მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურაც განიხილება (ექსკლუზივი) - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"?

17:21 10-20-2017
199

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სხვა რამდენიმე კანდიდატთან ერთად გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურაც განიხილება. 

მმართველი გუნდის ნაწილი მზად არის ომბუდსმენის პოსტზე სწორედ ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, მათ შორისაა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვანო ზარდიაშიაშვილიც, რომელიც "პრაიმტაიმთან" საუბრისას ნინო ლომჯარიას მიმართ სიმპატიას არ მალავს. 

"მე პირადად ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დავუჭერ. ვაკვირდებოდი მის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ჩემი თვალთახედვით, ის საკმაოდ წარმატებულად ართმევდა თავს საკუთარ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, მე პირადად მხარს დავუჭერ, თუმცა საბოლოოდ რას გადაწყვეტს გუნდი, ვერ გეტყვით. ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა. რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილმა პირველ ეტაპზე კარგად დაიწყო, თუმცა საბოლოოდ, შესაძლო ქულების ჩაწერის მიზნით, ობიექტურობა დაკარგა და არაერთ საქმეზე მოგვევლინა, როგორც სახალხო მბრალდებელი. ხშირად ყოფილა ისეთი საკითხები, როდესაც პროცესი ჯერ არ იყო დამთავრებული და არაადეკვატურ შუალედურ ანგარიშებს აქვეყნებდა, რაც ხელს უწყობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ინსტიტუციურად ის სრულიად დამოუკიდებელი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის წინა პერიოდზე", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" საუბრისას ვანო ზარდიაშვილი. 

ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება პირადად ნინო ლომჯარიასთანაც ვცადეთ, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ მკითხველს შევახსენებთ აუდიტის სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადების იმ ნაწილს, სადაც ლომჯარია სამომავლო გეგმებსა და შემოთავაზებებზე საუბრობს. 

"კონკრეტულ ადგილს და საქმიანობას ახლა ვერ გეტყვით და ვერ დავასახელებ. არის გარკვეული შემოთავაზებები და ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საჯარო სივრცეს და საჯარო აქტიურობას, მათ შორის იმ თემებსაც, სადაც მე მიმუშავია, ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.", - აღნიშნა ლომჯარიამ. 

ქვეყნის მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება. ის ამ თანამდებობაზე 2012 წლის 7 დეკმებერს აირჩიეს. საქართველოს პარლამეტნმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს უჩა ნანუაშვილის უფლებამოსილების გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 

კულუარებში აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, თუმცა არ არის გამორიცუხლი ნინო ლომჯარიას კანდიდატურამ მხარდაჭერა მოიპოვოს, როგორც მმართველ გუნდში, ისე სამოქალაქო სექტორშიც.  

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილედ 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლან არჩევნებს" ხელმძღვანელობდა.  2017 წლის ივლისიდან, მას შემდეგ რაც თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოვალეობასაც ასრულებდა, თუმცა ახალი გენერალური აუდიტორის არჩევის შემდეგ აუდიტის სამსახური დატოვა.