არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

11:27 10-10-2017
2438

აზიური ფაროსანა - მწერი, რომელმაც დასავლეთ საქართველო მოიცვა და მოსავალი გაანადგურა ამჯერად აღმოსავლეთისკენ მოიწევს.  დედაქალაქის რამდენიმე უბანს, სკვერებს, ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებს სავარაუდოდ აზიური ფაროსანა შეესია. მწერი, რომელიც ძალიან ჰგავს ფაროსანას ვაკის პარკში შენიშნეს. დადასტურებით იმის თქმა, რომ თბილისში ნამდვილად აზიური ფაროსანა შენიშნეს, ლაბორატორიული  დასკვნის გარეშე არასწორი იქნება, თუმცა დასავლეთში, ფაროსანას ადგილობრივები უკვე სახლებში, სათავსოებსა და ტანსაცმელშიც კი პოულობენ.

რა უნდა ვიცოდეთ მწერის შესახებ, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მოსახლეობის თავისტკივილად იქცა? 

რა არის აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანა წარმოადგენს კუსებრ ბაღლინჯოს,  რომელიც დაფრინავს და აზიანებს თითქმის ყველა სახის აგროკულტურას – მარცვლოვანს, ხეხილს, ბოსტნეულს და ის სამეგრელოში 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელმა განსაკუთრებულ ზიანი მიაყენა: თხილს, სიმინდს, სოიოს, თუთას და ბოსტნეულს, თუმცა ეს მწერი ყველა ტიპის მცენარეს გარკევულ ზიანს აყენებს და დაავადებების გადამტანია. გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოდან ფაროსანა იწყებს კვებას. ამავე პერიოდში, ფოთლების ქვედა მხარეს დებს კვერცხებს. 1 ფაროსანა დაახლოებით 200 ცალ ბაღლინჯოს შობს წელიწადში. უნდა აღინიშნოს, რომ გამოზათრებას იოლად ახერხებს, რადგან ცივი ამინდები და ყინვები ვერ აზიანებს მას. ძირითადად, შენობების სახურავებსა და ნაპრალებში იზამთრებს. 2015 წლიდან დღემდე, წელიწადში 200-ჯერ გამრავლებული ფაროსანას პოპულაციამ სამეგრელოში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. 2017 წელს, მწერის მიერ სამეგრელოს რეგიონისთვის მიყენებული ზარალი ოფიციალურად დათვლილი არაა, თუმცა უხეში გათვლებით, მხოლოდ თხილიდან მიღებული ზარალი 60 მილიონ ლარს აღემატება. 

 

რა ზიანი მიაყენა აზიურმა ფაროსანამ 2016 წელს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს?

მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი (ნიმფა) აზიანებს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს. განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს , პამიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინს.

როგორია აზიური ფაროსანას სიცოცხლის ციკლი?

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას  ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში  ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან  (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ  გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს სურათით - ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

როდის არის საზიანო მავნებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის?

მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.

 

რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მოსახლეობამ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ (მექანიკური ღონისძიებები)?

მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა  შეაგროვოს და  მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.

 

რა პრეპარატებით შეიძლება აზიური ფაროსანას შეწამვლა და როდის?

მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები.საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები - ტალსტარი, ინსეკარი.  პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 - 1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.

 

 უსაფრთხოების რა ნორმები უნდა იქნას დაცული პესტიციდების გამოყენებისას?

პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ  ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!

  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!

 

 რა აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიიღოს ცხელი ხაზის ოპერატორმა მოსახლეობისგან?

მიღებული შეტყობინება ივსება სპეციალურად შედგენილ ექსელის ფაილში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის. უნდა ვეცადოთ, ყველა გრაფა იყოს შევსებული, რომელიც მნიშვნელოვანია მავნებლის გავრცელების ლოკაციის დასადგენად.

ზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად  შექმნილია ცხელი ხაზი 

სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)

გურია - 16006 (ზარი უფასოა)

იმერეთი - 16 601 (ზარი უფასოა)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01

 

როგორ უნდა ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას?

მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ქიმიური წამლობა, აგრეთვე მექანიკური მეთოდების გამოყენება. საინტერესოა უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები და გამოცდილება.

ბრძოლის ეფექტიან მეთოდებზე იხილეთ თანდართული ბმულები:

 

 



ავტორი: სალომე ჩადუნელი