დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

პაციენტის ცოლის შეტანილი წამალი ნარკოლოგიურში და პატიმრებად ქცეული პაციენტები - რეპორტაჟი თბილისის ნარკოლოგიურიდან - exclusive

13:31 09-11-2017
1142

– გამარჯობა, ლამარა ექიმი არის? – იკითხა თბილისის ერთ-ერთი ნარკოლოგიურის მისაღებში პაციენტის „ხელისმომკიდემ“. ხელისმომკიდე იმიტომ დავარქვი, რომ გვერდში მდგომს ეხმარებოდა. პაციენტი, შუახნის მამაკაცი, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, ცალ ფეხს მიითრევდა და უცნაურად ბედნიერი გამომეტყველებით გვიმზერდა მოსაცდელში მყოფთ. 
მოსაცდელი კი არაერთი ასეთივე უცნაურად ბედნიერთვალებიანი პაციენტით იყო სავსე... რეაბილიტაციის ცენტრი მათთვის ერთადერთი იმედია, იმედი მომავლის, რომელიც ამ დაწესებულების კარიდან იწყება. უკან ყველაფერ ცუდს ტოვებენ და წინ თეთრხალათიანებისკენ მიდიან. ზოგი საკუთარი ნებით, ზოგიც – ძალდატანებით. იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. პაციენტები ერთმანეთს ესალმებიან. თუ ახალი ხარ, ცდილობენ კონტაქტში შემოვიდნენ, თავი უცხოდ რომ არ იგრძნო. 
– ვინ მელოდება? გამოჩნდა ლამარა ექიმიც. 
– ჩვენ, – ერთდროულად წამოდგნენ მოსაცდელის სავარძლიდან პაციენტი და ხელისმომკიდე. 
– როგორ ხარ, დიდი ხანია არ გამოჩენლიხარ...
– 5 წელია არ დამილევია. ბოლო ორი თვეა შევყევი, პრობლემები შემხვდა.  
– ბოლოს როდის დალიე?
– გუშინ და აღარ მინდა... ამპულა მინდა ჩავიდგა.
– აქ მოსვლას აპირებდი და გუშინ დალიე? – გაბრაზდა ლამარა ექიმი, – დაწოლა მოგიწევს, ნებისყოფა თუ არ გყოფნის...
– ჰო, – თავი ჩაღუნა პაციენტმა და უკან გაჰყვა ექიმს... 
ჩვენ წინ უზარმაზარი რკინის კარი გაიღო.  პაციენტი, ხელისმომკიდე და ექიმი კარის ზღურბლს მოეფარნენ. 
– ეჰ, რა იცის, სად მიდის, – ჩაილაპარაკა ჩემ გვერდით მჯდომმა მამაკაცმა. მას ქალი ახლდა.
– რატომ, იქ რა ხდება? – ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა ჩემში.
– საგიჟეთია, ჩვეულებრივი საგიჟეთი. ნევროზს დაგმართებენ. სულ რომ არაფერი გჭირდეს, ავადმყოფი გამოდიხარ იქიდან. 2008-ში მომიწია მეც... ძილის წამლებს ვითხოვდი, რომ ნარკომანების ღრიალი არ გამეგო. 
– თქვენ რატომ მოხვედით?
– ალკოჰოლის გადაგდება მინდოდა მაშინაც და დღესაც... ციხეა, იქ აღარ დავწვები. ფანჯრებს გისოსები აქვს. შიგნით არავის უშვებენ. ტელეფონი  არ გაქვს, არც ტელევიზორი... გვერდით ნარკომანები ყვირიან, გამიჩხირეთ, ვკვდებიო... თუ შენც არ აფრენ, გაგარეკინებენ. 
– მნახველებს არ უშვებენ?
– ცოტა ხნით, ერთი საათით. ჩემ გვერდით პალატაში ნარკომანი იწვა. ცოლი შემოდიოდა ყოველდღე და საჭმელი მოჰქონდა. არ ვიცი, როგორ დაკერა ცოლი, ბიჭებს, პაციენტებს ფული ააგროვებინა და წამალი შემოატანინა ცოლს. ერთ დღესაც გაიჩხირეს ბიჭებმა, ერთს ბევრი მოუვიდა და გადავარდა. ეს ამბავი გასკდა. ცოლიც გასროკეს და დააკავეს ყველა პაციენტი, ვისაც წამალი ჰქონდა გაკეთებული. 
– უსაფრთხოება არ არის დაცული? არ ჩხრეკენ შემოსულ მნახველებს?
– როგორ არა, აი, ის ზორბა კაცი რომ დგას ფორმის გარეშე, დაცვაა. ყველას ჩხრეკს, მაგრამ რაღაცნაირად გაეპარა, ეტყობა. ზედოზირება რომ არ მომხდარიყო, შერჩებოდათ ბიჭებს წამალი. მერე კიდე შემოატანინებდნენ და ასე... ან ის ქალი რამ გამოაშტერა, ქმარი სამკურნალოდ გიწევს, დღეში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდი და წამალი შემოგაქვს?! ყველას ჩაუტარეს ანალიზი, მეც მათ შორის, და ვისაც სისხლში წამალი აღმოაჩნდა, წაიყვანეს. ასე გახდნენ პაციენტები პატიმრები. 
– რა ღირს აქ ერთი დღე-ღამით დაწოლა?
– მაშინ 150 ლარს ვიხდიდი. 3 დღე დამჭირდა. მაგრამ გარეთ რომ გავედი, კიდევ წამლებს ვსვამდი. ერთი პრობლემა მოვიშორე და მეორე დამემართა – ნევროზი! ნარკომანებს უფრო მეტი სჭირდებათ, სრულად რომ გაიწმინდონ სისხლი... მერე გადიან და თავიდან იწყებენ. 
– თქვენ სისხლი გაიწმინდეთ მხოლოდ?
– სისხლი გავიწმინდე  და ნემსი გავიკეთე ორწლიანი. ამ პერიოდის განმავლობაში არ დამილევია სასმელი. ჩიტივით ვიყავი... გავიდა ორი წელი და მივეპარე... ნებისყოფა არ მივარგა... აზარტულ მოთამაშესავით ვარ... ლუდს რომ ვხედავ, ხელი გამირბის... სუსტი ადამიანების ხვედრია აქ მოხვედრა...
– ქალებიც მოდიან?
– იშვიათად მინახავს. უფრო ღამით, კონსპირაციულად. ფანჯრიდან ქუსლების კაკუნს რომ გავიგებდით, ვიყურებოდით, მაგრამ სიბნელეში სახეებს რას გავარჩევდით. არ ვიცი, რატომ მოდიოდნენ ღამით, ცნობილები იყვნენ თუ, უბრალოდ, რცხვენოდათ. დაწოლით არავინ დაუწვენიათ, მოდიოდნენ, გადასხმას იკეთებდნენ და მიდიოდნენ. ჩვენ იმათ ვინ დაგვანახვებდა. ეს ისედაც დახურული ზონაა, აქ პაციენტების ანონიმურობა დაცულია.
– მოიყვანეს, – აჩქარებული ნაბიჯით და აკანკალებული ხმით შემოვარდა მისაღებში თეთრხალათიანი (სავარაუდოდ) ექთანი... – ვინ მოიყვანეს, იკითხა რეგისტრაციისთვის განკუთვნილ კუთხეში მჯდარმა ახალგაზრდა ქალმა. აი, ის, გუშინ რომ მოიყვანეს და აგვაწიოკა, გადაჭრილი ვენები რომ ჰქონდა... შეხვეული აქვს ხელი. თქვენ იცით ახლა, მაქსიმალურად მშვიდად პასუხობთ ყველა კითხვაზე...
ამასობაში კარიც გაიღო, ორ მამაკაცს ხელკავი გაეკეთებინა მესამისთვის, შუაში მოექცია და ამშვიდებდა, –  ხომ თვითონ გინდოდა, ნუღარ ხტუნავ, ყველაფერი იქნება კარგად.! შემოვიდა თუ არა,  ყველას თვალი მოგვავლო, დიდრონი, ფართოდ გახელილი და შეშინებული  შავი თვალები ჰქონდა. თქვენი დედა მ...ან, აქ რა მინდა, რას მიყურებთ, სად არის ჩემი ექიმი! – ყვიროდა აგრესიული პაციენტი. ყვირილზე ექიმიც გამოვიდა, დაცვამაც მოირბინა და კაბინეტში შეიყვანეს აგრესიული ბიჭი.
– ეს ის კატეგორიაა, წამლის რეკლამას რომ აკეთებს ყველასთან, მერე აქ მოდის და მკურნალობას გადის... განაგრძო მოყოლა ჩემ გვერდით მჯდარმა პაციენტმა, ქალი რომ ახლდა.
– იცნობთ?
– არა, ამას არა, მაგრამ ასეთებს – ბევრს. ნახალოვკელი ვარ, იმისთანები მინახავს... ერთი იწვა ჩემთან ადრე,  2008-ში, მარიხუანით დავიწყე კაიფიო, მიყვებოდა. მერე მივეჩვიე და უფრო და უფრო ძლიერი მინდოდა, ჩვეულებრივი ლომკა მეწყებოდაო. ბიჭები კაიფობდნენ ჩემს უბანში ჩემ თვალწინ და მე არ მიკეთებდნენ, პატარა ხარო. ერთხელ იმათი მოხარშული გავათბე და თვითონ გავიკეთეო. მაშინ მიეცა აზრი ჩემს ცხოვრებასო. რომ ვკითხე, აქ რატომ ხარ,  აღარ გინდა ცხოვრებას აზრი ჰქონდეს-მეთქი, გაჩუმდა. ვეღარ გააგრძელა ტრაბახი...
– შენ რატომ ხარ აქ?
– ცხოვრება მინდა შევცვალო, საცოლე მყავს, ნერვიულობს, არ მინდა ვანერვიულო. ცუდი სიმთვრალე არ მაქვს, უბრალოდ, გადაბმა მიწევს და მერე ცუდი ნაბახუსევი, შიშები მაქვს. მგონია, შვება სასმელშია და ისევ იქით გავრბივარ, სადაც სინამდვილეში ავადმყოფობის მეტი არაფერია. მერე საჭესთან ვჯდები და... უკვე ორი მანქანა დავამტვრიე მთვრალმა. ერთხელ „ლიშენიაც“ ავიკიდე.  დავიღალე... მშვიდი ცხოვრება მინდა.
ამ დროს ექიმის კაბინეტის კარი გაიღო, აგრესიული პაციენტი საკაცით შეიყვანეს ზემოხსენებულ რკინის კარში. ბოლომდე არ ეძინა, მაინც ჩხუბობდა, ოღონდ თვალდახუჭული და ხელებსაც ისე იქნევდა, თითქოს „სამაიას“ ცეკვავსო.
– მკურნალობის კურსი როგორია, – განვაგრძე კითხვების დასმა თანამოსაუბრესთან...
– სხვადასხვაგვარი, ყველა პაციენტთან ინდივიდუალური. გადასხმებს გიკეთებენ, სისხლს გიწმენდენ და საძილე საშუალებებს გაძლევენ. წამლები თავად შემოაქვს ექიმს, შეფუთვის გარეშე გასმევენ, რომ არ ნახო, რას სვამ. იქვე გიდგას ექიმი, სანამ დალევ, ზოგი ატყუებს და ამიტომ. 
– ლევან, შემოდი, – დაუძახეს ჩემს ინფორმატორსაც. წარმატებები ვუსურვე და კიბეზე დავეშვი... გამიმართლა, ისეთი მოლაპარაკე შემხვდა, საუბარიც თავად დაიწყო და არც უკითხავს, ამდენ კითხვას რატომ ვსვამდი. 
მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა ეშველებოდათ ამ ადამიანებს, ასეთი დაწესებულებები რომ არ არსებობდეს და რატომ არის ფასიანი მსგავსი ავადმყოფების მკურნალობა.  ეს უკვე „პრაიმტაიმის“  სხვა ნომრის თემაა. 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი