მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

17:13 09-12-2017
26

13-14 სექტემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართება.

ფორუმს თბილისის მერი, დავით ნარმანია დაესწრება. ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად.

წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.

ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის  50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.

ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით; ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართვლობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილებების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.

ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“  წარდგენა მოხდება. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.