მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

რა ჯდება ბიორკის საქართველოში ჩამოყვანა? - ,,ბიუჯეტიდან ერთი გრამი არ დახარჯულა"

17:57 10-16-2017
321

ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის საქართველოში ვიზიტი ხმაურიანი განხილვის საგნად იქცა. საზოგადოების პროტესტი კონცერტის  ბილეთების მაღალმა ფასმა გამოიწვია. ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება და 570 ლარამდე აღწევს. პრობლემა კი ის არის, რომ 50-80 ლარიანი ბილეთები სცენის მხოლოდ ყველაზე ბოლო რიგს მოიცავდა, დარჩენილი ბილეთების ფასი კი 200, 300, 500 და 570 ლარია. ბილეთების ფასთან დაკავშირებით, SOU festival-ის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში, განცხადებაც გაავრცელეს. 

,,ვინაიდან ბიორკის კონცერტის ხელმისაწვდომობის საკითხმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ვხედავთ აუცილებლობას, განვმარტოთ, რატომ არის ბილეთების ფასი ყველაზე იაფი, რისი შემოთავაზებაც შეგვეძლო.

ნამდვილად არ გვჭირდება იმის ახსნა, რომ საქართველოში 300 ლარის საშუალო ფასთან მიმართებაში „იაფი“ დამაჯერებლად არ ჟღერს, თუმცა თუკი გადავხედავთ ბიორკის კონცერტების საშუალო ფასს მთელს მსოფლიოში (გასული 12 თვის განმავლობაში ბიორკის კონცერტზე დასასწრებად რამდენჯერმე მეტს, საშუალოდ არანაკლებ 900 ლარის ექვივალენტს იხდიდნენ, ყველაზე ძვირადღირებული ბილეთების ფასი 5,212 ლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე იაფი – 190 ლარს) ნათელია, რომ SOU-ს ფარგლებში ამ რანგის კონცერტზე მოსახვედრად გადასახდელ ფასთა დიაპაზონი მართლაც მინიმალურია", - ვკითხულობთ იმ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ბიორკი საქართველოში ჩამოყავს

მას შემდეგ, რაც ბიორკის მასპინძელი კერძო კომპანია SOU festival-ი ბილეთების არაადეკვატური ფასის გამო გააკრიტიკეს დაიწყო საუბარი რამდენი იხარჯებოდა პროექტში, ვინ იხდიდა თანხას და რა მოგებას ნახავდა სახელმწიფო. 

,,გირჩის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით, კონცერტს ეკონომიკის სამინისტრო აფინანსებს. 

ზურა ჯაფარიძე: ,,ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ბიორკი ჩამოჰყავთ, ფინანსდება ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიის მიერ ზოგადად, Check in Georgia-ს პროექტებს კულტურის სამინისტრო აფინანსებს ხოლმე, მაგრამ ეს ფესტივალი რატომღაც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაიბარა (შესაძლოა კვალის არევის მიზნით :))

(წყარო: http://www.economy.ge/?page=news&nw=178)

ქვემოთ სქრინშოთზე შეგიძლიათ ნახოთ რა ღირს ბილეთი ბიორკის კონცერტზე

მეორე კონცერტიც არის, სადაც ყველაზე იაფი ბილეთი 200 ლარი ღირს

ვინ შეძლებს ამ ბილეთების ყიდვას და კონცერტზე დასწრებას?

ცხადია მხოლოდ შეძლებული ფენა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ვინც ამას გააკეთებს შეძლებული ფენის წარმომადგენელია ამ ქვეყნის სტანდარტებით, მიუხედავად იმისა თავად როგორ თვლის)

ანუ, რომ შევაჯამოთ, რა ხდება:

1. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში და ძალიან დიდი ნაწილი - უკიდურეს სიღატაკეში, ეს უბედური ხალხი იხდის გადასახადებს, რომლითაც ვიღაც პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ვიღაც ჩინოვნიკები აფინანსებენ სხვადასხვა 'ბიორკის კონცერტებს', რომელსაც ესწრებიან მხოლოდ შეძლებული ადამიანები, მათ შორის იგივე გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები და იგივე შემსრულებელი ჩინოვნიკები

2. ეს პოლიტიკოსები და ეს ჩინოვნიკები ეუბნებიან ამ უბედურ ხალხს რომ ამას მათივე კეთილდღეობისთვის აკეთებენ, რადგან სხვადასხვა 'Check in Georgia'-ები თურმე ტურისტებს მოიზიდავს და აქედან მათაც ექნებათ ხეირი (პენსიებს და სოც. დახმარებებს გაუზრდიან)

3. უბედური ხალხი სამადაა გაყოფილი: ერთნი კმაყოფილნი არიან - ,,ეეე ბიორკი ჩამოდის ტო". მეორენი იგინებიან ასე ძვირი რატომ ღირსო. მესამენი იგინებიან ბიორკი რა ჩამოსაყვანი იყო, ჩვენ რედიოჰედი გვინდოდაო

არადა, მარტო კულტურის და ეკონომიკის სამინისტროები რომ გავაუქმოთ, გარდა იმისა რომ ბევრ ასეთ წარმოუდგენელ, ირაციონალურ, უსამართლო, სამარცხვინო და იდიოტურ რაღაცეებს აღარ გავაკეთებთ, პლიუს 370,000,000 ლარს დავზოგავთ მომავალ წელს", - ვკითხულობთ ზურა ჯაფარიძის განცხადებაში. 

,,პრაიმტაიმი" დეტალების გასარკვევად და ინფორმაციის გადასამოწმებლად ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. სადაც განგვიმარტეს, რომ სახელმწიფოს ბიორკის კონცერტში ,,ერთი გრამი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან" და მისი ჩამოყვანის საკითხს ორგანიზებას SOU Festival - ი უწევს.

,,ჩვენ  сheck in Georgia - ს ფარგლებში მხოლოდ ტექნიკური დახმარება გავუწიეთ. თანხა არ გადაგვიხდია და შესაბამისად, არც მოგებას ველოდებით", - განუმარტეს ,,პრაიმტაიმს" ეკონომიკის სამინისტროში. 

თუმცა, SOU Festival -ი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:,,SOU 2017-ზე დასწრების სიიაფე, კერძო სპონსორებთან ერთად, განაპირობა სახელმწიფოს გულითადმა თანადგომამ და მსხვილმა ფინანსურმა მხარდაჭერამ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში. ბიორკის კონცერტი იგივე საკონკურსო წელს ტარდება, შესაბამისად ფულადი მხარდაჭერის იმედი სახელმწიფოსგან ვეღარ გვექნებოდა. ბიორკის ღონისძიებისთვის სახელმწიფოს როლი გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ (!) ტექნიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით Check in Georgia-ს". 

კითხვით თუ რა ჯდება ბიორკის საქართველოში ვიზიტი,  ,,პრაიმტაიმმა" კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფს მიმართა. როგორც SOU Festival -ის წარმომადგენელმა ეკატერინე ადეიშვილმა ,,პრაიმტაიმს" განუცხადა, ამ ეტაპზე ისინი პროექტის ხარჯებს ვერ გაასაჯაროვებენ. ოთხშაბათს ჩატარდება  საჯარო პრესკონფერენცია, სადაც SOU Festiva-ი ფინანსურ საკითხზე დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს. 

მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემამდე კი მათ, ვინც ბილეთის ყიდვა შეძელით შეგახსენებთ, რომ ბიორკის სოლო კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე.