მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობა ცეცხლისთვის მხოლოდ წყლის მისხმას არ ნიშნავს - ბორჯომის გამგეობა მიღებულ პრემიებზე განმარტებას აკეთებს

16:29 09-13-2017
179

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გამგეობის რამდენიმე თანამშრომლის მიერ ფულადი ჯილდოს მიღების საკითხს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე ეხმაურება. ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამო პრემია მიიღო. 

როგორც ანზორ სვანიძემ ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმს" განუცხადა, ბორჯომის გამგეობამ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით მიიღო, რომლის მიხედვითაც ყველა ვინც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა პრემიებით იქნებოდა წახალისებული. 

,,იმის შემდეგ რაც, გაჟღერდა მთავრობის სხდომაზე, ყველა ვინც მონაწილეობდა სალიკვიდაციო სამუშაოებში, წახალისდება,  მუნიციპალიტეტმა თავისი თანამშრომლები, 11 პიროვნება, მათ შორის სამი მძღოლი, რომელიც  მონაწილეობდა ამ 8 დღის განმავლობაში სამუშაოებში და კონკრეტულად ეს ადამიანები წაახალისა სხვადასხვა თანხებით. ეს ადამიანები საპრემიო ფონდიდან წახალისდნენ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში", - განაცხადა ანზორ სვანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ  აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ. 

ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

მისი თქმით, ის საკითხი თუ რატომ არ ჩაერიცხათ მეხანძრე-მაშველებს ამ დროის განმავლობაში პრემია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციაში არ ჯდება და შსს-ს პრეროგატივაა. 

,,მეხანძრე- მაშველების მეასედი საქმიანობა არ გაგვიწევია, რა თქმა უნდა, მაგრამ მეხანძრეები ჩვენ დაქვემდებარებაში არ იმყოფებიან. ეს არის შსს-ს პრეროგატივა და ჩვენს თანამშრომლებზე გაიცა პრემიები. რომელ არგუმენტზეა საუბარი 8 დღე-ღამე სახლში არ ვყოფილვართ და ტანსაცმელი არ გამოგვიცვლია, როდის ვჭამდით და როდის გვეძინა არ ვიცოდით. ცეცხლისთვის პირდაპირი მნიშვნელობით წყალი არ მიგვიხსია, მაგრამ სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობა ცეცხლისთვის მხოლოდ წყლის მისხმას არ ნიშნავს, იქ სხვა ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი. შტაბის მიერ გამგეობას და გამგებლის შემდეგ კიდევ თანამშრომლების კონკრეტული დავალებები გვქონდა", - განუცხადა ,,პრაიმტაიმს" ანზორ სვანიძემ. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი