არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად

10:23 10-12-2017
26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავდაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფაა, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები. საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად. მკაფიოდ და სათანადოდ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, წესრიგდება და იმიჯნება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება.

”საქართველო და ცივილიზებული სამყარო დღეს დგანან უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშვიდობის მოსურნე სახელმწიფოების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით და საერთო ღირებულებებზე შეთანხმებით, ყველა დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი. საქართველო მზადაა, კვლავაც დარჩეს ნატო-ს და მისი მეგობარი ქვეყნების ერთგულ და ღირსეულ პარტნიორად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.