არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

გიორგი მარგველაშვილი: 90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას სჯიდა კონფლიქტებითა და დაპირისპირებით

10:31 10-12-2017
22

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისგან, როგორც გაერო-ს უსაფრთხოების წევრი ქვეყანისგან მსგავსი ქმედებები არ უნდა ხორციელდებოდეს. 

„არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სულ დასაწყისიდანვე, 90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაბიჯებს გახდეს მართლაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა, თავიდანვე სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა და მას ტერიტორიული მთლიანობა დაუკარგა. ეს ტენდენცია სამწუხაროდ გრძელდება დღესაც, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე. ზღუდავს ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის და ამას ახორციელებს ფაქტიურად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. 

ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სწორედ როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ,,საქართველო 25 წლის განმავლობაში, თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ეს გამოწვევები თავიდანვე მომდინარეობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან".