არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

შიშველი გოგონების ცეკვა ტყეში, კუდიანებზე ნადირობა და თოკზე ჩამოკიდებული ადამიანები - exclusive

13:37 10-10-2017
603

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უფროსი თაობის მაყურებელს ისტორიულ დრამა შესთავაზა. 5 ოქტომბერს არტურ მილერის „სეილემის პროცესის“ პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგა. 
1692 წელს, მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია – პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი „ბავშვური“ თამაში, რომელიც საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზარდა. ორად გახლეჩილი საზოგადოება, „კუდიანებზე ნადირობა“ და ადამიანთა ბედით თამაში, სიყვარული და შურისძიება, უფლის სახელით ჩადენილი ცოდვა და ცხოველური ვნებები, რომელსაც ხალხი მასობრივ ისტერიამდე მიჰყავს.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პიესა ამჯერად რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გააცოცხლა სცენაზე, პიესის ადაპტირებული ვერსიაც მას ეკუთვნის. პიესის თარგმანი ეკუთვნით: ქეთევან ლორთქიფანიძესა და თემურ ჩხეიძეს.  მხატვარი ლომგულ მურუსიძე გახლავთ, მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფი – გია მარღანია, რეჟისორის თანაშემწე კი თამაზ ქარაული გახლავთ.
უნდა აღინიშნოს საოცარი მუსიკალური გაფორმება, რომელიც ადეკვატურ შეგრძნებებს ტოვებს და მთლიანად გადაყავხარ სამყაროში, რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ვახო ჩაჩანიძე, თამარ მამულაშვილი, თეკლა ჯავახაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, კახაბერ ჭოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, გიორგი კაჭახიძე, ია ჭილაია, გიორგი მაისურაძე, ირინე კუკულაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ჭანუყვაძე, ნათია კუპატაძე, ლელა მახნიაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, შალვა ანთელავა. 
„სეილემის პროცესი“ თბილისში მანამდე სხვადასხვა თეატრებში დაიდგა და ქართული თეატრის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სპექტაკლად მიიჩნევა. ალბათ, ამიტომაც პრემიერას სხვა თეატრების მსახიობები და რეჟისორებიც ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უცხოელი თეატრალებიც, რომლებისთვისაც სცენის მაღლა სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ინგლისური სუბტიტრები გადიოდა. 
ნინო ლეჟავა:
– ეიფორიაში ვარ. ვნერვიულობდი, როცა ეს სპექტაკლი იდგმებოდა. საკმაოდ მძიმეა დასადგმელადაც და სათამაშოდაც, მაგრამ ძალიან საინტერესო და ბევრისთვის საოცნებო როლებია სპექტაკლში. ამის მიუხედავად მქონდა შიში იმისა, ეყოლება თუ არა მაყურებელი ამ სპექტაკლს, რადგან სმენადობის პრობლემა ყოველთვის არის თეატრში. დღეს ვნახე სრული ექშენი. ბრავო, დიმას! დღეს ხუმრობით ვუთხარი კიდეც, ახლა ნამდვილად მჯერა, რომ მართლა 19 წელი ფიქრობდი ამ პიესაზე-მეთქი. ზუსტი მუსიკალური გაფორმება, საოცარი სცენოგრაფია, ქორეოგრაფია – გია მარღანია თავის სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის, და მსახიობების ბოლომდე დახარჯვა. კიდევ ერთხელ ამაყი ვარ, რომ კიდევ ერთი კარგი სპექტაკლი გვაქვს რეპერტუარში მოზარდელებს.
ვახო ჩაჩანიძე:
– ისეთი მძიმე პიესაა, ნამდვილ ფაქტებზეა აგებული და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. რთული იყო იმ მხრივაც, რომ ერთი თვე გვქონდა მხოლოდ პრემიერამდე, ძალიან ცოტაა ამ პიესისთვის და მგონიმ ეტყობოდა კიდეც პრემიერას. რაღაც დამაკლდა, არ ვიცი, თავმდაბლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მუშაობა მაკლია. მგონი, ყველა ასე ვართ. 
– მოღალატე ქმრის როლი მოირგე, როგორია ამ ტყავში შეძრომა?
– ყველა ტყავში, ყველა როლში შეძრომა საინტერესოა. იმიტომ რომ შენი ტყავიდან გამოდიხარ და სხვისას ირგებ. 
– ვინ არის შენი მთავარი შემფასებელი, ვისი აზრი გაინტერესებს ხოლმე ყველაზე მეტად პრემიერის შემდეგ?
– ბავშვობის ძმაკაცი მყავს, რომელიც ახლა აქ არ არის, მაგრამ მის შეფასებას ყოველთვის ველოდები ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ აქვს ამ სფეროსთან, ყოველთვის ზუსტად „არტყამს“ ხოლმე წერტილებში. ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელი უბრალო მაყურებელია, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს თეატრთან, გარდა იმისა, რომ უყვარს თეატრი. 
– რა იყო მთავარი სირთულე ამ როლში?
– ბევრი ხაზი აქვს. ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. თან მოღალატე ხარ, თან გულწრფელი, კარგი ადამიანი. თან ვაჟკაცი ტიპია, სულ ბარიერები აქვს, ცოლი დაიჭირეს, იგებს, რომ ფეხმძიმედაა, სიმართლეს ვერ ამტკიცებს... ჩემი გმირის გარყვნილობის გამო ხდება ყველა უბედურება მის თავს და არა მხოლოდ მის თავს. სულ ისეთი ხაზებია გასავლელი, მართლა თითის წვერზე უნდა იარო, რომ ყალბი არ გამოვიდეს, რომ სწორად დაანახო შენი გმირი მაყურებელს.

ეკა ჩხეიძე:
– ეკა, განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე სხვა თეატრის მსახიობის შეფასება პრემიერაზე. რას იტყვი, მოგეწონა სპექტაკლი?
– არამხოლოდ სხვა თეატრის მსახიობი ვარ, მე ვითამაშე ამ სპექტაკლში წლების წინათ. მარჯანიშვილში დავდგით ეს პიესა 20 წლის წინათ. თემურ ჩხეიძემ დადგა. მე აბიგაილს ვთამაშობდი. ფაქტობრივად დღეს მეორედ გავიარე ეს ემოცია. სხვა თვალით ვუყურებდი, სხვა შეგრძნებებით. მომეწონა. დიმა ჩემი მეგობარია. ვულოცავ პრემიერას. 

პრემიერა შედგა. ბისზე ორჯერ გამოვიდნენ მსახიობები. კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს მაყურებელს დასის სიძლიერე და გუნდურობა. განსაკუთრებული აპლოდისმენტები ვახო ჩაჩანიძისა და თამარ მამულაშვილის წყვილმა დაიმსახურა.

P.S. სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი