გამოვიყენებ.

– კი ბატონო.

 

 

 მართალი ლეილა...

 

აზერბაიჯანული თეატრი... ფიქცია თუ რეალობა? არსებობს თუ... არც არსებობს? როგორ დავარქვათ არსებობა ისეთ თეატრს, რომელსაც არც თავისი შენობა აქვს და არც სრულყოფილად დაკომპლექტებული შემოქმედებითი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი ენთუზიასტის გამოკლებით, ეს თეატრი არც იმაზე „იკლავს თავს“, რომ თქვას თავისი საკუთარი სიტყვა ქართულ თეატრალურ სივრცეში. არადა, სახელმწიფო თეატრი კი ჰქვია, სახელმწიფოს დოტაციაზე იმყოფება. ახლა არ იკითხავთ, რომელი ქართველი რეჟისორები მოღვაწეობდნენ და რომელი ქართველი რეჟისორი ხელმძღვანელობს ამჟამად ამ კულტურულ დაწესებულებას? ყველას არ ჩამოვთვლი – ახლო წარსულში: გოჩა კაპანაძე, გიორგი სავანელი, ზურა სიხარულიძე, ამჟამად –  ვარლამ ნიკოლაძე. რას იტყვით? ჟღერს თუ არა? მაგრამ რად გინდა, თუკი ელემენტარული ხელშეწყობა არა აქვს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის მმართველი წრეების მხრიდან. და მაინც, ის არსებობს თეატრალურ ხელოვნებაში ფანატიკურად შეყვარებული ადამიანების შემწეობით. არსებობს და არცთუ იშვიათად, საგრძნობ სიურპრიზებსაც გვთავაზობს. ამჟამად სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გვექნება საუბარი.

 აზერბაიჯანულ თეატრში მოსვლის დღიდან, ერთ წელიწადში ვარლამ ნიკოლაძემ უკვე ოთხი პრემიერა წარუდგინა მაყურებელს. და ეს მაშინ, როცა არსებული შესაძლებლობებით ეს თეატრი ორ სეზონში ერთ პრემიერას ძლივს მართავდა.

  ყველაფერი „დარისპანის გასაჭირით“ დაიწყო, სადაც მთავარ როლზე ცნობილი თურქი მსახიობი ნეჯათი ზენგინი მოიწვიეს. ეს მსახიობი იყო განუყრელი შემოქმედებითი პარტნიორი ვარლამ ნიკოლაძისა თურქეთში მოღვაწეობის დროს და ამასთანავე, ქართული რეპერტუარის პროტაგონისტიც. ამ მსახიობმა მის სპექტაკლებში ითამაშა  დარისპანი – დავით კლდიაშვილის კომედიაში „დარისპანის გასაჭირი“,  კოწია – შალვა დადიანის კლასიკად ქცეულ პიესაში „გუშინდელნი“, აგაბო – ოტია იოსელიანის ცნობილ პიესაში „სანამ ურემი გადაბრუნდება“, ილია – კლდიაშვილის ტრაგიკომედიაში „უბედურება“. აღსანიშნავია, რომ ეს პიესები თურქეთში პირველად იყო წარმოდგენილი და დიდად შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში ქართული დრამატურგიის პოპულარიზაციას.

 თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში „დარისპანის გასაჭირი“ იმითაც იყო საინტერესო და საგულისხმო, რომ თამაშდებოდა სამ ენაზე – თურქულად, ქართულად და აზერბაიჯანულად. აღნიშნული განზრახვის აღსასრულებლად, ნეჯათის გარდა, ვარლამ ნიკოლაძემ მართას როლის შემსრულებლად მოიწვია ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. 

  „დარისპანის გასაჭირს“ სულ მალე მოჰყვა გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, კოქტოს „ხმა მღაღადებლისა“, დაბოლოს – დარიო ფოსა და ფრანკა რამეს „თავისუფალი ოჯახი“, დადგმული ვარლამის ვაჟის, დავით ნიკოლაძის მიერ.  ოთხი პრემიერა ერთი წლის განმავლობაში, თვით სარეპეტიციო დარბაზის არქონის პირობებში, აღარაფერს ვამბობ სცენისა და მაყურებელთა დარბაზის (ასეთ „ფუფუნებაზე“ ვინ ოცნებობს?) არქონაზე. 

     ჟან კოქტო ქართულ თეატრში უკვე ადაპტირებული ავტორია. თავისი უკვე საქვეყნოდ აღიარებული მონოპიესა „გულცივი ლამაზი მამაკაცი“  დრამატურგმა მიუძღვნა ედიტ პიაფს და მასში განათავსა მსოფლიოში ამ სახელგანთქმული მომღერლის ბიოგრაფიული შტრიხები. რეჟისორმა პიესას სათაური შეუცვალა და დაარქვა „ხმა მღაღადებლისა“, რითაც  გულცივი ლამაზი მამაკაცი იმ უდაბნოს შეადარა, სადაც არავის ესმის მავედრებლის ხმა.

 პიაფის როლის შემსრულებლად ვარლამ ნიკოლაძემ მოიწვია წარსულში თეატრალური სტუდიის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მსახიობი ლეილა კასუმოვა. ეს მსახიობი ჩვენ უკვე ვიხილეთ ზემოხსენებულ „დარისპანის გასაჭირში“, სადაც მან  შექმნა  პელაგიას უაღრესად დასამახსოვრებელი კომიკური სახე.  

და რა გგონიათ, ვინმე იფიქრებს ლეილა კასუმოვაზე, ახალბედააო? ნურას უკაცრავად. უკვე დიდი ხანია ვამტკიცებ, თბილისის თეატრისა და კინოს  უნივერსიტეტი იმ სახით, როგორადაც ის დღეს არსებობს, წარსულის რუდიმენტია (ისევე როგორც თბილისის სამხატვრო აკადემია). ნიჭის წრთობა ყველგან შეიძლება, მათ შორის პირდაპირ სცენაზეც, მით უფრო, თუკი მწვრთნელი ისეთი პროფესიონალია, როგორადაც ვარლამ ნიკოლაძე გვევლინება. სხვა საკითხია, რომ უნივერსალური ზოგადი აკადემიური განათლების მიღება და დასაუფლებელი ხელოვნების კანონიკურ სისტემებთან ზიარება, მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელშია შესაძლებელი. და თუკი  უმაღლესი სასწავლებელი ამ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებს (რისი მოწმენიც ჩვენ ვართ), მისი არსებობა უბრალო ფორმალობაა (ან კიდევ „ფულის მახე“) და სხვა არაფერი.

 ლეილა კასუმოვა სცენაზე აკეთებს იმას, რასაც ასე დანატრებულნი ვართ ქართულ თეატრში და რასაც როლის განცდით თამაში ჰქვია. რეჟისორმა და მსახიობმა თვალნათლივ დაგვანახეს, რა მღელვარებამ შეიძლება შეიპყროს ქალი, როცა გრძნობს, რომ საყვარელი მამაკაცი მისგან მიდის. 

თითქოსდა თემა თეატრს უბიძგებდა, რომ მოვლენების ასახვა სწორხაზოვანი ყოფილიყო. ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ უაღრესად ნიუანსირებული თამაში, გრძნობების მთელი გამა, სადაც ერთმანეთში ჩახლართულია სიყვარული და წყრომა, იმედი და სასოწარკვეთა, დაუშრეტელი ქალური ენერგეტიკა და მოცემულ სიტუაციაში ადამიანური ძალისხმევის შესაბრალისი ამაოება. 

ლეილა კასუმოვა მისატოვებლად განწირული ქალის იერსახეს ქმნის ვრცელი სამსახიობო პალიტრის გამოყენებით, ფარული ხვეწნა-მუდარისგან ოდნავ გაბზარული, მაგრამ მაინც მტკიცე ხმით, მიმიკის ხშირი ცვალებადობით – სიყვარულის ყოვლისწამლეკავი გრძნობიდან, ვიდრე უკიდეგანო მრისხანებამდე, რაც მკვეთრად აისახება მის თვალებშიც. ამასვე ემსახურება პლასტიკური მრავალფეროვნება, რომელშიც კარგად იკითხება პარტნიორისადმი სქესობრივი ლტოლვა და ასევე სურვილი, თავისკენ მოაბრუნოს  გულცივი ლამაზი მამაკაცი. ამასვე აქცენტირებს ქალური ჟესტიკულაცია, რომელიც ხაზს უსვამს პერსონაჟის ყოველწამიერ სულიერ მდგომარეობას და არსად არ იკითხება, როგორც გადაჭარბება. ანუ მოძრაობისა და მეტყველების მთელი დინამიკა წარმართულია გმირის სულიერი მდგომარეობის ასახვისკენ. და როგორც ეს ასეთი მწყობრი შესრულების დროს ხდება ხოლმე, ლეილა კასუმოვას სცენური განცდები გადამდებია, იწვევს ღრმა ემპათიას და, შესაბამისად, მაქსიმალურ ჩართულობას სცენაზე განვითარებული მოვლენების მიმართ. 

 უსიტყვოდ, მაგრამ დამაჯერებლად, ასევე ნიუანსირებულად და ატმოსფეროს ღრმა შეგრძნებით გადმოსცემს მამაკაცურ გულცივობას მსახიობი ანარ გუმბათოვი.

 ასეთი ვედრებისა და ყვედრების მიუხედავად, გულცივი ლამაზი მამაკაცი მაინც მიდის, ხოლო მარტოდ დარჩენილ ქალბატონს ნუგეშად ისღა აქვს, რომ სატრფო სულ მალე მიხვდება, რა დაკარგა და დაჩოქილი შესთხოვს შერიგებას.  

 მიუსაფრად მყოფი თბილისის აზერბაიჯანული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა შეიფარა, რისთვისაც ღრმა მადლიერება უნდა გამოვთქვათ ჩვენი სახელოვანი პანტომიმისტის, ამირან შალიკაშვილის მიმართ. და რაღა თქმა უნდა, მადლობა ეთქმის ვარლამ ნიკოლაძეს, ესოდენ უანგარო და თავდადებული შრომისათვის, და კიდევ იმისთვის, რომ მიხეილ თუმანიშვილის სარეჟისორო სკოლის ასეთი ერთგული გამგრძელებელია. ქართული კულტურის „მებაღეებს“ კი შევახსენებდი – მეგობრობის ხიდს ისე ვერაფერი ამყარებს, როგორც ხელოვნების თანაზიარობა და ამ ხიდს განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.                                                                         

მერაბ გეგია

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი