მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ხუხაშვილი მარგველაშვილზე: ხელმოწერა პოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება

18:42 10-19-2017
715

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც ერთი კვირის წინ ვეტო დაადო, ხელი მოაწერა.  მან გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევები დაასახელა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის რთულია ხელი მოაწეროს ,,ერთპარტიულ კონსტიტუციას“, თუმცა დგამს ამ ნაბიჯს, რადგან თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია.

ექსპერთ გია ხუხაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი  კონსტიტუციას ხელს არ მოაწერდა. ამის შესახებ მან ,,პრაიმტაიმთან“ განაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი ექსპერტი  გიორგი მარგველაშვილის ქმედებებს არათანმიმდევრულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელმოწერა იმ პოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება, რომელსაც  პრეზიდენტი ამ დროის განმავლობაში მიჰყვებოდა.

- ბატონო გია, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არცევნებამდე ერთი დღით ადრე, რას ფიქრობთ რას უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის მოლოდინი არ არსებობდა?

ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არჩევნებს ნაკლებად უკავშირდება, იმიტომ რომ მას ჰქონდა შეზღუდული ვადა, რომ უნდა მოეწერა ან არ უნდა მოეწერა ხელი.

- თუმცა ვადა 24 ოქტომბრამდე ჰქონდა, არჩევნების შემდეგაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება...

მაინც შეზღუდული  ჰქონდა.  წმინდა ტექნიკური მიმართულებით მნიშვნელობა არ ჰქონდა მოაწერდა თუ არა ის ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმიტომ რომ  პარლამენტს ყველა ინსტრუმენტი ჰქონდა, რომ მისი ხელმოწერის გარეშე  კანონი მაინც ძალაში შეეყვანა. წმინდა პოლიტიკურ პრიზმაში რომ გავხედოთ მისი ნაბიჯები თანმიმდევრულად არ მიმაჩნია. მე არ ვიცი რა საფრთხეებზე საუბრობდა. შეიძლება მას მეტი ინფორმაცია აქვს.. რა არასტაბილურობას პროგნოზირებდა იმ შემთხვევაში თუ ხელს არ მოაწერდა არ ვიცი... მეჩვენება, რომ მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად არათანმიმდევრულია, მაშინ როცა, თავის დროზე, არ დანიშნა სესია, რითაც თავის პროტესტს გაუსვა ხაზი. დღეს მისი მხრიდან ხელმოწერა არ ჯდება იმ პოლიტიკურ ხაზში, რასაც ის ავითარებს და ავითარებდა ბოლო პერიოდში. თუ მას რეალური კონსენსუსი სურდა, იყო ასეთი წინადადებები და ამ გზისთვის უნდა მიემართა. თუ მან გადადგა პოლიტიკური ნაბიჯი და პარტიებთან ერთად წავიდა რაღაც მიმართულებით, მაშინ მისი მხრიდან, დღეს კანონზე ხელმოწერა ამ პოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება. რით არის ეს ყველაფერი განპირობებული და რატომ არის ის არათანმიმდევრული, ამაზე კონკრეტული დასკვნის გაკეთება გამიჭირდება.

- მის მიერ ხელის არმოწერა არაფერს ცვლიდა, რადგან ეს დისკრეციაა და არა ვალდებულება.  ეს იყო პოლიტიკური შანსი და რატომ არ გამოიყენა რას ფიქრობთ?

მარგველაშვილის ბოლო ნაბიჯები, ვეთანხმებოდით თუ არა მას, პოლიტიკურ ჩარჩოში იყო მოქცეული. დღევანდელი ხელმოწერა ამ პოლიტიკური ლოგიკიდან. მე გარკვეული უკმარისობის გრძნობა დამრჩა თუ ასეთი ფინალი უნდა ყოფილიყო  რა ხდებოდა აქამდე გაუგებარია.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის მიერ ხელის მოწერა ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის?

ამის პროგნოზირება რთულია. პრეზიდენტს რამდენადაც ვიცნობ, მისთვის ხელისუფლება უფრო ტვირთია, ვიდრე ძალაუფლება. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ პროცესისა ის მაინც ეცდებოდა კენჭი არ ეყარა, მისთვის პრეზიდენტობა სასიამოვნო საქმიანობა არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ მის გადაწყვეტილებებში, არათანმიმდევრულობა და წინააღმდეგობა შეიმჩნევა,  მის შემდგომ ნაბიჯებზე გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. 

- ყველა ელოდებოდა, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა და გაემიჯნებოდა მმართველ გუნდს, მისი ხელ მოწერა არჩევნების წინ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლებას უჭერს მხარს?

- ამ კავშირს გადაწყვეტილებაში ვერ ვხედავ. არასწორად მიმაჩნია, მისი ხელმოწერის არჩევნებთან დაკავშირება. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი